7 იდეა, როგორ მოვაწესრიგოთ სააბაზანო ოთახი, სადაც კარადის ადგილი არაა

უმეტეს შემთხვევაში, სააბაზანო ოთახი დიდი მასშტაბით არ გამოირჩევა, ამიტომ ყველა აუცილებელი ნივთის შესანახად ადგილის პოვნა რთულია. Novate შენახვის სისტემის ორგანიზებისთვის რამდენიმე იდეას გთავაზობთ. ასე კოსმეტიკურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ქიმიას, აბაზანის აქსესუარებს და სხვა აუცილებელ ნივთებს კომფორტულად შეინახავთ.

ერთი შეხედვით, სააბაზანო ოთახში ძალიან ცოტა დროს ვატარებთ, ანუ ნივთების შენახვის პრობლემები არ უნდა გვქონდეს, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა. სველ წერტილში ძალიან ბევრი წვრილმანი გროვდება, რომელთა სწორად განლაგებას დრო უნდა დაუთმოთ. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ჯერ კიდევ რემონტის ეტაპზე კავების, თაროების, კალათებისა და სხვა დეტალების საკმარის რაოდენობას არ გაითვალისწინებთ. ჭუჭყიანი თეთრეული, რომელიც გარეცხვას ელოდება, საყოფაცხოვრებო ქიმია ფხვნილის, შამპუნის, თხევადი საპნის სახით, ტუალეტის ქაღალდები – ეს ყველაფერი სადმე უნდა შეინახოთ. სასურველია, კომფორტულ, კომპაქტულ და შეუმჩნეველ ადგილას. რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ.

იდეა 1: კავები და რეილინგი

თუ სააბაზანო ოთახში თაროს ქონას ცუდ ვარიანტად თვლით, ღირსეულ ალტერნატივას გთავაზობთ: რეილინგი კავებით ნეჭას ან საბავშვო სათამაშოების შესანახად გამოგადგებათ. რეილინგის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი კავები საწოვარზე, მაგრამ მუდმივად ჩამოვარდნის რისკი არსებობს.

კავები კარადის კარის შიდა მხარესაც უნდა დაკიდოთ – პატარა, ბრტყელი ნივთების შესანახად გამოგადგებათ. სააბაზანო ოთახის კარზე შეგიძლიათ დაკიდოთ პირსახოცი, ხოლო მაგნიტის ფიცარზე პატარა მეტალის აქსესუარები.

იდეა 2: კალათა წვრილმანებისთვის

როგორც უკვე ვთქვით, სააბაზანო ოთახში ბევრი წვრილმანი ნივთია, რომელიც მაგიდაზე ან ღია თაროზე ინახება და ვიზუალურ ხმაურს ქმნის. ქაოსის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ხრიკი, რომელიც დალაგების პროცესს გაამარტივებს და სააბაზანო ოთახის გარეგნობას გააუმჯობესებს. ყველა წვრილმანი შეკრიბეთ, რომელიც ახლოს უნდა გქონდეთ, და წვრილმანების ყუთში ან კალათაში შეინახეთ. ლამაზი ყუთები შეგიძლიათ ონკანთან ან მაგიდაზე დადოთ. პირველ რიგში, კალათის წყალობით საჭირო ნივთებს აღარ დაკარგავთ, მეორეც, საკმარისია კალათა აიღოთ და ადგილი გადაწმინდოთ – უფრო მარტივია, ვიდრე ათობით ბოთლის ერთი ადგლიდან მეორეზე გადატანა.

იდეა 3: სარკიანი კარადა

თუ სააბაზანო ოთახი დიდია, შეგიძლიათ შესაფერისი ზომის ჩვეულებრივი სარკე გამოიყენოთ. თუ პატარააა, კარადა სარკიანი კარით უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა. მსგავსი ინტერიერის ნივთი ბევრი წვრილმანი ნივთის შენახვის საკითხს მოაგვარებს. მაღაზიაში კარადის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ კარადას არა მხოლოდ გარეთ, არამედ შიგნითაც სარკე ჰქონდეს. რატომ? ყველაფერი მარტივია. პირველ რიგში, ასე კარადის სიღრმეში შენახულ სხვადასხვა წვრილმანს მარტივად იპოვით. მეორეც, უკნიდან და გვერდიდან საკუთარი თავის დანახვას შეძლებთ, რაც რთული ვარცხნილობის გაკეთებისას და შედეგის შესაფასებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე იყიდება კარადები ჩაშენებული გამადიდებელი სარკეებით, რომელიც მაკიაჟის წასმისას შეუცვლელია.

იდეა 4: 1 კარის 2 ფუნქცია

კარის ზედაპირის იგნორირება დიდი შეცდომაა, როცა ნივთების შენახვის საკითხი მწვავედ დგას. გირჩევთ ფეხსაცმლის შესანახი ვერტიკალური ორგანაიზერის დახმარებით მაქსიმალურად გამოიყენოთ. პლასტმასის ჯიბეებში შეგიძლიათ შეინახოთ დეკორატიული კოსმეტიკა, შამპუნის პატარა ბოთლები, შხაპგელები და სხვა ნივთები, რომლებიც სააბაზანო ოთახში გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ოთახის გარეგნობა ამ შემთხვევაში იდეალური არ იქნება, მაგრამ ნივთების შენახვის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟურნალების მსგავსი ოთახის შექმნა.

იდეა 5: ჭკვიანი ქვეჩარჩო

შეიძინოთ ნიჟარა „ფეხებზე“ ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც პატარა სააბაზანო ოთახის მფლობელმა შეიძლება დაუშვას. ნიჟარის ქვეშ ტუმბო ან თაროები ნივთების შენახვის პრობლემის უმეტესობას აგვარებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულყოფილი კარადისთვის ადგილი არ გაქვთ. ღრმა ყუთი საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ნებისმიერი რამ, მაგალითად, პირსახოცი, საყოფაცხოვრებო ქიმია.

ყურადღება მიაქციეთ: ნაწილს, სადაც ნიჟარის მილები გადის, არ იყენებენ, უბრალოდ ფიცრებით ფარავენ, რომ გარეგნული იერი არ გააფუჭოს. და სულ ტყუილად. ეს სივრცე სწორი დაგეგმვის შემთხვევაში გამოგადგებათ. მაგალითად, U ფორმის ყუთები ან კონსტრუქცია გამოიყენეთ, სადაც მილებისთვის სპეციალური ღრიჭოა დარჩენილი.

ნიჟარის ქვეშ განყოფილების ერთხელ და სამუდამოდ მოსაწესრიგებლად ტიხრები გამოიყენეთ. ასე ყველა ნივთის კატეგორიებად დახარისხებას შეძლებთ: სავარცხლები, ბამბის ჩხირები და დისკები, თმის სარჭები, რეზინები და უხილავები, ტანის მოვლის საშუალებები და სხვა. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ტიხრები ამოიღოთ და ნიშის ფართობი გაზარდოთ ან, პირიქით, დამატებითი სექცია შექმნათ.

იდეა 6: ადგილი უნიტაზის ზემოთ და აბაზანის ქვეშ

თუ ჩაშენებული პატარა აბაზანის „ბედნიერი“ მფლობელი ხართ, იცით, რამდენად რთულია აქ საჭირო ნივთების განლაგება და თავადაც კომფორტულად მოწყობა. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ სივრცე უნიტაზის ზემოთ – შესანიშნავი ადგილი, რომ 2–3 ჰორიზონტალური თარო მოათავსოთ. თუ ინტერიერის გადატვირთვა არ გსურთ, გამჭვირვალე დასაკიდ მოდელებს უპირატესობა მიანიჭეთ, რომელიც „სივრცეში გაიშლება“. თაროების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძელის საფუძველი, რომელზეც წვრილმანი ნივთების შესანახ კალათებს მიამაგრებთ.

ცალკე საკითხია ადგილი აბაზანის ქვეშ. მას, როგორც სრულფასოვან შენახვის სისტემას, მხოლოდ ერთეულები განიხალავენ. თუ დაფიქრდებით, ბევრი ნივთის შესანახად გამოგადგებათ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე აბაზანის მოდელები უფრო ფუნქციურია, ვიდრე ძველი. ახალი მოდელები ხშირად აღჭურვილია სპეციალური ნიშით საყოფაცხოვრებო ქიმიისა და აბაზანის აქსესუარებისთვის.

აბაზანის გვერდითა სივრცეც არ დაგავიწყდეთ. აბაზანა ოთახის მთელ სიგრძეს ყოველთვის არ იკავებს, მასსა და კედელს შორის მცირე სივრცე რჩება. ეს სივრცე თაროების ან სტალაჟისთვის გამოიყენეთ. თუ აბაზანის სიგრძე ოთახის სიგრძის ტოლია, მის გარშემო კედლები მაინც არ უგულებელყოფთ – ერთ–ერთი კედელი პირსახოცის და შხაპის აქსესუარების შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

იდეა 7: თაროები ბორბლებზე

უმეტეს შემთხვევაში, კომპაქტური და მობილური ეტაჟერი ლითონის ან პლასტმასის მასალისგან არის დამზადებული. ბორბლები საშუალებას გაძლევთ, რომ ნებისმიერ ადგილას მარტივად გადაიტანოთ და გამოიყენოთ, ხოლო მცირე ზომები ყველაზე პატარა ოთახსაც მოერგება.

მსგავსი ეტაჟერის ნაცვლად შეგიძლიათ ბარის ურიკა გამოიყენოთ. დიახ, დიახ, ის გამოგადგებათ არა მხოლოდ სასმელების შესანახად და გადასაცემად. შესანიშნავად ერგება სააბაზანო ოთახის ინტერიერს, სადაც სრულყოფილი კარადის ან სტელაჟის ადგილი არაა. ბარის ურიკაზე 10 ბოთლი და სხვადასხვა საშხაპე და აბაზანის აქსესუარები მოთავსდება.