5 ფერი, რომელიც საძინებელში დოზირებულად ან საერთოდ არ უნდა გამოიყენოთ

ინტერიერის თანამედროვე მოდა ისეთი კატეგორიული არაა, როგორც ადრე და ოთახის გასაფორმებლად ნებისმიერი, თქვენთვის საყვარელი ფერის გამოყენების უფლებას გაძლევთ. მთავარია, სწორად გამოიყენოთ, განსაკუთრები საძინებელ ოთახში. Novate გიამბობთ ფერებზე, რომლებიც წერტილოვნად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ არ უნდა გაგიტაცოთ, რომ სივრცე არაკომფორტული არ გახდეს და კარგი განწყობით დაიძინოთ და გაიღვიძოთ.

1. იისფერი

საკამათო ფერი არა მხოლოდ საძინებლის, არამედ მთელი ინტერიერის გასაფორმებლად. ძალიან მძიმე ფერია, რადგან ორი კონტრასტული ფერის, ლურჯის და წითლის შერევით მიიღება. პირველს დამამშვიდებელი და მოსადუნებელი თვისებები აქვს, მეორე, პირიქით, ამგზნები.

ასეთი დაპირისპირება ნეგატიურ ეფექტებს იწვევს. თუ კედლებს იისფრად შეღებავთ ან მსგავსი ფერის ტექსტილს შეიძენთ, დიდი ალბათობით, ცუდად დაიძინებთ და ცუდი განწყობით გაიღვიძებთ.

გირჩევთ, ყურადღება ცისფერის ან ლურჯის პალიტრას მიაქციოთ. როგორც ცის და წყლის ფერი ბუნებრივია და ფსიქიკა დადებითად აღიქვამს. სწრაფად მოდუნება რომ შეძლოთ და ძილისთვის განეწყოთ, გაზავებული და ჩახშობილი ჩრდილები გამოიყენეთ. ასე მშვიდ, უშფოთველ, მარტივ და გრილ ატმოსფეროს შექმნით.

შენიშვნა: ცისფრად შეღებილი საძინებელი კარგად განათებული უნდა იყოს, კიდევ უკეთესია, თუ ფანჯარა სამხრეთ მხარეს გადის. თეთრი ავეჯი საუკეთესო კომპანიონია – ასე ინტერიერი მსუბუქი და ჰაეროვანი გახდება.

2. სუფთა თეთრი

ადრე, ეს ფერი მხოლოდ საავადმყოფოს პალატებთან ასოცირდებოდა, მოსაწყენ და მკრთალ ფერად აღიქმებოდა. სკანდინავიური სტილის პოპულარობამ ამ ფერის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება თეთრი ავეჯით, ტექსტილით, საღებავით და შპალერით. ისინი აცნობიერებენ, რომ მსგავსი ფერი პატარა ოთახისთვის ნამდვილი მხსნელია.

ერთი დეტალი: თეთრი ფერი კარგია, მაგრამ სხვადასხვა განათების პირობებში როგორც მომგებიანი, ასევე პირქუში შეიძლება გახდეს. მაგალითად, ოთახში ჭერის ცენტრში 1 პატარა ჭაღით და ჩრდილოეთ მხარეს ფანჯრით თეთრი უსიცოცხლოდ გამოიყურება. თუ ინტერიერისთვის მხოლოდ ამ ფერს გამოიყენებთ და აქცენტებს თავს აარიდებთ, ცივ, დეპრესიულ და არაკომფორტულ სივრცეს შექმნით, რომელიც მოდუნებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს.

თუ ამ ფერზე განეწყვეთ, თბილი ქვეტონი აირჩიეთ. მაგალითად, სპილოსძვლისფერი ან რძისფერი. ასევე თეთრი და ნეიტრალური ფერები (ნაცრისფერი, კრემისფერი და ა.შ.) კომბინაციაში გამოიყენეთ. თუ სკანდინავიურმა სტილმა გაგიტაცათ, გაითვალისწინეთ, რომ იქ, კედლები შეღებილია არა ჩვეულებრივ თეთრში, არამედ სპეციალურ ჩრდილში „სტოკჰოლმის თეთრი“– შეიცავს ნაცრისფერ და ყვითელ მინარევებს, რის გამოც უფრო თბილი და სასიამოვნო ფერი გამოდის.

3. კაშკაშა ყვითელი

ეს ფერი მზის სინათლესთან ასოცირდება, ამიტომ ბევრი თვლის, რომ უნდა გამოვიყენოთ ოთახებში, რომელთაც ბუნებრივი სინათლე აკლიათ. გახსოვდეთ: რაც უფრო სუფთა ფერს გამოიყენებთ, მით უფრო აქტიური და კაშკაშა ჩანს ინტერიერი, ეს კი საძინებლისთვის კარგი არაა. სუფთა ტონების გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ისინი აგზნებას იწვევენ და არა დამშვიდებას, შესაბამისად, დაძინებას ხელს უშლიან. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი ფერი ნეიტრალურ ტონში გაზავებას და მინიმალურ დამატებით დეტალებს მოითხოვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საძინებელში ბევრი ტექსტილია, ამ პუნქტს ვერ შეასრულებთ.

საძინებელში რთული ფერი ჩაბნელების ეფექტით უკეთ გამოიყურება. ასეთი ფერი მდიდრულად და ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ ყურადღებას არ იზიდავს, მოდუნებას ხელს უწყობს. ბევრი დიზაინერი საძინებლის გაფორმებისას მტვრის ეფექტის გამოყენებას გირჩევთ – მთავარ ფერში ნაცრისფრის დამატება. რაც შეეხება კაშკაშა ყვითელს, ის ჟანგისფერი ან მდოგვისფერით შეცვალეთ. ისინი ერთმანეთთან ახლოსაა, მაგრამ ამასთან ღრმად და მიმზიდველად გამოიყურება.

4. შავი

აქაც, გარკვეული დეტალები არსებობს. ერთი მხრივ, შავი დრამატულად და ღრმად გამოიყურება, ამიტომ თანამედროვე ინტერიერში ხშირად გვხდება. მეორე მხრივ, ოთახი შეიძლება პირქუშ სივრცედ აქციოს, რომელიც სტრესს და დეპრესიას იწვევს. ფსიქოლოგიური კომფორტის კუთხით, შავი წარმატებული ვარიანტი არაა. ამასთან სწორი, რამდენიმე სცენარიანი განათება სჭირდება. ამ მომენტის უგულებელყოფით საძინებელს მყუდრო სივრცედ ვერ აქცევთ.

უფრო რთულ ფერებს ყურადღება მიაქციეთ. არავინ ამბობს, რომ მუქი პალიტრა უნდა დაივიწყოთ, თუმცა სჯობს ნაცრისფერი, ყავისფერი ტონები დაუმატოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ღია ფერებთან კომბინაცია. ასე შფოთვის და სიცივის გრადუსს შეამცირებთ, საძინებელს ნამდვილად მოდურ სივრცედ აქცევთ.

5. შინდისფერი

თუ წითელ და შინდისფერ ფერებს შევადარებთ, მეორე უფრო შესაფერისია საძინებლისთვის, რადგან დახშობილი ფერია. თუმცა, ყველაფერი კარგია ზომიერად. შინდისფერით გატაცებამ შეიძლება საძინებელი მძიმე სივრცედ აქციოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ის წითელის ჩრდილს მიეკუთვნება, რომელიც ფსიქიკას აღვივებს, გაღიზიანებას და დაღლას ზრდის.

თუ ინტერიერში მსგავსი ფერის გამოყენება მტკიცედ გადაწყვიტეთ, არჩევანი შეაჩერეთ შინდისფერზე, რომელშიც ყავისფერი ქვეტონი ფიგურირებს. ის უფრო დახვეწილი, ელეგანტური ფერია და საბანს თავისკენ არ წევს. კიდევ ერთი ვარიანტი – ნათელი საძინებელი მარჯნისფერში, მაგრამ სჯობს აქცენტად გამოიყენოთ და არა მთელ გამად.

ზოგადი რეკომენდაციები

  • ფერების არჩევისას ინტერიერი მთლიანად და არა ცალ–ცალკე ნაწილად წარმოიდგინეთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება გაიგოთ, ესა თუ ის ფერი ინტერიერს შეეფერება თუ არა.
  • ოთახში არსებული ნივთების ფერები ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს. ვსაუბრობთ ავეჯზე, ტექსტილზე, დეკორზე და ა.შ.
  • ჰარმონიულ ინტერიერს მარტივად შექმნით, თუ უპირატესობას ნეიტრალური ფერის ავეჯს და აქსესუარებს მიანიჭებთ.
  • საძინებლისთვის საუკეთესო ფერია ნატურალური პალიტრიდან – ცისფერი, მწვანე, ყავისფერი და ა.შ. ასეთი ფერები მშვიდ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნიან, რაც საძინებლისთვის იდეალურია.
  • პატარა ოთახებში მთავარ ფრად ნათელი, ხოლო დიდში – გაჯერებული, მუქი ფერები გამოიყენეთ. თუ ვიზუალურად ჭერის აწევა გსურთ, იატაკიდან ჭერამდე ვერტიკალურად მიმართული ნახატი დაგეხმარებათ.
  • კედლის ფერი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: შერჩეული ფერი და ზედაპირის ტექსტურა, რომელზეც გამოიყენება. ზოგჯერ ტექსტურის შეცვლა ისაა, რაც სასურველი ტონის მისაღებად გვჭირდება.