6 უხეში შეცდომა, რომელსაც ბინის მფლობელები აბაზანის დაყენებისას ხშირად უშვებენ

ბევრი ადამიანი სახლში ან ბინაში სარემონტო სამუშაოების ნაწილს თავად აკეთებს, მათ შორისაა აბაზანის დაყენება, რაც ძალიან უხეში შეცდომაა. ეს მომავალში რიგ სერიოზულ უსიამოვნებებს გამოიწვევს. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია. Novate გიამბობთ, რა შეცდომებს უშვებენ ხშირად და როგორ დააყენოთ სწორად.

შეცდომა 1: საკანალიზაციო მილების არასწორი დახრა

ხშირია შემთხვევა, როცა აბაზანიდან წყალი ნელა გადის ან საერთოდ არ გადის. პრობლემა საკანალიზაციო მილებშია, უფრო ზუსტად, მის არასწორ დახრაში. ოპტიმალური გადაწყვეტილება: როცა ყოველ ერთ მეტრ მილზე დახრა 3 სმ–ს შეადგენს. ასეთი დახრა გარანტიას გაძლევთ, რომ წყალი თავისუფლად გავა, რადგან თანდათან მილებზე ნადები, შლამი იქმნება.

მათ, ვისაც სარემონტო სამუშაოსთან შეხება არ ჰქონიათ, წარმოდგენა არ აქვთ, თუ რატომ არის პარამეტრების დაცვა ასეთი მნიშვნელოვანი. უნდა ითქვას, რომ ხშირად სახლის მშენებლობისას კანალიზაციის დგარს აქვს სარინი, რომელიც იატაკიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს. ამ სიტუაციაში, როცა აბაზანა დგარის მეორე მხარეს იდგმება, ყველა ეს ზემოთ აღნიშნული სანტიმეტრი დაშორებას მხოლოდ ამატებს. გამოდის, რომ თავად აბაზანის მხარეები საკმაოდ მაღლა აიწევს, შესაბამისად, მასში მოხვედრა, განსაკუთრებით, მოხუცებს გაუჭირდებათ.

როგორ მოვაგვაროთ პრობლემა

ამოცანის გადასაჭრელად 3 ვარიანტი არსებობს. ყველაზე რთული: დგარის სიმაღლის ცვლილება. ახალაშენებულ ბინებში დგარი პლასტმასისგან კეთდება, რაც ამოცანას ამარტივებს. მასალა ადვილად იჭრება, ამიტომ სიმაღლის შეცვლა შესაძლებელია. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სამუშაო დამოუკიდებლად არ შეასრულოთ, თუ გამოცდილება არ გაქვთ. იდეალურია, თუ სანტექნიკოსის მომსახურებას გამოიყენებთ.

დგარს ხელი რომ არ ახლოთ, სხვაგვარად მოიქეცით – იატაკი ასწიეთ. ამ შემთხვევაში მასსა და აბაზანას შორის დაშორება შემცირდება. ამასაც მინუსები აქვს. პირველ რიგში, დასაგებად ბევრი სამშენებლო მასალა დაგჭირდებათ. მეორეც, ბინის სხვა ოთახებში იატაკი სხვა დონეზე იქნება, რაც არაკომფორტული და უშნოა.

მესამე ვარიანტი: უბრალოდ აბაზანა საკანალიზაციო დგართან ახლოს დააყენეთ.

შეცდომა 2: აბაზანის არასწორი დახრა

არასწორად დაყენებული აბაზანაც პრობლემაა. ამას მცდარი მოსაზრების გამო აკეთებენ. თვლიან, რომ თუ აბაზანას გადინების მიმართულებით დახრიან, წყალი სწრაფად გავა. ეს ძალიან უხეში შეცდომაა. სველ წერტილში ფილები ჰორიზონტალურად იგება. აბაზანის გვერდების მცირე გადახრაც კი შესამჩნევია. აბაზანის მწარმოებლები ამ მომენტს თავიდანვე ითვალისწინებენ, ამიტომ აბაზანის ძირი გვერდის პარალელური არაა. გამოდის, დახრა უკვე აქვს, ამიტომ წყალი ისედაც ზედმეტი მანიპულაციის გარეშე გავა.

შეცდომა 3: აბაზანის ფეხების, საიმედოობის უგულებელყოფა

კომპლექტში აბაზანას ყოველთვის მოყვება ფეხები, ოღონდ ყოველთვის გამძლე არაა. საქმე ბიუჯეტურ მოდელებს ეხება, სადაც ფეხების დასამზადებლად იაფი მასალა გამოიყენება. შესაბამისად, მათი საიმედოობა და გამძლეობა კითხვის ქვეშაა. აბაზანამ მოხმარებისას ადგილი რომ არ შეიცვალოს და არ გადაბრუნდეს, რეკომენდებულია, კარგი ხარისხის დამატებითი კარკასი შეიძინოთ ან მის ქვეშ ბლოკები დადოთ, რაც საკმაოდ გავრცელებულია.

შეცდომა 4: აბაზანის გვერდებზე ფილების ნაადრევად დაგება

თუ აბაზანა ბიუჯეტურია, მისი გარეგნული მხარე განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა. ბუნებრივია, ადამიანს მისი შენიღბვის სურვილი უჩნდება, რისთვის ფილებს იყენებს. შეცდომა იმაშია, რომ ფილები ძალიან ადრე იგება. წყლის გადინების პრობლემები აბაზანის პირველივე გამოყენებისას თავს იჩენს. სანამ ფილებს დააგებთ, აბაზანა წყლით გაავსეთ და 1 დღე დააყენეთ. თუ ამ დროში ყველაფერი კარგადაა და აბაზანის ქვეშ არაფერი გამოდის, საქმეს მშვიდად შეუდექით.

შეცდომა 5: კედელსა და აბაზანას შორის ღარების ნაადრევად დალუქვა

ხშირად აბაზანის დაყენებისთანავე ღარებს ხურავენ. ამის გაკეთება არ შეიძლება. იდეალურ შემთხვევაში ღარები დატვირთულ აბაზანაში (წყლით სავსე აბაზანა) უნდა დალუქოთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დატვირთისას მცირე დაწევა ხდება. თუ ცარიელ აბაზანაში დალუქავთ, დიდი ალბათობით, ლუქი აბაზანის გვერდს მოშორდება. ეს ფულის, დროის და ნერვების ფუჭი ხარჯია.

შეცდომა 6: აბაზანის ძალიან ადრე ყიდვა

თუ საშუალო და არა დიდ, თანამედროვე ბინას ავიღებთ, სააბაზანო ოთახის ერთი მხარე 160-170 სმ–ს შეადგენს. სწორედ მის გვერდით აბაზანა ყენდება. თუ აბაზანას პარამეტრების გათვალისწინების გარეშე შეიძენთ, უბრალოდ არ ჩაეტევა. ხელოსანმა გაყოფის სამუშაოები უნდა დაასრულოს და შენობა კარგად გაზომოს. გაყოფის შემდეგ რამდენიმე სანტიმეტრი იპარება, განსაკუთრებით, თუ კედლები არასწორია და გასწორებას მოითხოვს.