9 შეცდომა, რის გამოც ბინა უფრო პატარა ჩანს, ვიდრე არის

პატარა ბინა დიდი ოჯახისთვის საცხოვრებლად კომფორტული არაა, მაგრამ ის უფრო მყუდროა, ვიდრე უზარმაზარი პენტჰაუსი. განსაკუთრებით, თუ ბინის განლაგებას სწორად დაგეგმავთ და გავრცელებულ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, რომლებიც პატარა ბინას ავიწროებს და სტუმრებში კლაუსტროფობიის შეტევას იწვევს. Novate ამ შეცდომების დეტალურად განხილვას გთავაზობთ.

შეცდომა 1: საშუალო სიმაღლის კარადა

კარადის არჩევისას მის სიმაღლეს ყურადღება მიაქციეთ. თუ კარადა ჭერამდე ასული არაა, ოთახში სივრცეს დააპატარავებს. თან კარადის თავზე ჩემოდნის ან სეზონური ნივთების დადების დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდებათ. ასე ინტერიერი მყუდრო და ლამაზი არ გამოჩნდება. იატაკიდან ჭერამდე ჩაშენებული კარადის შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ შეგექმნებათ. ოთახი უფრო მაღალი და ფართო ჩანს, თუ ავეჯზე კედლის მსგავს ფერს გამოიყენებთ, კარადა სივრცეში გაიშლება და ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობს.

შეცდომა 2: ფარდის არ ქონა

პატარა ბინის ბევრი მფლობელი ფარდებზე უარს ამბობს, რადგან მინიმალიზმის პრინციპებს იცავს. ასეთი გადაწყვეტილება პატარა ბინის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ტექსტილი ფანჯარაზე ხედვას იზიდავს და პატარა სივრციდან ყურადღების გადატანაში გვეხმარება. ამასთან მნიშვნელოვან როლს ასულებს, კერძოდ, ჭერს ვიზუალურად ზრდის. კარნიზი არა ფანჯრის ხაზზე, არამედ ჭერთან ახლოს დაკიდეთ და ფარდის სიგრძე იატაკამდე დაუშვით, მაგრამ ისე არა, რომ იატაკზე ეთრეოდეს და მტვერს აგროვებდეს.

თუ ოთახში ფანჯარა ჩრდილოეთ მხარეს გადის, სქელ ფარდაზე უარი თქვით. მის ნაცვლად თხელი, ნახევრად გამჭვირვალე ფარდა შეარჩიეთ, რომელიც სივრცეს შესანიშნავად აფართოებს. თუ ფანჯრის მოპირდაპირედ სარკეს დადგამთ, საძინებელი ან მისაღები ოთახი ნამდვილ სასახლედ გადაიქცევა.

შეცდომა 3: მასიური ინტერიერის ნივთები

თუ პატარა ბინა გაქვთ და სივრცის გათავისუფლება გსურთ, პირველ რიგში, ინტერიერის ნივთებს გადახედეთ და ნაკლებად პრაქტიკული ნივთები მოიშორეთ. მაგალითად, საწოლის ტუმბო დიდი საძინებლის ინტერიერში შესანიშნავია, მაგრამ პატარა ოთახში მხოლოდ ღირებულ ფართს გართმევთ. სჯობს დასაკიდი თაროთი ჩაანაცვლოთ, რომელიც სივრცეს არ ტვირთავს ან ტუმბოს ადგილას ტუალეტის მაგიდა დადგით. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ: დილით გასალამაზებლად კომფორტულ ზონას მიიღებთ და მაგიდას იმ ნივთების შესანახად გამოიყენებთ, რომლებიც ძილის წინ ან გაღვიძებისას გჭირდებათ.

რაც შეეხება ჟურნალების მაგიდას, ის მხოლოდ მოძრაობას ხელს უშლის, განსაკუთრებით ვიწრო ოთახში. თუ დივანთან ყავის დალევა გიყვართ ან ტელევიზორის მართვის პულტის დასადებად ადგილი გჭირდებათ, პატარა ყავის მაგიდა გვერდულად დადგით – იგივე ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

შეცდომა 4: გამოუყენებელი კედლები

პატარა ბინაში, სადაც ნივთების შენახვის საკითხი მწვავედ დგას, კედლების უგულებელყოფა და მისი ცარიელი დატოვება ნამდვილი დანაშაულია. ოპტიმალურია, დასაკიდი თარო ან კარადა. ასე შეინახავთ ნივთებს, რომლისთვისაც ადგილი არასდროს გყოფნით და რის გამოც ბინა უწესრიგოდ გამოიყურება.

თუ ოთახებში შენახვის სისტემა ბოლომდე გათვლილია, კედლები მაინც არ გამოგრჩეთ. შვებულებიდან 10 ფოტოს დაკიდვა საჭირო არაა, რადგან ასე ვიზუალურ ხმაურს შექმნით, მაგრამ რამდენიმე ვერტიკალური ნახატი გამოგადგებათ. ნახატები თვალის დონეზე განათავსეთ, რომ ვიზუალურად ჭერი ასწიოთ და სივრცის ილუზია შექმნათ.

შეცდომა 5: დიდი ჭაღები

სამწუხაროდ, პატარა ბინაში დიდი, მდიდრული ჭაღი უადგილოა, რადგან ჭერის სიმაღლეს ვიზუალურად ამცირებს და ზეწოლის შეგრძნება ჩნდება. თან მსგავსი განათება მოდაში აღარაა – გონივრული უფრო კლასიკურ ინტერიერშია, ხოლო თანამედროვეში უცნაურად გამოიყურება.

ჩაშენებულ წერტილოვან განათებას ან პატარა, ლაკონური დიზაინის ჭაღს უპირატესობა მიანიჭეთ. ის საჭირო ყურადღებას მიიზიდავს და ოთახი რამდენიმე ძვირფასი სანტიმეტრით მაღალი გამოჩნდება.

შეცდომა 6: გადატენილი ზედაპირი

როცა ცარიელ კომოდს, ჟურნალის მაგიდას, ტუმბოს ვხედავთ, მასზე გვსურს სხვადასხვა წვრილმანი დავდოთ, რომელიც ბევრ მოგონებას უკავშირდება. ასე თვალსაჩინო ადგილას ხვდება ბავშვების ფოტოები, სანათები, ფაიფურის თოჯინების კოლექცია, ზარდახშა აქსესუარებით და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია, ბინაში ინდივიდუალურობა უნდა ჩანდეს. თუმცა საყვარელი ნივთები ისე უნდა განალაგოთ, რომ სივრცე არ გადატვირთოთ და დალაგებისას დამატებითი უხერხულობა არ შექმნათ.

სწორედ ამიტომ, თაროებს და სხვა ზედაპირებს სუნთქვის საშუალება მიეცით. მხოლოდ რამდენიმე ულამაზესი დეკორი დატოვეთ, რომლებიც ჰარმონიულ კომპოზიციას ქმნიან. დანარჩენი მაგიდის უჯრაში შეინახეთ და აუცილებლობის შემთხვევაში ამოიღეთ.

შეცდომა 7: არასწორი ზომის ავეჯი

ავეჯის ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ვიწრო ავეჯი ბინის მოკრძალებულ ფართობს მხოლოდ ხაზს უსვამს, ზედმეტად მასიური ნივთები დიდ ადგილს იკავებს, მანევრირებისთვის ადგილს არ ტოვებს. აი, სტანდარტული ზომის დივანი კარგ სამსახურს გაგიწევთ, თუ მსუბუქი და გამჭვირვალე ავეჯით დააბალანსებთ: მინის თარო, აკრილის მაგიდა.

ავეჯი კედელთან ახლოს არ მიდგათ: ერთი შეხედვით, ეს ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, რადგან ოთახის ცენტრში ადგილი თავისუფლდება, თუმცა ვიზუალურად პირიქით ხდება. კედელსა და დივანს შორის დატოვებული რამდენიმე სანტიმეტრიც საკმარისია, რომ ოთახი ვიზუალურად ფართო გამოჩნდეს. სწორედ ამიტომ, ეს ხრიკი არ უგულებელყოთ. ბინა დიდი ზომის ავეჯით არ გადატვირთოთ. მრავალფუნქციური ავეჯი შეარჩიეთ, რომ კომფორტულად მოეწყოთ და მორიგ ტუმბოსთან შეჯახება არ მოგიწიოთ.

შეცდომა 8: სამზარეულოს ინვენტარი თვალწინ

კერძის მზადებისას გვსურს, რომ ყველა აუცილებელი პროდუქტი, ტექნიკა და სხვა მოწყობილობა ხელთ გვქონდეს. სწორედ ამიტომ, მათ კარადაში არ ვმალავთ და სამუშაო ზედაპირზე ვინახავთ. თავიდან მარილის ქილით, ზეთის ბოთლით და დანის სადგამით იწყება, შემდეგ ემატება ბლენდერი, სანელებლები, მარცვლეულის ქილები და ა.შ. ასე უწესრიგობის ჩნდება, რომელიც სამზარეულოს ზომებს ვიზუალურად აპატარავებს. სამზარეულოს ინვენტარს გადახედეთ და სამუშაო ზედაპირზე დატოვეთ მხოლოდ ის, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ. უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე თარო დაკიდეთ ფხვიერი პროდუქტებისთვის, თუ კარადაში მათი შენახვა არ გსურთ. ამ შემთხვევაში ლამაზი შესანახი კონტეინერები შეიძინეთ, რომელიც ინტერიერს ერწყმის და ლამაზ სურათს ქმნის.

შეცდომა 9: ზედმეტად ბევრი ბალიში დივანზე

ერთი შეხედვით, ბევრი დეკორატიული ბალიში დივანზე მყუდრო გარემოს ქმნის, თუმცა პირიქით გამოდის. ბევრი ბალიში უწესრიგობის შეგრძნებას ტოვებს და ოთახის სივრცეს წამებში შთანთქავს. თუ ბალიშები მთელ დივანს იკავებს, ხოლო სტუმრებს კუთხეში ჩამოჯდომა უწევთ, დროა მათგან ნახევარი მოიშოროთ. ბალიშების ზომაც მნიშვნელოვანია. ბალიშის ზომა ისეთი უნდა იყოს, რომ ზურგის მიდება შეძლოთ. ძალიან დიდი ბალიშის ადგილი მისაღებში არაა.