
ბინაში რემონტის გაკეთებისას გვსურს, რომ საბოლოოდ ისეთი შედეგი მივიღოთ როგორც პრიალა ჟურნალის ან ინტერიერის ბლოგის ფოტოებში. თუ ასეთი შედეგი ვერ მიიღეთ, დაფიქრდით, შესაძლოა, კედლებზე კარგად არ იმუშავეთ? Novate გთავაზობთ დეკორის რამდენიმე კარგ იდეას, რომელიც ინტერიერს სასურველ ხიბლს შემატებს.
იდეა 1: 3D პანელი
მოცულობით ექსპერიმენტი შესაძლებელი და აუცილებელია. ასე ინტერიერს უფრო საინტერესოს გახდით. ამ საკითხში 3D პანელები დაგეხმარებათ. მას სხვადასხვა მასალისგან ამზადებენ, წყალგაუმტარიც არსებობს, ამიტომ გამოყენების სფერო მრავალფეროვანია. 3D პანელები შეგიძლიათ გამოიყენოთ საძინებელში, მისაღებში, სამზარეულოსა და სააბაზანოში – ზედმეტი ტენიანობა და ტემპერატურის ცვლილებები მასალის ხარისხზე არ აისახება. 3D პანელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯის სხვადასხვა ელემენტისთვის, მაგალითად, კარადის ან ბარის დახლისთვის.
იდეა 2: შპალერი ჩარჩოში
ზოგიერთი შპალერი ზედმეტად ძვირი ღირს. არ ვკამათობთ, ალბათ, ბრენდული, ხარისხიანია და 100 წელი გაძლებს, თუმცა საკუთარი ხელფასით რამდენიმე რულონის ყიდვა ბევრს არ ენდომება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ალტერნატივას – ასეთი შპალერი დეკორად გამოიყენეთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორც დიდი სურათი ეფექტურ ბაგეტში. ახლა შეგიძლიათ შპალერის ფასდაკლებულ ნარჩენებზე ნადირობა გამოაცხადოთ. კედლის ასე გასაფორმებლად ერთი რულონი საკმარისია.
იდეა 3: ჭურჭელი კედელზე
თეფშები არა მხოლოდ სუფრის სერვირებისთვის, არამედ ინტერიერის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მსგავსი კომპოზიცია უჩვეულოა, ხოლო სწორი მიდგომით, მოდური და მიმზიდველი. ტრადიციულად, ჭურჭლით სამზარეულოს ან სასადილო ზონას აფორმებენ – აქ, უფრო ჰარმონიულია. სურვილის შემთხვევაში, სხვა ოთახიც შეგიძლიათ გააფორმოთ. რატომაც არა? მისაღებ ოთახში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან საუბრისას თეფშების ლამაზი კომპოზიციით შეგიძლიათ დატკბეთ. საძინებელში ასეთი კომპოზიცია შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც იმპროვიზებული საწოლის თავი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ჭურჭელი ერთ სტილში უნდა იყოს და ინტერიერს შეეფერებოდეს. ლაკონურ და მკაცრ ჰაიტექის სტილში ფაიფურის თეფშები ლავანდით ნაკლებად გონივრულია. უფრო რომანტიკულ პროვანსს მოუხდება.
იდეა 4: გეომეტრიული ზოლები
ადრე მოხატული კედლები სახელმწიფო დაწესებულების (სკოლა, საავადმყოფო, ოფისი) ელემენტად ითვლებოდა. საბედნიეროდ, სტერეოტიპი წარსულს ჩაბარდა და ახლა დიზაინერები ბინის გასაფორმებლად სხვადასხვა ფერის საღებავს აქტიურად იყენებენ. თუ სტანდარტული ერთ ფერში შეღებვა არ შთაგაგონებთ, უკეთესი ვარიანტი მოიფიქრეთ. მაგალითად, გეომეტრიული მოხატვა, რომელიც ინტერიერს უნიკალურს ხდის და დამატებით მოცულობას სძენს. სხვადასხვა გეომეტრიული ფორმები არა მხოლოდ საღებავით, არამედ ფერადი სკოჩით შეგიძლიათ შექმნათ. მთავარია, კარგად მოიფიქროთ და სწორად დააკრათ. ტექნიკა უფრო დიდი ხრიკია, ვიდრე ფიქრობთ. თუ პატარა სამზარეულო გაქვთ და სასადილო მაგიდა შენობის სივიწროვეს ხაზს უსვამს, კედელზე აქტიური გრაფიკა ყურადღების გადართვაში დაგეხმარებათ და სივრცეს ვიზუალურად გაადიდებს.
იდეა 5: ფერადი ბიბლიოთეკა
თუ თქვენს ბინაში ბევრი წიგნია და მათთვის მისაღებ ოთახში დიდი კარადაა გამოყოფილი, წიგნებით ფერადი კომპოზიცია შექმენით. თუ არსებული ლიტერატურა ლამაზი გარეგნობით არ გამოირჩევა ან ერთმანეთს ფერებით არ უხდება, გარე ყდა თავად გააკეთეთ. რა თქმა უნდა, ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი გაგახარებთ. გარდა ამისა, ყდის დამზადებისას შეძლებთ ისეთი ფერები შეარჩიოთ, რომელიც ბინის ინტერიერს შეეფერება.
იდეა 6: ნახატები და ფოტოები
ინტერიერის დიზაინში ინდივიდუალიზმი უკვე დიდი ხანია პოპულარულია. ბინები აღარ უნდა ჰგავდეს სტერილურ თეთრ შენობას, სადაც თითოეული ნივთი მკაცრად თავის ადგილზე დევს და ხედვას არაფერი იზიდავს. მნიშვნელოვანია, სახლი გაავსოთ ნივთებით, რომლებიც დადებით ემოციებს და მოგონებებს იწვევს, თქვენს გატაცებებზე საუბრობს. ასეთი ნივთები არა ყუთებსა და კარადაში, არამედ თვალსაჩინო ადგილას უნდა შეინახოთ, რომ თითოეულმა სტუმარმა გაიგოს, რით ცხოვრობთ, რა მოგწონთ და ა.შ.
კედლები ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება. კედელზე თამამად დაკიდეთ ფოტოები ჩარჩოში, ბავშვების სურათები, საყვარელი მხატვრის ნახატები, პოსტერები. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ თაროები ყვავილებით ან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირებით, ძეწკვებით და სამაჯურებით, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. გონივრულია, მუსიკალური ინსტრუმენტები, თუ ეს თქვენთვის ახლო თემაა. ასეთი კედელი კალეიდოსკოპს ჰგავს და ყოველი შეხედვისას მხიარულ ემოციებს იწვევს.
იდეა 7: საათების კოლექცია
ტყუილად არ ამბობენ, რომ ბედნიერი ადამიანები საათს არ აკვირდებიან. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დეკორად გამოიყენოთ. კედლის საათები შეაგროვეთ და მისაღებში დივნის ზემოთ დაკიდეთ. ასეთი კომპოზიციით დაგვიანების არ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ კოლექციის თითოეული ელემენტი ერთ სტილში უნდა იყოს შესრულებული: ძველი მოდელები გუგულით თანამედროვე დიზაინერულ ნამუშევართან უადგილოა.
იდეა 8: გრაფიტის საღებავი
ასეთი საღებავი ნებისმიერ კედელს სკოლის დაფის ანალოგად აქცევს. მასზე შეგიძლიათ დახატოთ, რეცეპტები ჩაიწეროთ, ოჯახის წევრებს სასიამოვნო სურვილები დაუტოვოთ. ფანტაზიისთვის მხოლოდ ცარცი დაგჭირდებათ. საღებავი სხვადასხვა ფერის არსებობს და ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სივრცის დასაყოფად: სამუშაო ან სასადილო ზონა გამოყავით. გრაფიტულ კედელს ბავშვებიც სათანადოდ დააფასებენ. მათ ნებისმიერ ზედაპირზე დახატვა უყვართ. დამეთანხმეთ, თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ, თუ გეცოდინებათ, რომ ბავშვის ნახატის ნებისმიერ დროს წაშლას შეძლებთ და ახალი შპალერის ყიდვა არ მოგიწევთ.
შენიშვნა: თუ ოჯახში ბავშვი ცხოვრობს, მშობლებმა შპალერ–საღებავსაც ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩვეულებრივ, ისეა გაკეთებული, რომ მთავარს ზემოდან ეკვრის და შემდეგ უპრობლემოდ იხსნება. პატარებს ნამდვილად მოეწონებათ, რადგან ფანქრების, საღებავების, ფლომასტერების აღებას და კედლების მოხატვას კანონიერად შეძლებენ.
იდეა 9: სარკე
ყველასთვის ცნობილია, რომ სარკეს ერთი ძალიან საინტერესო და სასარგებლო თვისება აქვს – სივრცის ვიზუალურად გაფართოება. რატომ არ უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად და არ დაკიდოთ კედელზე რამდენიმე ნიმუში? თუ ფიგურული ვარიანტები მოგწონთ, ჩარჩოში არ ჩასვათ, ხოლო ჩვეულებრივი მართკუთხა და კვადრატი სარკეები სქელ ხის ბაგეტში უფრო ლამაზად გამოიყურება. ასევე პოპულარულია ჩარჩოები, რომლებიც მზის სხივებს ჰგავს.