10 დიზაინი შემოსასვლელისთვის, რომლის შენახვაც მოგინდებათ

ბინების უმეტესობას პატარა შემოსასვლელი აქვს, რომელსაც ზომების გამო ფუნქციურს ვერ ვუწოდებთ. თუმცა ამის გამო დერეფანზე ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ და საინტერესო დიზაინის ტექნიკაზე უარი არ თქვათ. ის ხომ პირველი ოთახია, რომელსაც სტუმრები ხედავენ. Novate გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, რომელთა დახმარებით მოსაწყენ ინტერიერს სტანდარტული ავეჯით განააახლებთ.

იდეა 1: მინის ტიხრები

როცა პატარა შემოსასვლელში კედლის აგებას აზრი არ აქვს, მაგრამ მისი შემოსაზღვრა გსურთ, მინის ტიხრები გამოიყენეთ. ასეთი ტიხარი კედელზე უფრო თხელია, ნაკლებ ადგილს იკავებს, ოთახს მოცულობას და ჰაერს არ ართმევს, ამასთან, სრულყოფილი დაყოფის ილუზიას ქმნის. კიდევ ერთი პლიუსი: ჩვეულებრივ, დერეფანი უფანჯრო ოთახია, მინის ტიხარი მეზობელი ოთახიდან ბუნებრივი სინათლის შემოსვლის საშუალებას იძლევა.

იდეა 2: კარადა კედლის დონეზე

თუ ბევრი კვადრატული მეტრი არ გაქვთ, ჩაშენებული კარადა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. ასე პატარა სივრცეს სწორად გამოიყენებთ. მაგალითად, შემოსასვლელში ჩასაშენებელი კარადისთვის ადგილი გამოყავით, ხოლო ფასადი კედლის დონემდე გააკეთეთ. ამ მარტივი ხრიკით ავეჯი შეუმჩნეველი დარჩება, რადგან პრაქტიკულად კედელს ერწყმის.

თუ ასეთი იდეა არ მოგწონთ, სარკიანი კარადის ვარიანტი განიხილეთ. ეს კარგი ტექნიკაა, რომელიც შემოსასვლელ ოთახს სინათლეს მატებს და ყველაზე პატარა სივრცესაც ზრდის. ბონუსად მიიღებთ სრული ზომის სარკეს, რომელიც დერეფნის შეუცვლელი ელემენტია.

შენიშვნა: თუ კარადის ნაწილი ღიაა, შეგიძლიათ უკანა კედელი ღია ფრად შეღებოთ. გაფორმების ასეთი მარტივი მეთოდი მოსაწყენ ინტერიერს სწრაფად და მარტივად გარდაქმნის და ცოტა ხიბლს შემატებს, რომელიც ხედვას მიიზიდავს.

იდეა 3: აქცენტური იატაკის ფილები

შემოსასვლელი მთავარი ოთახი არაა და დიდი ზომებით არ გამოირჩევა, მაგრამ ექსპერიმენტები აქაც შეგიძლიათ. შესანიშნავი იდეა – ერთფერიანი, კაშკაშა ან გრაფიკული ფილები აირჩიეთ. ასე ყურადღებას მიიზიდავთ და ოთახში იატაკზე აქცენტს გააკეთებთ. მსგავსი იატაკის საფარი სივრცეში აუცილებელ დინამიკას შექმნის და ინტერიერი თავის აქტუალობას და ხასიათს არ დაკარგავს, თუნდაც დანარჩენი ოთახები ნეიტრალურ ფერებში გაფორმებული იყოს.

იდეა 4: კარი კედლის ფერში

შემოსასვლელი კარი ყურადღებას რომ არ იზიდავდეს, საერთო სურათიდან ამოვარდნილი არ იყოს და ვიზუალურ ხმაურს არ ქმნიდეს, კედლის ფერში შეღებეთ. ამ შემთხვევაში მსგავს ფერში უნდა შეღებოთ კარის გვერდები, ზღრუბლი და დომოფონი. კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი: შემოსასვლელში თეთრ კედლებზე ფართო ჰორიზონტალური ზოლის გაკეთება, რომელიც კარსაც გაივლის. ასეთი სურათი ძალიან საინტერესოდ და ორიგინალურად გამოიყურება, ამასთან შემოსასვლელი კარი თითქმის უხილავი რჩება.

იდეა 5: მრავალფეროვანი განათება

თუ შემოსასვლელში ბუნებრივი სინათლე არ შემოდის, დარწმუნდით, რომ ხელოვნური სინათლის წყაროებით კარგად განათებულია. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მათგანი გამოიყენოთ: ბრა კედლის სარკესთან, ერთი ნათურა კონსოლზე ან კომოდზე, პატარა ჭაღი ან წერტილოვანი ნათურები, თუ ჭერი დაბალია. ზედმეტი არ იქნება ჩაშენებულ კარადაში განათება, რომელიც კარის გაღებისას ავტომატურად რეაგირებს.

კიდევ ერთი საინტერესო იდეა: განათება პლინთუსის გასწვრივ. ეს ეფექტურად გამოიყურება, თან შენობის სივრცეს ვიზუალურად ზრდის. განათება მოძრაობის სენსორზე დააყენეთ. ასე დღის ბნელ მონაკვეთში უკეთესად რეაგირებას შეძლებთ და ზედმეტ მოძრაობას არ გააკეთებთ. თუ ასეთი ვარიანტი არ შეგეფერებათ, ჩამრთველები დააყენეთ, რომ დერეფანში ორივე მხრიდან ჩართვა და გამორთვა შეძლოთ.

იდეა 6: პრაქტიკული პანო იატაკზე

ხალიჩა დერეფანში ბევრი დიასახლისის ოცნებაა, თუმცა ყველას ესმის, რომ როგორც კი გარეთ გაწვიმდება და ოჯახის წევრები სახლში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით შემოვლენ, ხალიჩისგან არაფერი დარჩება. გამოსავალი? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უბრალო ხალიჩა დააფინოთ, რომელიც არ გენანებათ ან ორიგინალურ ხერხს მიმართოთ და შემოსასვლელში კერამიკული ფილებით ლამაზი, დეკორატიული პანო შექმნათ. შესანიშნავი გადაწყვეტილება შემოსასვლელისთვის – პრაქტიკული, მოდური და თვალისთვის სასიამოვნო.

ფორმებით და რამდენიმე სახის ფილებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ: აარჩიეთ კაფელი საჭირო ნახატით, ასევე კანტი „ხალიჩის“ პირისთვის. მოკლედ, ამის გარეშეც იოლად გახვალთ.

იდეა 7: მწვანე მცენარეები

შემოსასვლელში ოთახის მცენარეები იშვიათად გვხდება, რადგან ოთახში ფანჯარა, შესაბამისად, ბუნებრივი განათება არაა. ასეთ პირობებში ბევრი ყვავილი ვერ გადარჩება, რადგან მცენარეების უმეტესობას მზის პირდაპირი სხივები სჭირდება. ამასთან, ცოცხალი ყვავილები ინტერიერს უფრო ახალს, მსუბუქს და კომფორტულს ხდის. გამოსავალი: ორიგინალური პანო სტაბილიზირებული ხავსით. მას მორწყვა და ფანჯრის რაფაზე მოთავსება არ სჭირდება. პირიქით, მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს, ხოლო ჰაერის ტენიანობა მინიმუმ 40% უნდა იყოს.

იდეა 8: დასაკიდი კონსოლი ან კომოდი

ბევრი მფლობელი შემოსასვლელში მხოლოდ კარადას დგამს, არადა ოთახში კიდევ რამდენიმე სასარგებლო ნივთი უნდა იყოს, რომლის გარეშეც ოთახი ნაკლებად კომფორტულია. საქმე კომოდს ან კონსოლს ეხება. ასეთი ავეჯი გამოსაყენებლად კომფორტულია, აქ, ყოველთვის შეგიძლიათ დადოთ გასაღები, ხელთათმანები და წვრილმანი ნივთები, ჩანთა. თუ კონსოლი დიდია, მასზე ლამაზი კომპოზიცია შექმენით ან სეზონური ყვავილების თაიგული დადეთ, რომელიც ოთახს უფრო მყუდროს გახდის.

თუ შემოსასვლელში კომოდის ადგილი არის და მისი შეკვეთა შეგიძლიათ, ფუნქციების მაქსიმალურ რაოდენობაზე დაუყონებლივ დაფიქრდით: ყუთის შიგნით რბილი დასადები გასაღებებისთვის და წვრილმანი ნივთებისთვის, მზის სათვალეების და დასაკეცი ქოლგების განყოფილება, რამდენიმე გამოსაწევი უჯრა დანაყოფებით და მის გარეშე.

ყურადღება მიაქციეთ, რომ კომოდი ან კონსოლი სჯობს დაკიდოთ. ასეთი ავეჯი მინიმალურ ადგილს იკავებს და ინტერიერს არ ტვირთავს. მის ქვეშ შეგიძლიათ პუფი დადოთ, როცა არ გჭირდებათ. ძალიან კომფორტული და კომპაქტური გამოდის.

იდეა 9: ფარდა შენახვის სისტემისთვის

ტიპიურ შემოსასვლელში ხშირად იპოვით პატარა საკუჭნაოს ან ჩაშენებულ კარადას. თუ გამოსაღებ კარს განიხილავთ, ადგილის ეკონომია დაივიწყეთ. რაც შეეხება გასაწევ კარს, მისთვის მეზობელ კედელზე თავისუფალი ადგილი ყოველთვის არაა. რა არის გამოსავალი? ტრადიციული კარი ლამაზი, სქელი ნაჭრის ფარდით ჩაანაცვლეთ, რომელიც ფორმას შეინარჩუნებს. მისი დახმარებით, ნივთებს მტვერს მოაშორებთ, ასევე ვიზუალურ ხმაურს მოიშორებთ, როცა ყველა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩანს და არეული საცავის შთაბეჭდილება იქმნება.

იდეა 10: არასტანდარტული სარკე

შემოსასვლელში, როგორც სააბაზანო ოთახში, სარკეს გვერდს ვერ აუვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეაფასებთ თქვენს გარეგნობას უშუალოდ სახლიდან გასვლის წინ? ერთფეროვან დიზაინს გვერდი რომ აუაროთ, უპირატესობა არასტანდარტული ფორმის სარკეს მიანიჭეთ. სივრცე უფრო მთელი და ჰარმონიული გამოჩნდება, თუ ამ ფორმებს ინტერიერის სხვა ელემენტებში გაიმეორებთ. ამასთან, შემოსასვლელში სარკის მთავარი ფუნქცია არ დაგავიწყდეთ – უჩვეულო ფორმის მიუხედავად მასში ჩახედვა კომფორტული უნდა იყოს.