8 საიდუმლო ხრიკი საძინებლის გასაფორმებლად, რომელშიც უფრო მეტი ქიშმიშია, ვიდრე ფუნთუშაში

საძინებელი ოთახის ინტერიერი ყოველთვის თავიდან ბოლომდე მოფიქრებული არაა, რადგან ბევრი თვლის, რომ მასში მთავარი ნივთების, საწოლის, კარადის და ზოგჯერ ტუალეტის მაგიდის ქონა საკმარისია. არადა ეს ოთახია, სადაც დღე იწყება და მთავრდება, ამიტომ მისი კარგად გაფორმება ნომერ პირველი ამოცანაა. ამაში კი Novate–ს რჩევები დაგეხმარებათ. გთავაზობთ დეკორაციის რამდენიმე ტექნიკას, რომელიც ოთახს უფრო საინტერესოს და დინამიურს გახდის.

ხრიკი 1: პლედი გადააფარეთ

პარალელი შეგიძლიათ გარეგნობასთან გაავლოთ. როცა ბლუზზე ერთი ნაკეციც არაა, თმა შეკრულია, მაკიაჟი მაქსიმალურად სუფთად შესრულებული – ეს კარგია, მაგრამ მოსაწყენი. ზოგჯერ ზედმეტი წესრიგით კბილებს ვაკრაჭუნებთ. ასეა ინტერიერის შემთხვევაში: წესრიგის დამყარების მცდელობის და შინაგანი პერფექციონისტის მოთხოვნების დაკმაყოფილებისას არ ვუფიქრდებით, რომ საძინებელს სიმსუბუქე სჭირდება, მთავარია – მოფიქრებული დაუდევრობა. ამ შემთხვევაში პლედი დაგეხმარებათ. ნეიტრალური მოდელი შეარჩიეთ, რომელიც ინტერიერს ფერით შეეფერება ან კონტრასტული პლედი ნათელი აქცენტისთვის. საწოლზე მაქსიმალურად დაუდევრად გადაფინეთ, თითქოსდა დილით შემთხვევით დაგრჩათ. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ: საწოლის გადასაფარებლის დიდ სივრცეს გააზავებთ და პლედი ყოველთვის ხელთ გექნებათ, მაგალითად შუადღეს, დასვენების დროს.

ხრიკი 2: კედლები გააფორმეთ

საძინებლის დეკორისთვის მრავალი ვარიანტი შეგიძლიათ შეარჩიოთ. მაგალითად, შეიძინეთ საწოლი რთული და ეფექტური საწოლის თავით აქცენტის როლისთვის. ზოგი არჩევანს ღია საღებავზე ან პრინტიან შპალერზე აკეთებს, რომ ამ ზონაში ყურადღება მიიზიდოს. თუ საძინებელში რემონტი უკვე გააკეთეთ და კედლები ნეიტრალურ ფერში შეღებეთ (ფერების შიშის გამო ასე ხშირად ხდება) საწოლის ზემოთ სივრცე ხელოვნების ნიმუშებით გააფორმეთ. გამოიყენეთ ნებისმიერი რამ: პანო, სარკე, ნახატი. თუ ჭერის ვიზუალურად გაწელვა გსურთ, დიდი, ვერტიკალური პოსტერები გამოიყენეთ – ასე სივრცეს დაამშვენებთ და პრობლემას მოაგვარებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ შერჩეული ნივთის ფერი და სტილი ინტერიერში გამოყენებული ტექსტილის ფერსა და მიმართულებას ერწყმოდეს.

ხრიკი 3: ბალიშები დაამატეთ

დეკორატიული ბალიშები ბევრი არასდროსაა, მით უფრო საწოლზე. ჰარმონიულად რომ გამოიყურებოდეს, სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერის და ტექსტურის ბალიშები შეარჩიეთ. საერთო წესი: კუთხესთან ახლოს დიდი 60×60 ან 70×70 ბალიშები დააწყვეთ. როცა ბალიშების დაწყობას დაასრულებთ, ისინი თითქმის აღარ გამოჩნდება, მაგრამ მთავარი კომპოზიციის საფუძველს წარმოადგენს და საჭირო მოცულობას ქმნის. მას მოსდევს 50×50, შემდეგ – 40×40. მთავარი ხიბლი ყველაზე პატარა, სხვა ფორმის ბალიშია, მაგალითად, 30×50. სჯობს სხვების ფონზე არა მხოლოდ ზომით, არამედ პრინტით, მაგალითად, ნაქარგით გამოყოთ.

ხრიკი 4: ბანკეტკა დადგით

თუ საძინებელ ოთახში პატარა სივრცეა, მხოლოდ აუცილებელი ნივთებით შევსება მოგიწევთ – საწოლით და კარადით. თუ ოთახის ზომები საშუალებას გაძლევთ, საწოლის ბოლოში ლამაზი ბანკეტკა (მოგრძო, რბილი დასაჯდომი) ან პუფი დადგით. ეს დახვეწილად გამოიყურება და ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. გარდა ამისა, პრაქტიკული ფუნქციაც აქვს: მასზე შეგიძლიათ საწოლის გადასაფარებელი, პლედი და დეკორატიული ბალიშები დააწყო, როცა დასაძინებლად გაემზადებით.

ხრიკი 5: ტუმბოზე კომპოზიცია შექმენით

არავინ კამათობს, რომ საწოლის ტუმბოები უბრალოდ ფუნქციური დამატებაა. მასზე ვდებთ წიგნს, რომელსაც ძილის წინ ვკითხულობთ, ტელეფონს, ჭიქა წყალს, მაღვიძარას და სხვა აუცილებელ წვრილმანს. თუ თქვენი მიზანია ლამაზი და მოდური ინტერიერი, მოგიწევთ ამ ზონის წესრიგს ყურადღება მიაქციოთ. ზემოდან დეკორატიული ელემენტებით შევსება საჭირო და აუცილებელია. მაგალითად, აქ შესანიშნავად გამოიყურება ცოცხალი ან ხელოვნური ყვავილების თაიგული, თუ რაღაც უფრო გამძლე გსურთ, მცენარე დახვეწილ კაშპოში, ლამაზად დალაგებული წიგნები, კერამიკის სტატუეტი გამოგადგებათ. თუ ფუნქციურ დეკორზე ვსაუბრობთ, მაგიდის სანათზე დაფიქრდით. მაღაზიები გვთავაზობენ მრავალფეროვან არჩევანს ნებისმიერი სტილისთვის.

შენიშვნა: ტუმბოს სიმაღლე ლოგინის სიმაღლის დონეზე უნდა იყოს. გვერდით როზეტის ქონა გაითვალისწინეთ, რომ ღამით ტელეფონის დატენვა გაგიადვილდეთ. თუ შემთხვევით ტუალეტის მაგიდა გჭირდებათ, მაგრამ მის დასადგმელად ადგილი არ გაქვთ, ერთ–ერთი ტუმბოს ნაცვლად დადგით.

ხრიკი 6: ხალიჩა დააფინეთ

იმის გათვალისწინებით, რომ საძინებელი ოთახი მეტნაკლებად ცივი ზონაა, შეგიძლიათ ხალიჩა დააფინოთ და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ ყოველდღე გაწმენდა მოგიწევთ. ის არა მხოლოდ ინტერიერის ბოლო შტრიხი გახდება, არამედ სასურველ მყუდროებას გაჩუქებთ. დილით, საწოლიდან ადგომისას ფეხქვეშ რბილი, ნაზი ბეწვის შეგრძნება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ცივი იატაკის. კიდევ ერთი პლიუსი: ხალიჩა ვიზუალურად საძილე ზონას ყოფს და ინტერიერის ფერთა გადაწყვეტილებას შესანიშნავად ავსებს.

ხრიკი 7: ფარდა დაკიდეთ

ფარდა საძინებელ ოთახში რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. დავიწყოთ პრაქტიკულით. ფარდა ქუჩის ან მოპირდაპირე სახლის ცნობისმოყვარე თვალებისგან უნდა გიცავდეთ, ასევე დილით ადრე (ან შუადღეს, თუ ნასადილევს წაძინება გსურთ) მზის სხივების მოხვედრას ხელს უშლიდეს. სწორედ ამიტომ, სქელი ნაჭრის ფარდა ბლექაუთის ეფექტით საუკეთესო ვარიანტია, რომელიც ოთახში სინათლეს საერთოდ არ უშვებს. ზოგიერთ ბინაში ფარდა გათბობის სისტემებს ფარავს. დიზაინერები გირჩევენ, რომ ფარდა ჭერის ვიზუალურად ასაწევად გამოიყენოთ. ამისთვის კარნიზი ჭერქვეშ დაკიდეთ, ხოლო ფარდა იატაკამდე დაუშვით.

სქელი ფარდის გარდა თხელი ტიულის არსებობა არ დაგავიწყდეთ. დიახ, ის ცნობისმოყვარე თვალისგან ვერ დაგიცავთ, თუმცა ოთახს მყუდროებას შემატებს და ადამიანს დახურული პირადი სივრცის შეგრძნებას მიანიჭებს. მზიანი მხარისთვის აირჩიეთ ფარდები დღე–ღამე, რომელიც ოთახში შემოსულ სინათლეს არეგულირებს.

ხრიკი 8: გირლანდები გამოიყენეთ

ტრადიციულად, გირლანდებს დეკემბერში, ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე იღებენ, მაგრამ სადღესასწაულო განწყობის შექმნა უკვე გვსურს. ადამიანების უმეტესობა გირლანდებს ყოველდღიურად იშვიათად იყენებს, რადგან უადგილოდ თვლის. გაიხსენეთ, როგორი კომფორტულია იჯდე საღამოს, ფანჯარასთან, რომელიც ათობით პატარა თბილი ნათურით გაფორმებულია, და ცხელი კაკაო მარშმელოუთი დალიოთ. რატომ უნდა დაელოდოთ ზამთარს ბინაში მსგავსი ატმოსფერო შესაქმნელად? გირლანდები საძინებლის მუდმივ დეკორად გამოიყენეთ. საღამოს ჩართეთ და ზღაპრული გარემოთი ისიამოვნეთ, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ და სასიამოვნო მოგონებებს და ღიმილს გამოიწვევს.