თუ ადგილი არ გაქვთ: 7 იდეა, როგორ გადააკეთოთ ერთი ოთახი ორად

თუ ერთი ოთახი საკმარისი აღარაა, მაგრამ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ჯერ არ გეგმავთ, დაფიქრდით, როგორ გადააკეთოთ არსებული სივრცე ისე, რომ ცხოვრება კომფორტული და მყუდრო გახდეს. Novate რამდენიმე საინტერესო იდეას გთავაზობთ, რომელიც შეთანხმებას და დაკანონებას არ მოითხოვს. ამ იდეებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ.

დღეს ერთოთახიანი ბინა სასჯელად ან გამოუვალ ვარიანტად აღარ ითვლება. თანამედროვე ავეჯის, დეკორის და სამშენებლო მასალების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ერთი ოთახი შეიძლება იყოს საძინებელიც, სამზარეულოც და მინი ოფისიც.

იდეა 1: შემაღლებული ადგილი

ოთახი რამდენიმე ზონად რომ დაყოთ, თაბაშირ–მუყაოს ფიცრებით ყრუ ტიხრების აღმართვა საჭირო არაა. უბრალოდ იატაკის დონე შეცვალეთ. სიმაღლეში მცირე სხვაობაც შენობას ვიზუალურად ორ ოთახად დაყოფს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია შემაღლებული ადგილის გაკეთება და მასზე ლოგინის განთავსება. უფრო მკაფიო ეფექტს მიაღწევთ, თუ იატაკის სიმაღლის სხვაობას ჭერზეც გადაიტანთ. სხვათა შორის, შემაღლებული ადგილი არა მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით, არამედ ნივთების შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასში შეინახეთ თეთრეული, სეზონური ტანსაცმელი და ა.შ.

იდეა 2: ფარდები

თუ რაიმე დამატებითი სტრუქტურის აშენება არ გსურთ, ოთახის რამდენიმე ზონად დასაყოფად ფარდა გამოიყენეთ. ხშირად ფარდას იყენებენ, როცა ერთი ოთახი სურთ საძინებელ და მისაღებ ოთახებად გადააკეთონ.

ფარდის ნაცვლად ლოგინის თავზე შეგიძლიათ ბალდახინი დაკიდოთ. პირადი სივრცის შესაქმნელად და საძინებლის ზონის გამოსაყოფად ესეც საკმარისია. „ველოსიპედის გამოგონება“ აუცილებელი არაა, უბრალოდ ჭერზე კარნიზი დაამონტაჟეთ და მასზე ტიული დაკიდეთ.

იდეა 3: დივანი ან სტელაჟი

სივრცის დასაყოფად ავეჯის ნივთები, კერძოდ, სტელაჟი და დივანი, შესანიშნავი დამხმარეა. სწორი განლაგებით ერთის ნაცვლად ორ ოთახს მიიღებთ. ამასთან სარემონტო სამუშაოებისთვის ან დამატებითი კედლის ასაშენებლად ფულის გადახდა აუცილებელი არაა. ნებისმიერი სიმაღლის სტელაჟი გამოიყენეთ, მთავარია, ღია იყოს. ასეთი მოდელი მსუბუქად, ჰაეროვნად გამოიყურება, ოთახს არ ტვირთავს და ფანჯრიდან გამოყოფილ ნაწილში მზის სინათლის მოხვედრას ხელს არ უშლის.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტელაჟი მბრუნავი მექანიზმით. ეს ოპტიმალური ვარიანტია, თუ გსურთ ტელევიზორს საძინებელში ან მისაღებში უყუროთ. ბინაში რაიმე ცვლილების განხორციელება აუცილებელი არაა. ერთადერთი პირობაა, მინიმუმ 15 მ². წინააღმდეგ შემთხვევაში საწოლის და სტუმრებისთვის დივანის დადგმას ვერ შეძლებთ.

თუ ოთახის დაყოფას დივნით აპირებთ, ზურგი სტელაჟით ან კომოდით დაფარეთ. ამ შემთხვევაში უფრო სწორი გადასვლა მოხდება და შუა ოთახში დადგმული დივანი თვალში უშნოდ არ გაგეჩხირებათ.

შენიშვნა: თუ ოთახში საწოლის ადგილი არ გაქვთ და მის ნაცვლად დივანის გამოყენებას აპირებთ, უპირატესობა ანატომიურ მოდელებს მიანიჭეთ. ასეთი დივნები ორთოპედიული ლეიბებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, დივანს ფართო ყუთები აქვს, სადაც საწოლის თეთრეული და სხვა ნივთები შეგიძლიათ შეინახოთ.

იდეა 4: კარადა

ოთახის ზონებად დასაყოფად მაღალი კარადა უფრო ფუნქციური ვარიანტია. იმავე სტელაჟისგან განსხვავებით, რომელსაც საშუალო სტატისტიკური ბინების მაცხოვრებლები გვერდს ვერ უვლიან, კარადა ნამდვილად შეუცვლელი ავეჯია. თუ მას ოთახის დასაყოფად გამოიყენებთ, ნივთებზე წვდომა მხოლოდ ერთი მხრიდან გექნებათ, მეორე კი სარკის პანელებით შეგიძლიათ გააფორმოთ – ასე მეორე ზონას ვიზუალურად გააფართოებთ. კარადის კარი სჯობს საძინებლის მხარეს მოათავსოთ, ხოლო სარკიანი ნაწილი მისაღებში.

იდეა 5: ფერი

ზოგჯერ ტიხრების აღსამართად ან ზონირებისთვის დამატებითი ავეჯის დასადგმელად ადგილი უბრალოდ არაა. ამ შემთხვევაში ფერები დაგეხმარებათ. სხვადასხვა პრინტი, ფერი და ტექსტურა ზონებს ეფექტურად გამოყოფს, ამასთან არც ერთ კვადრატს არ დაიკავებს. გარდა ამისა, ფერების სწორი განლაგებით ბინის წარუმატებელ დაგეგმვას დამალავთ. მთავარია, ფერებში დისბალანსს თავი აარიდოთ. ეს ტანდემის ერთადერთი ვარიანტი არაა. დეკორატიული თაბაშირის საღებავი, ხის ნაწილი და კლინკერის ფილები ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის. მთავარია, კონტრასტულ კომბინაციებს მოერიდოთ, რომელიც ინტერიერს უგემოვნოს ხდის. ჯერ კიდევ რემონტის ეტაპზე წამყვანი ფერი აირჩიეთ და მისი შესაფერისი აქცენტური ფერები შეარჩიეთ.

იდეა 6: მოძრავი კარი

არ გსურთ სივრცის დაკარგვა და ინტერიერის გადატვირთვა? ამ შემთხვევაში მოძრავი კარები თქვენი საუკეთესო დამხმარეა. ის შეიძლება იყოს მინის ან პლასტმასის. საბოლოო არჩევანი, მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გამჭვირვალე მინა ფარდას და ტიულს იდეალურად ერწყმის, ხოლო მასიური ხის ჩარჩო გლუვ მინასთან ისე გამოიყურება, როგორც სრულყოფილი კედელი და ხმის კარგ იზოლაციას უზრუნველყოფს. მსგავს ტიხრებს ხშირად იყენებენ ბინაში, სადაც საძინებლის და საბავშვო ოთახის ან სამუშაო კაბინეტის გამოყოფა სჭირდებათ.

იდეა 7: ხის ფიცრები

კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც დიზაინერები ერთი ოთახის ორად გასაყოფად იყენებენ – ხის ფიცრებით შექმნილი ტიხრები. ალბათ, მისი შეკვეთა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ასეთი ტიხრით მთელი ინტერიერი მოიგებს, რადგან შენობას ვიზუალურად ზონებად ყოფს, ამასთან ოთახის ორივე ნაწილში მზის სინათლის მოხვედრას ხელს არ შეუშლის და ჰაერის თავისუფალ მოძრაობას არ არღვევს.

კიდევ რამდენიმე უპირატესობა: ხის ნაწარმი სივრცეს უფრო მყუდროს ხდის, პრაქტიკულად ნებისმიერ ინტერიერს ორგანულად ერწყმის და განლაგების ნაკლოვანებებს ნიღბავს.