მორწყვისას დაშვებული 5 შეცდომა, რის გამოც ოთახის მცენარე ჭკნება და ხმება

ოთახის მცენარეებზე ზრუნვა შრომატევადი პროცესია, სადაც თითოეულ „ბინადარს“ საკუთარი მიდგომა სჭირდება. ბევრი ფიქრობს, რომ ყვავილის კვირაში ერთხელ მორწყვა და დრო და დრო გადარგვა საკმარისია, თუმცა ეს ცოტაა. თუ მცენარეს არასწორად მორწყავთ, დაჭკნება და მოკვდება. Novate გიამბობთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ მორწყვის დროს.

1. მთელი წელი ერთი და იმავე სიხშირით მორწყვა

თუ მთელი სეზონი ოთახში ერთსა და იმავე ტემპერატურას ინარჩუნებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორწყვის სიხშირეც უცვლელი უნდა იყოს. წლის განმავლობაში მცენარის ბიოლოგიური რიტმი იცვლება. გაზაფხულსა და ზაფხულზე აქტიურად იზრდება და ყვავილობს, ამიტომ მეტ სითხეს მოითხოვს. შემოდგომასა და ზამთარში პროცესები ნელდება, ამიტომ ნაკლები წყალი სჭირდება.

შეისწავლეთ, როგორ იზრუნოთ თითოეულ ოთახის მცენარეზე. ზოგიერთი ყვავილი პირველივე სიცივეზე ძილის ფაზაში გადადის, ამიტომ მორწყვა უნდა შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები დალპება. ზოგს უფრო გრილი პირობები სჭირდება. სხვები მთელი წელი აქტიურია.

2. მორწყვის მკაცრი გრაფიკის დაუცველობა

ყვავილები ერთსა და იმავე დროს მორწყეთ, ასე უფრო მოსახერხებელია და დროსაც დაზოგავთ. მაგალითად, კვირაში ერთხელ, შაბათს დალაგების დროს ან ყოველ მეორე დღეს. გახსოვდეთ, თითოეულ მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ამაზე გავლენას ახდენს გათბობის სისტემები, შენობის ტენიანობა და ქოთნის ფერიც. თუ მცენარე მუქ ქოთანში მზეზე დგას, ხშირად მორწყვა მოგიწევთ.

პირველ რიგში, კონკრეტული ყვავილისთვის მორწყვის წესი შეისწავლეთ და დაიცავით. მეორეც, შინაური „ბინადრის“ გარეგნობას ყურადღება მიაქციეთ. თუ ფოთლებმა მოქნილობა დაკარგა და დაცვენილია, ხშირად მორწყეთ. ზემოდან მიწა გამოშრა და ქერქით დაიფარა? მორწყვის დღეს არ დაელოდოთ, მიწა პირდაპირ ახლა დაატენიანეთ. სუკულენტები გამონაკლისია. ისინი სქელ ღეროებში წყალს იმარაგებენ და ერთთვიანი გვალვის დროსაც თავს კარგად გრძნობენ.

3. მხოლოდ ზემოდან მორწყვა

მარტივი და ამიტომ პოპულარული ვარიანტი: ზემოდან მორწყვა. მიწას სარწყავით, ბოთლით და ფინჯანით რწყავენ, ხოლო ფოთლებს წყალს აპკურებენ. შემდეგ სითხე სადგამზე იწურება, რომელსაც ასხამენ. ასეთი ვარიანტი ხაოიანი და გლუვი–ცილოვანი ფოთლების მქონე ყვავილებისთვის არასასურველია. მათ შორისაა: ჯინჭარა ყვავილი, ია, ბეგონია, ნემსიწვერა, სხვადასხვა სუკულენტი, გლოქსინია.

ამ შემთხვევაში ქვემოდან მორწყვის ვარიანტი უნდა განიხილოთ. სითხე სადგამზე დაასხით, მცენარე საჭირო რაოდენობის სითხეს თავად შთანთქავს. მთავარია, რომ ქოთანს დრენაჟის საკმარისი ნახვრეტი ჰქონდეს და მიწა წყალს ეხებოდეს.

4. სადგამიდან წყლის არ გადასხმა

ზოგი სადგამზე ბევრ წყალს ასხამს და ასე ტოვებს. თითქოსდა ოთახის მცენარე სითხეს თავად შთანთქავს და ხშირად მორწყვა საჭირო არაა. სინამდვილეში, დაგუბებული სითხე ფესვების ლპობას, ობის და სოკოს განვითარებას იწვევს. მცენარემ იმდენი უნდა შეიწოვოს, რამდენიც მას სჭირდება და არა მფლობელს.

სადგამზე სითხე შეგიძლიათ მაქსიმუმ 15-20 წუთით გააჩეროთ. ამ დროში მიწა სითხის ათვისებას შეძლებს. ზედმეტი წყალი გადაასხით და სადგამი გარეცხეთ. უკიდურეს შემთხვევაში წყალი შეგიძლიათ რამდენიმე დღე არ გადაასხათ. ეს იმ პირობით, თუ სადმე წასვლას აპირებთ და მცენარე წყლის გარეშე სწრაფად გახმება. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული და არა მუდმივად.

5. ონკანის ცივი წყლით მორწყვა

მორწყვის სიხშირის გარდა წყლის ხარისხიც, მისი შემადგენლობა და ტემპერატურაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შინაური „ბინადრის“ მორწყვა ონკანის, ცივი წყლით არასასურველია. უდავოდ, უპრეტენზიო ყვავილებიც არსებობს, თუმცა ხარისხიანი წყალი მათთვისაც უკეთესია.

ყვავილები ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყეთ. წინასწარ რამდენიმე დღე დააყენეთ, ასე არახელსაყრელი ელემენტები ძირში დაილექება. თუ ფილტრი გაქვთ, ყვავილები მხოლოდ სუფთა წყლით მორწყეთ.