8 მარტივი იდეა, როგორ გავაფორმოთ ვერანდა ისე, რომ მისი დატოვება არ მოგინდეთ

როგორც იქნა, ამინდი დასტაბილურდა და შეგიძლიათ ვერანდაზე საღამოს სეზონი გახსნათ. მთავარია, ეს ადგილი კომფორტული და ატმოსფერული იყოს, რადგან როგორც მოაწყობთ, ისეთ ზაფხულს გაატარებთ. Novate გიზიარებთ რამდენიმე იდეას ვერანდის გასაფორმებლად. მათი დახმარებით ვერანდაზე გატარებული დრო დაუვიწყარი გახდება.

1. ჰამაკი

ერთი, მაგრამ როგორი ნივთი. არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც აღფრთოვანებულნი დარჩებიან. ჰამაკში მშვიდად ქანაობთ, ხელში საყვარელი წიგნი გიჭირავთ, გვერდით მაგიდაზე საკუთარი ხელით მოყვანილი ჟოლოს ან მარწყვით სავსე თეფში დევს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზე თავის სხივებს ეთამაშება. ღვთიური ნეტარება!

2. გირლანდა

განათება არა მხოლოდ საახალწლო დღესასწაულებზე, არამედ მთელი წელი აქტუალურია. შებინდებისას ცეცხლოვანი სინათლეები საოცარ ატმოსფეროს ქმნის – ჯადოსნურს, მყუდროს, როცა საჭიროა – საცეკვაოს. გირლანდის არჩევისას ყურადღებით იყავით: ყველა მოდელი მაღალ ტენიანობას და ტემპერატურის ცვლილებას ვერ უძლებს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ვერანდის გასაფორმებლად აირჩიოთ მზის ბატარეებზე მომუშავე გირლანდები ლედ ნათურებით. ასე კარგ, ხარისხიან განათებას უზრუნველყოფთ, თან დიდხანს გაძლებს, არ გადახურდება და გადაიწვება.

რაც შეეხება განათების სხვა მოწყობილობებს, ვერანდაზე ასეთი ბევრი უნდა იყოს – მოდელები დონეების და ინტენსივობის მიხედვით შეარჩიეთ. საერთო განათების სახით ჭერის ნათურა ან ბრა გამოიყენეთ, ლოკალურად – კედლის ფანარი ან იატაკის მაღალი ნიმუშები გაფანტული სინათლით, წერტილოვნად – ლედ ნათურები ვერანდის კუთხეების გასანათებლად.

3. სანთლები და სასანთლეები

თუ ვერანდაზე დროის გატარება გიყვართ და მყუდრო, რომანტიკული ატმოსფეროს შექმნა გსურთ, მაშინ სანთლები გამოიყენეთ. ისინი დამოუკიდებლად (სადგამზე ან გამჭვირვალე ჭიქაში) ან სასანთლეებთან ტანდემში გამოიყენეთ. სხვათა შორის, ვერანდის ინტერიერს ნებისმიერი სასანთლე მოუხდება: ლაკონური მინა, მოჭედილი ლითონი, კერამიკა ეთნიკური ნახატით და ანტიკვარული ფაიფური.

4. ოთახის მცენარეები

სწორად ამბობენ, რომ მწვანე მცენარე ბევრი არასდროსაა, მით უფრო ვერანდაზე – ეს ოთახი ყვავილების გარეშე წარმოუდგენელია. ოთახის მცენარეები კომფორტულ მიკროკლიმატს ქმნიან და სივრცეს ამშვენებენ. ინტერიერში შესანიშნავად ჯდება როგორც დასაკიდი, ასევე იატაკის ქოთნები. დასაკიდ კაშპოში შეგიძლიათ დარგოთ ამპელური ფორმის მცენარეები – ჩამოკიდებული ვაზი თვალს გაახარებს, ხოლო ჰაერი სასიამოვნო არომატით გაიჟღინთება. ყურადღება მიაქციეთ ევკალიპტს, სუროს, ტილანდსიას – ეს მცენარეები მყუდრო გარემოს შესაქმნელად იდეალურია.

ეს ვარიანტების სრული ჩამონათვალი არაა. ვერანდაზე შეგიძლიათ განათავსოთ ჯუჯა ხეები, კაშკაშა ყვავილები დასაკიდ კაშპოში, მოფიქრებული კომპოზიციები ქოთნებში, რომელიც სტილით, ფერით ან ფორმით ერთმანეთს ჰგავს, „ცოცხალი“ კედელი მცოცავი მცენარეებით. სხვათა შორის, ვერანდა შეიძლება სახლის ბაღის შესანიშნავი ალტერნატივა გახდეს. სურვილის შემთხვევაში, თამამად დარგეთ როზმარინი, პიტნა, ბარამბო, რეჰანი და სხვა არომატული მცენარე, რომლის გარეშე ცხოვრება რთული წარმოსადგენია.

5. ფარდა

თუ ფარდის დაკიდვის შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად ასე მოიქეცით. ნატურალური მასალის ფარდა ან ფერადი ნაქარგი ტიული სივრცეს უფრო მყუდროს გახდის. დიზაინერები გირჩევენ, რომ ვერანდის მოდური მიმართულებაც გაითვალისწინოთ. პროვანსისთვის პასტელური ფერის მსუბუქი სელის ან ბამბის ფარდა იდეალურია, ხოლო მოდერნისთვის – ფარდა გრადიენტის ეფექტით, მინიმალიზმისთვის – დასახვევი ფარდა, კლასიკური ინტერიერისთვის – ყავისფერი, თეთრი ან კრემისფერი სქელი ფოჩებიანი ფარდა.

დეკორატიული როლის გარდა ფარდას პრაქტიკული მხარეც აქვს: სივრცეს განმარტოებულს ხდის, ასევე ქარისა და მწერების შემოსევისგან დაგიცავთ – ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბუზების და კოღოების გამო ქუჩაში ყოფნა უბრალოდ შეუძლებელია.

6. გადასაფარებელი

ვერანდა შეგიძლიათ განიხილოთ არა მხოლოდ დასასვენებელ, არამედ სასადილო ზონად. რა შეიძლება იყოს ფინჯან ყავასა და კრუასანზე უკეთესი, რომელსაც დილით, სუფთა ჰაერზე მიირთმევთ? თუ საღამოს მეგობრები გეწვევიან? ჩაის დასალევად სახლში შესვლა, როცა ზღაპრულად გაფორმებული ვერანდა გაქვთ – ნამდვილი დანაშაულია.

სწორედ ამიტომ, მაგიდა შეიძინეთ და ლამაზი გადასაფარებლით გააფორმეთ. მუშამბაზე ახლავე უარი თქვით – ის პრაქტიკულია, ლაქებს და სითხეს არ იწოვს, მოსავლელად მარტივია, თუმცა ინტერიერს უგემოვნოს და მოძველებულს ხდის. ყურადღება სელის ან ჟაკარდის გადასაფარებელს მიაქციეთ – ასეთი მასალა ყოველთვის მოდური და ძვირადღირებულია. გადასაფარებელი შეიძლება იყოს ერთფერიანი ან ნახატებით – „ხის“ პრინტით განსაკუთრებით გონივრულია. ინტერიერში კარგად ჯდება მაქმანებიანი სტილიც. პრაქტიკულობის გასაზრდელად აირჩიეთ გადასაფარებელი დამცავი საფარით, რომელიც დაღვრილი ყავის, წყლის და სხვა სითხის შეწოვისგან იცავს.

შენიშვნა: თითოეულმა ტრაპეზმა სიამოვნება რომ მოგანიჭოთ, ენერგიით და კარგი განწყობით დაიმუხტოთ, ლამაზი ჭურჭლის ქონაზე იზრუნეთ: კაშკაშა სერვისი, ფერადი ბოკალები, ყვავილოვანი პრინტის თეფშები – აირჩიეთ ის, რაც ოჯახურ სადილებს და ხმაურიან წვეულებებს იდეალურად შეავსებს.

7. სეზონური ტექსტილი

ფარდა და გადასაფარებელი ერთადერთი ტექსტილი არაა, რომელიც ვერანდაზე უნდა იყოს. ბალიშები, დივანის და სავარძლის გადასაფარებლები, ხალიჩები – ეს ყველაფერი კომფორტის დონეს გაზრდის. სხვათა შორის, თუ ვერანდა შემინულია და ცივ სეზონზე თბება, ტექსტილის სეროზონურ ცვლაზე დაფიქრდით – მარტივი, სწრაფი და ეკონომიური მეთოდი, რომ დასვენების ზონაში განწყობა შეიცვალოთ და მიუახლოვდეთ იმას, რაც ფანჯრის მიღმაა.

ყოველი სეზონისთვის ცალკე, სხვადასხვა ფერის პალიტრის დეკორი იქონიეთ. მაგალითად, ზაფხულში ვერანდა კენკროვანი პალიტრით გააფორმეთ, შემოდგომაზე წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი გამოიყენეთ. ზამთრისთვის ცივი ფერები შეარჩიეთ, ხოლო გაზაფხულისთვის – ნაზი, ბუნებრივი ელფერები.

8. ავეჯი

დაწნული ან როტანგის ავეჯი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. პირველ რიგში, ასეთი არჩევანი განპირობებულია მასალების პრაქტიკულობით: ისინი მზის მუდმივი ზემოქმედებისგან არ ცვდება, მაღალი ტენიანობისგან არ ზიანდება. ავეჯი მოსავლელად მარტივი და უნივერსალურია, რადგან ნებისმიერ სტილში ჯდება.

რეტრო კატეგორიიდან სხვა ვარიანტებიც გვაქვს. ვინტაჟური სტელაჟი წიგნებისთვის, მაღალი ბუფეტი და სერვანტი მინის კარებით, მოჩუქურთმებული სკამი – თითოეული ვერანდის ინტერიერში აქცენტს ქმნის, ყურადღებას იზიდავს. პატინირებული ავეჯი დაძველებული დიზაინით განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება და ატმოსფეროს ხაზს უსვამს.

თუ ახალი ავეჯის ყიდვა თქვენს გეგმაში არ შედის, ხოლო ძველმა ნივთებმა აქტუალობა დაკარგა, იმის გადაკეთება მოგიწევთ, რაც გაქვთ. მაგიდა გადაღებეთ, ლამაზი გადასაფარებელი იყიდეთ, დივანს ახალი ქსოვილი გადააკარით – მოკლედ, ფანტაზია ჩართეთ და შექმენით!