როგორ მოვრთოთ საძინებელი: 8 მაგარი იდეა საწოლის ზემოთ კედლის გასაფორმებლად

საძინებლის გაფორმება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ოთახების, რადგან ვიზუალური გადატვირთვისას ნაკლებად ლამაზი და მყუდრო ხდება, თან ოთახში მოდუნება და დაძინება რთულდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ზომები – არასწორი ზომის დეკორი ოთახს ვიზუალურად აპატარავებს. Novate გასწავლით, როგორ გააფორმოთ საწოლის ზემოთ კედელი წესების დაცვით.

იდეა 1: სარკე

თუ თქვენი მთავარი ამოცანა არსებული სივრცის ვიზუალურად გაფართოებაა, დახმარებისთვის სარკეს მიმართეთ. ის მზის სხივებს ირეკლავს და ბუნებრივი სინათლის რაოდენობას ზრდის, ასე ოთახი უფრო ფართო ჩანს. შესაბამისად, რაც უფრო დიდია სარკე, მით უფრო ძლიერია ვიზუალური ეფექტი.

დამატებით, დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. თუ ლოგინის თავზე სარკის დაკიდვას აპირებთ, რამდენიმე მომენტი გაითვალისწინეთ. საწოლის ზემოთ, კედლის ცენტრში შეგიძლიათ ერთი საშუალო ზომის სარკე მოათავსოთ. ამ შემთხვევაში აქცენტური ჩარჩო შეარჩიეთ, მაგალითად, რეტრო სტილის ან მზის ფორმის, რომ ყურადღება მიიზიდოს. ოთახში სხვა აქსესუარები ნეიტრალური უნდა იყოს. თუ ჩარჩოზე აქცენტი არ გსურთ, გეომეტრია გამოიყენეთ, რამდენიმე პატარა ზომის მრგვალი, კვადრატული და სამკუთხა მოდელების კომპოზიცია შექმენით. საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ? მაშინ მზა არტ–ობიექტი შეიძინეთ და საწოლის ზემოთ დაკიდეთ.

იდეა 2: ნახატი

ყველაზე სწრაფი და მარტივი ვარიანტი საძინებელი ოთახის გასაფორმებლად. რთულ სიუჟეტს და ჩარჩოს უპირატესობა არ მიანიჭოთ, ნაკლებად გონივრულია. აი, ლაკონური დიზაინი სკანდინავიურ სტილში ყოველთვის გონივრულია. ნახატი ან პოსტერების სერია ინტერიერში იდეალურად ჯდება, თუ მათში ოთახში არსებული ფერები მეორდება.

თუ მასშტაბურ დეკორზე ოცნებობთ და კარგ გემოვნებაში 100%–ით დარწმუნებული ხართ, სტანდარტული პოსტერებით არ შემოიფარგლოთ და ნამდვილი არტ–კედელი შექმენით. ამისთვის, სხვადასხვა ფორმის და ზომის ნახატები შეარჩიეთ და ერთ კომპოზიციად ააწყვეთ. კარგია, თუ ხელოვნების ნიმუშები ერთ სტილშია შესრულებული – ასე ერთ გალერეაში მარტივად გააერთიანებთ. სხვათა შორის, არტ–კედელი მხოლოდ ნახატებისგან არ შედგება – სარკე, თარო, ცარიელი ჩარჩო და სხვა დეკორი შემატეთ.

იდეა 3: ხალიჩა ან მაკრამე

დიახ, დიახ, ხალიჩა კედელზე კვლავ მოდაშია და როგორც მინიმუმ, ამის 3 მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ხალიჩა დამატებით თბოიზოლაციის ფენას წარმოადგენს, ასე ოთახი ზამთარში უფრო დათბება და ზაფხულში გაგრილდება. მეორეც, აკუსტიკური პანელის როლს ასრულებს და ხმის იზოლაციას აუმჯობესებს. მესამეც, ოთახში დამატებითი ტექსტურა შემოაქვს, მოცულობას მატებს, სივრცეს ცოცხალს და მყუდროს ხდის.

გაითვალისწინეთ, რომ ხალიჩა კედელზე ყველა ინტერიერში შესაფერისი არაა. სკანდინავიურ და ბოჰო სტილს უფრო უხდება. თანამედროვე კედლის ხალიჩას უპირატესობა მიანიჭეთ, მათ შორისაა ტექსტილის პანო და გობელენი. ასეთი დეკორი კედლის დიდ ნაწილს იკავებს, ამიტომ ლაკონური და დახვეწილი უნდა იყოს, რომ ინტერიერი არ გადაიტვირთოს. გამოგადგებათ ეთნიკური ნიმუშები პასტელურ ფერებში, განმეორებადი გეომეტრიული პრინტი და ა.შ. სხვათა შორის თუ ჩხირკედელაობა გიყვართ, მაკრამე დეკორი შექმენით და კედელზე დაკიდეთ – ძალიან ორიგინალური გამოვა. რაც არ უნდა აირჩიოთ, ზედაპირის მტვრისგან ხშირად გაწმენდა არ დაგავიწყდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალიჩა ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს.

იდეა 4: შპალერი

თუ ოთახში სამი კედელი ერთ ფერში იქნება, მეოთხე – აქცენტური, საძინებელი ახლებურად ათამაშდება და უფრო საინტერესოდ გამოჩნდება. ამ მიზნით გამოიყენეთ შპალერი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს უხდება. თანამედროვე კედლის საფარის მრავალფეროვნება ნამდვილად გასაოცარია. მეთოდი ეკონომიურია და მინიმალისტებიც, რომლებიც ზედმეტი დეკორის წინააღმდეგი არიან, ღირსეულად აფასებენ.

კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება მოგეწონოთ – ფოტოშპალერი. თუ ფერს და ნახატს სწორად შეარჩევთ, ოთახი ვიზუალურად დიდი გამოჩნდება. არასტანდარტული გზა აირჩიეთ და ფოტოშპალერით ინტერიერი უფრო პირადული გახადეთ. ამისთვის შპალერი შეუკვეთეთ და აირჩიეთ სიუჟეტი, რომელიც თქვენს ჰობს ან ოჯახის ისტორიას უკავშირდება. მაგალითად, თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ, მისი გამოსახულება ინტერიერს კარგად ერწყმის.

უმაღლესი პილოტაჟია შპალერის და ტექსტილის კომბინაცია, მთავარია, მათზე არსებული პრინტები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდეს. გამოცდილი, კლასიკური ვარიანტი – ფლორისტული და გეომეტრიული ორნამენტები კედელზე. მაგალითად, ყვავილოვანი შპალერი და ზოლები მოლდინგის სახით.  ზედმეტად ჭრელ ფერებს მოერიდეთ, რომ საძინებელი არ გადაიტვირთოს.

იდეა 5: მოლდინგი

რაც შეეხება, მოლდინგს. მას საინტერესო თვისება აქვს – სივრცეს უფრო დახვეწილს ხდის, კედელს ვიზუალურად ზემოთ წევს და არა აფართოებს. ეს გამოგადგებათ, თუ ვიწრო, დაბალჭერიანი ოთახი გაქვთ. პატარა ოთახი მსხვილი და რთული დეტალებით არ გადატვირთოთ, ეს გონივრული არაა. გირჩევთ, რომ კედელზე წვრილი ზოლები გამოიყენოთ, რომლებიც გეომეტრიულ ფორმებს (კვადრატი, მართკუთხედი) ქმნიან. ავეჯი და დეკორატიული ელემენტები ტრადიციულ სტილში შეარჩიეთ, რომ დანაყოფსა და გარე სივრცეს შორის ჰარმონია არ დაირღვას.

იდეა 6: პანელები

რას იტყვით კედლის პანელზე საწოლის ზემოთ? მთავარი პლიუსი: მრავალფეროვნება. თაბაშირი, ხე, ტყავი, მდფ, ნაჭერი – ნებისმიერი გემოვნების და ფასის. თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს. მაგალითად, თაბაშირის პანელები ეკოლოგიურად სუფთაა, ნაჭრის – მყუდრო, სხვადასხვა ფერის და ტექსტურის, ტყავის – ბრუტალური, იდეალურია ინდუსტრიულ და ლოფტის სტილებში, ხის – უნივერსალური და ნებისმიერ ინტერიერს შეეფერება.

თუ გსურთ, ოთახი უფრო ეფექტური გამოჩნდეს, არა მხოლოდ კედელი, არამედ ჭერის ნაწილიც გააფორმეთ. სხვათა შორის, კიდევ ერთი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ უსწორმასწორო კედლებს და სხვა ნაკლს კარგად ფარავს.

იდეა 7: თაროები

ამ დეკორატიული ელემენტით არა მხოლოდ საძინებელ ოთახს გააფორმებთ, არამედ შენახვის ზოგიერთ საკითხს მოაგვარებთ, რაც პატარა ოთახში აქტუალურია. დიზაინი შეიძლება იყოს ყველაზე მარტივი, მთავარია, ინტერიერის შესაბამისად შეავსოთ. წაუგებელი ვარიანტი: წიგნი, პატარა ლარნაკი ან ქოთანი ყვავილებით, სანათი და ა.შ.

ყურადღება მიაქციეთ: ასეთი ვარიანტი ყველას არ შეეფერება. საწოლის ზემოთ თაროებმა შეიძლება ფსიქოლოგიური დისკომფორტი გამოიწვიოს, რის გამოც მოდუნება გაგიჭირდებათ. თან ძილიც მშფოთვარე გახდება.

იდეა 8: ფოტოები

შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში მარტივ და იაფ გადაწყვეტილებას უპირატესობა მიანიჭეთ – საოჯახო ფოტოები ლამაზ ჩარჩოებში. შეარჩიეთ რამდენიმე ნახატი ერთ სტილში ან მაქსიმალურად მსგავს ჩარჩოებში, რომ ინტერიერი არ გადაიტვირთოს. ასეთ დეკორს ერთი დადებითი მხარე აქვს – სივრცეს ინდივიდუალობას მატებს, რადგან პირდაპირ თქვენთან კავშირშია.