ტოტის გადაჭრის 7 ტექნიკა, რომ ხე უპრობლემოდ განიკურნოს

ხე იზრდება ისე, როგორც მისთვის უფრო კომფორტულია. ხშირად ფანჯარას, სახლის კარს ეყრდნობა, სადენებში იხლართება ან მეზობლის ნაკვეთზე გადადის. ამ შემთხვევაში მეპატრონე ხერხს, სეკატორს ან როკსაჭრელს იღებს, რომ ხელისშემშლელი ტოტები მოჭრას. ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რომ ხე მინიმალურად დააზიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი გადაჭრის გამო ავად გახდება და დაიღუპება. Novate გიამბობთ, როგორ გადაჭრათ ტოტი სწორად სხვადასხვა სიტუაციაში.

1. გამაახალგაზრდავებელი პროცედურა

თუ წინა გასხვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, ტოტები შეიძლება გაშიშვლდეს და ყვავილობა შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში ხე უნდა გაახალგაზრდავოთ და მკვდარი წანაზარდები მოაშოროთ. ძველი ტოტები ბუჩქის ძირში გადაჭერით, ხოლო ახალგაზრდა ტოტები ზუსტად მესამედით შეამცირეთ. ოპტიმალური დრო პროცედურის ჩასატარებლად – ზაფხული ან ნაადრევი გაზაფხული. მომავალში, გვირგვინიც უნდა შეათხელოთ.

2. კუნძამდე გადაჭრა

ხის გაახალგაზრდავების კიდევ ერთი მეთოდი. ამ დროს ყველა ტოტი იჭრება და მხოლოდ პატარა კუნძი რჩება. ტექნიკა განსაკუთრებით კარგია ბუჩქების შემთხვევაში, რომელთაც ახალი ყლორტები სწრაფად ეზრდება. ტირიფი, თხილი, თეთრი შინდი ყოველ წელს ასე შეგიძლიათ გადაჭრათ.

3. გვერდითა განშტოების გადატანა

ამ ტექნიკით ტოტების ზრდის მიმართულების შეცვლას შეძლებთ. ამისთვის წანაზარდი უნდა გადაჭრათ იქ, სადაც თქვენი აზრით, უფრო წარმატებული განშტოება ექნება. ასე გვირგვინის ფორმირებას შეძლებთ ისე, რომ ტოტებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, ხოლო ნაყოფი მზის სინათლის დეფიციტმა არ შეაწუხოს. ასეთი მეთოდის უპირატესობა იმაშიცაა, რომ ნაყოფიერება ჩქარდება და მზარდ ყლორტებს ნაყოფიერად აქცევს.

4. ვერტიკალური, გრძელი ტოტების გადაჭრა

ახალგაზრდა, ვერტიკალური, გრძელი ტოტები ძლიერი გადაჭრის ან გვირგვინის ცენტრის ზედმეტი გასქელების შედეგად ჩნდება და ჩოჩხი–ტოტების ზრდას ანელებს. ხე სწორად რომ განვითარდეს, ასეთი ვერტიკალური ტოტები უნდა გადაჭრათ. პროცედურა სჯობს ზამთრის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში ჩაატაროთ.

5. ნაყოფიერი ტოტების გაახალგაზრდავება

მსხალი, ვაშლი და სხვა ხილის ხე მაქსიმუმ ნაყოფს ზუსტად ორწლიან ყლორტზე იძლევა. რაც უფრო ძველია ტოტია, მით უფრო მიწისკენ იხრება, ხოლო ნაყოფი უფრო და უფრო მცირდება. ასეთი ყლორტები არ დატოვოთ, ფრთხილად გადაჭერით და გვერდითა ტოტებზე გადაიტანეთ.

6. კვირტებზე გადაჭრა

თუ გსურთ, რომ ხილის ხეს და ბუჩქს ახალი გვერდითა ყლორტები გაეზარდოს, ტოტი არ გადაჭრათ, არამედ დაამოკლეთ. ამისთვის გადაჭერით თვალის ზემოთ, რომელიც გვირგვინს გარედან „უყურებს“. კვირტიდან 3-5 მმ–ს დაშორებით სეკატორი 30 გრადუსიანი კუთხით დაიკავეთ და მკვეთრი მოძრაობით გადაჭერით. თუ 5 მმ–ზე ზემოთ „კუნძს“ დატოვებთ, ხეში შეიძლება ინფექცია მოხვდეს. ხოლო უფრო დაბალი გადაჭრისას კვირტი შეიძლება გახმეს.

7. რგოლზე გადაჭრა

რგოლზე გადაჭრა ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა, რომელსაც მსხვილი ტოტის (სუსტი, გამხმარი, უნაყოფო, დაზიანებული) სრულად მოსაშორებლად იყენებენ. ხერხი ან სეკატორი ღეროს პარალელურად, ტოტის საფუძველზე გასქელებულ კოჟრთან დაიჭირეთ. მკვეთრი მოძრაობით ტოტი გადაჭერით. ანტისეპტიკით დამუშავებული ბასრი დანა აიღეთ და კუთხეები და „ჭრილობის“ კიდეები გაასუფთავეთ. შემდეგ ანტისეპტიკური საშუალებით დაამუშავეთ და ბაღის მურაცხი წაუსვით.