9 რამ, რაც უნდა შეღებოთ ინტერიერის ახალ დონეზე ასაყვანად

ყველაზე ლამაზი და თანამედროვე ინტერიერიც, რომელშიც დიდი ძალისხმევა იქნა ჩადებული, დროთა განმავლობაში გვბეზრდება. თუ განახლება გსურთ, მაგრამ მაღაზიაში ახალი შპალერის ან ავეჯის ყიდვის არც სურვილი, არც ძალა, არც ფული გაქვთ, ფუნჯით, საღებავით და ფანტაზიით შეიარაღდით. ზოგჯერ ნივთების გადაღებვა საკმარისია, რომ ბინის იერი შეიცვალოს. Novate ამას დაგიმტკიცებთ.

1. კარადა

უფრო ზუსტად, არა მთელი კარადა, არამედ მხოლოდ მისი შიდა, უკანა კედელი: რა საჭიროა ავეჯის ამ ნაწილის შეღებვა, თუ უცხო თვალისგან დაფარულია? საქმე იმაშია, რომ კედელიც საკუთარი სახლის აღქმასა და განწყობაზე გავლენას ახდენს. წარმოიდგინეთ, რომ სამზარეულოში შედიხართ, ჭურჭლით სავსე კარადას ხსნით, შიგნით კი სტანდარტული თეთრი კედლის ნაცვლად, მაგალითად, მწვანე ან ცისფერი კედელი გხვდებათ. იმწამსვე გაიღიმებთ, რადგან გული სასიამოვნო ცვლილებებით ხარობს. თუ კარადის კარი მინისაა, ნათელი კედელი ყურადღებას უფრო მიიქცევს, როცა ავეჯი დახურულია.

2. სამზარეულოს ფასადი

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სამზარეულოში ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, ამიტომ ამ ოთახის ინტერიერი უფრო მალე გვბეზრდება. ახალი ავეჯი ძვირი სიამოვნებაა. არსებულ ავეჯთან მუშაობა ოპტიმალური ვარიანტია. ყველაზე მარტივი ვარიანტი: სხვა ფერში გადაღებეთ. მთავარია, დაიცვათ რამდენიმე წესი:

  • შეღებვამდე პრიალა ზედაპირი ზუმფარას ქაღალდით დაამუშავეთ. ასე ფასი ოდნავ გაუხეშდება და გრუნტი უკეთ მიეკვრება;
  • გამოიყენეთ გრუნტი მაღალი ადჰეზიით (სხვადასხვა ზედაპირზე მიკვრის დონე);
  • საღებავი კარგად რომ წაუსვათ, პირველი ფენა წყალში გააზავეთ ისე, რომ თხელი კეფირის მსგავსი მასა მიიღოთ. ჩვეულებრივ, ზუსტი პროპორციები ქილაზე მითითებულია, ამიტომ წყლის რაოდენობაში არ შეცდეთ. რაც შეეხება შემდეგ ფენებს, შეგიძლიათ წყალში აღარ გააზავოთ.
  • ფუნჯის ნაცვლად ლილვაკით შეიარაღდით – ასე შეღებვა გაგიმარტივდებათ. რთულად მისაწვდომი ადგილებისთვის ღრუბელი გამოიყენეთ.
  • მაქსიმალურად თანაბარ ზედაპირს მიიღებთ, თუ თითოეული ფენის გაშრობის შემდეგ ზედაპირს ზუმფარას ქაღალდით დაამუშავებთ. შემდეგ ფასადს მტვერს მოაშორებთ.
  • შეღებილი ფასადები 2–3 ფენა ლაქით დაფარეთ. ასე საღებავი უფრო დიდხანს გაძლებს და მოსახმარებლად ადვილი გახდება.

3. კომოდი

რას იტყვით კომოდის შეღებვაზე? შეგიძლიათ აირჩიოთ ნეიტრალური ფერი, რომ საერთო სურათიდან ამოვარდნილი არ იყოს, ან უპირატესობა ნათელ ან კონტრასტულ შეფერილობას მიანიჭოთ, რომელიც ყურადღებას მიიზიდავს. ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ფუნჯი, საღებავი და კრეატივი დაგჭირდებათ. რამდენიმე საათში ავეჯს ვეღარ იცნობთ და ინტერიერის ახალი ნივთის მფლობელი გახდებით.

შენიშვნა: კომოდი უფრო ორიგინალური რომ იყოს, უჯრები სხვადასხვა ფერში შეღებეთ. კარგია, თუ მისი ფერი ტექსტილის ან დეკორის ფერს შეესაბამება. თუ არა, უბრალოდ ინტერიერის შესაფერისი ფერი აარჩიეთ.

4. ოთახების ან შემოსასვლელი კარი

ბინის სილამაზის საკითხში არა მხოლოდ ავეჯი ან დეკორი, არამედ კარიც თავის როლს ასრულებს. თავიდან ვენგეს ან მუხის ფერი როგორი მიმზიდველიც არ უნდა ყოფილიყო, დროთა განმავლობაში მაინც გვბეზრდება და მხოლოდ სინანულს იწვევს. შთაგონება იპოვეთ და ფანტაზიას გასაქანი მიეცით. ხელში აიღეთ ფუნჯი, შესაფერისი ფერის საღებავი და კარები გარდაქმენით. თუ კარდინალური ცვლილებები არ გსურთ, მხოლოდ ტორსი შეღებეთ. კიდევ უფრო ორიგინალურია ასეთი ვარიანტი: ჩარჩო და კარის შიდა მხარე კედლის ფერში შეღებეთ, ხოლო შიდა ნაწილი – კონტრასტულ ფერში, რომელიც ოთახის დეკორს შეესაბამება.

5. სააბაზანო

მოულოდნელია, მაგრამ ფაქტია. სააბაზანოს საკუთარი ხელით შეცვლა შეგიძლიათ, პროფესიონალის დახმარება არ დაგჭირდებათ. ასეთი ვარიანტი იდეალურია, თუ სააბაზანომ ესთეტიკური გარეგნობა დაკარგა, მაგრამ ახლის შესაძენად ფინანსური საშუალებები არ გყოფნით. მზად ხართ? მაშინ მოუსმინეთ შემდეგ რეკომენდაციებს:

  • აირჩიეთ საღებავი, გაითვალისწინეთ მასალა, რომლისგანაც აბაზანა დამზადებულია;
  • უპირატესობა მიანიჭეთ მასალას, რომელი მაღალტენიანი შენობებისთვის არის გათვლილი. ასე აბაზანას ჟანგისა და სოკოსგან დაიცავთ.
  • შეღებვის პროცესი სწრაფი, მარტივი და კომფორტული რომ იყოს, ლილვაკი გამოიყენეთ. ამ ინსტრუმენტის კიდევ ერთი პლიუსი: ზედაპირი უფრო თანაბარი გამოდის.
  • ბოლოს აბაზანა წყალგაუმტარი ლაქით დაფარეთ – ასე გამძლეობას შემატებთ და დალაგების პროცესს გაიმარტივებთ.

6. ფანჯრის ჩარჩოები

ფანჯრის ჩარჩოებს ოთახში დიდი ადგილი უკავია, ამიტომ მისი მდგომარეობის და გარეგნობის უგულებელყოფა არ შეიძლება. მათ ოთახის საერთო აღქმაში ძალიან დიდი როლი აქვთ, ამიტომ თუ ინტერიერის შეცვლა გსურთ, უბრალოდ ფანჯრის ჩარჩო ახალ ფერში გადაღებეთ. შეგიძლიათ სახელურის ან კარნიზის ფერი შეცვალოთ, ასევე შიგნით და გარეთ სხვადასხვანაირად შეღებვის მეთოდიც არსებობს. მოკლედ, ბევრი ვარიანტი არსებობს, თავად გადაწყვიტეთ.

 7. გათბობის რადიატორები

შევღებოთ ბატარეა? რატომაც არა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ უჩვეულო გათბობის ბატარეა ინტერიერის ნამდვილი ხიბლი და კაშკაშა აქცენტი გახდება. საქმის დაწყებამდე მნიშვნელოვან დეტალებს გადახედეთ:

  • პროცედურის დაწყებამდე ბატარეას მტვერი, ჭუჭყი, ჟანგი და სხვა სიბინძურე მოაშორეთ.
  • აირჩიეთ საღებავი, რომელიც რადიატორის ტიპისთვის გამოდგება. ყურადღება მიაქციეთ, რომ თერმოგამძლე იყოს.
  • სამუშაოდ გამოიყენეთ ფუნჯი დახრილი თავით და გრძელი სახელურით. ასე რთულ ნაწილებს მარტივად შეღებავთ.
  • თავდაპირველად, ბატარეა უკნიდან და შიგნიდან შეღებეთ, შემდეგ წინა ნაწილზე გადმოდით.
  • თუ პროცესის დროს მოცულობით წვეთები წარმოიშვა ზუმფარას ქაღალდით მოაშორეთ, შემდეგ ახალი ფენა გადაუსვით.
  • თუ ბატარეაზე სველ ნივთებს არ აშრობთ და ოთახი მაღალი ტენიანობით არ გამოირჩევა, შეგიძლიათ საბოლოოდ ლაქი აღარ გადაუსვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბოგამძლე ვარიანტი შეიძინეთ.

8. კედლები

ჩვეულებრივ, კედლებს ნეიტრალურ ფერში ღებავენ, რომ ის კაშკაშა ავეჯის, ტექსტილის ან დეკორატიული ელემენტების ფონი იყოს. თუ მსგავსი სიტუაცია გაქვთ, მაგრამ განახლება გსურთ, საღებავით ცვლილებები შეიტანეთ. ერთი, აქცენტური კედელი არჩიეთ და საქმეს შეუდექით. სკოჩი შეგიძლიათ გამოიყენოთ და ორიგინალური, სხვადასხვა ფერის გეომეტრიული ფორმები შექმნათ. ასევე შეღებილ ზედაპირს სხვადასხვა ნივთები და აქსესუარები დაუმატეთ: ძველი ფირფიტები, საკოლექციო თეფშები, სურათები, მუსიკალური ინსტრუმენტები ან ველოსიპედი.

9. დასაკიდი თაროები

თუ ბინაში თაროები გაქვთ, რომელზეც ლარნაკებს, ფოტოებს, ოთახის ყვავილებს ინახავთ, შეღებეთ ის და არა კედელი. ერთი ან რამდენიმე ფერი აირჩიეთ, რომელიც ინტერიერს შეესაბამება და შემოქმედება დაიწყეთ. შესაძლოა, თაროების განახლება გახდეს ის ხიბლი, რომელზეც ოცნებობდით.