ბაღის ბილიკების 4 ვარიანტი, რომელთაც განსაკუთრებული უნარების გარეშე თავად დააგებთ

ბილიკების მრავალი ვარიანტი არსებობს. ზოგიერთი გამოყენებაში ცუდია, ზოგის დასაგებად სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ. ხარისხიანი ბილიკი არის არა ის, რომელზეც კარგად გაივლით, არამედ ის, რომელსაც შეკეთება არ სჭირდება. Novate გთავაზობთ ბაღის ბილიკების 4 ვარიანტს, რომლის დასაგებად სპეციალური უნარების ცოდნა არ დაგჭირდებათ. ასევე მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე გიამბობთ.

1. დამსხვრეული ქვის, ხრეშის და დრენაჟის ბილიკები

ღორღი და ხრეში მოსახერხებელი მასალაა, რომელთა დახმარებით ნებისმიერ დიზაინს განახორციელებთ. მათ შორისაა ხვეული ბილიკები სხვადასხვა რადიუსის ბრუნებით. შესანიშნავად გამოიყურება ბილიკები კონტრასტული ფერის ქვებით, ზოლებით, კანტებით. ამისთვის გვერდები უნდა გააკეთოთ, რომ ხრეში არ აირიოს. ღორღის და ხრეშის კომპოზიციას უხდება ბრტყელი ქვები, ტროტუარის ფილები, ხის ელემენტები. ასეთი ბილიკი ბუნებრივად გამოიყურება, ხოლო წვრილი ხრეში ხაზებს არბილებს.

უპირატესობა:

  • მასალების ხელმისაწვდომობა
  • მარტივად დასაგები
  • ლოკალური რემონტის შესაძლებლობა, თუ, მაგალითად, საყრდენი გაწყდა ან გვერდები გადაიხარა.
  • ნებისმიერი ფორმის და ფერის დიზაინის არჩევანი

ნაკლოვანება:

  • საფარი ერთფეროვანი და გლუვი არაა. ქვები შეიძლება ფეხსაცმელში ჩავარდეს და ფეხშიშველა სიარულიც მოსახერხებელი არაა.
  • მიწის არასწორი მომზადების შემთხვევაში, ბილიკი შეიძლება ჩავარდეს.
  • მიწა მცენარეების ფესვებისგან, თესლისგან კარგად უნდა გაწმინდოთ. გამოყენების პერიოდში ფოთლების მოშორება მოგიწევთ.
  • მხოლოდ სწორი ნაკვეთისთვის და დამრეცი ფერდობისთვის გამოგადგებათ, მაგრამ არა ციცაბო ფერდობისთვის.

2. ხის ბილიკები

ასეთი ვარიანტი ნებისმიერ ლანდშაფტს უხდება, რადგან ხე სხვადასხვა დიზაინში ბუნებრივად გამოიყურება. გაფორმების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია ბილიკი მიჭედებული ფიცრებით. მთავარია, გამძლე ზედაპირზე დაამაგროთ, რომელიც მიწის დონიდან აწეულია. მეორე ვარიანტი: ბილიკი ძელების ან უბრალო მორებისგან დააგეთ. ოღონდ მასზე ქერქი არ უნდა იყოს, ხოლო ის მხარე, რომელიც მიწაში იძირება, ბიტუმით უნდა დაამუშაოთ.

უპირატესობა:

  • გარემოსთან ჰარმონია, მწვანე მცენარეებთან, ბალახთან შესანიშნავად გამოიყურება.
  • ეკოლოგიური, ხე ტოქსიკურ ნივთიერებებს არ გამოყოფს.
  • ადვილად დასაგები.

ნაკლოვანება:

  • ნატურალური ხე ძვირია.
  • ნაკლებად გამძლეა. როგორი ძვირადღირებული მასალაც არ უნდა იყოს, სამუდამოდ ვერ გამოიყენებთ.
  • ყოველწლიურად ლპობის საწინააღმდეგო ხსნარით უნდა დაამუშაოთ.
  • წვიმის შემდეგ ბილიკი შეიძლება სრიალებდეს.

3. ბეტონის მოზაიკა

თუ ორიგინალური გადაწყვეტილება მოგწონთ, შესანიშნავი ვარიანტია. იგივე ბეტონის ბილიკია, ოღონდ რელიეფური და გარკვეულ ფორმაში ჩასხმული. ამრიგად, შეგიძლიათ ქვის ან სხვა ბუნებრივი მასალის იმიტაცია შექმნათ. თუ უჩვეულო გადაწყვეტილება გსურთ, ხსნარს ღია ფერის პიგმენტი დაუმატეთ.

უპირატესობა:

  • ბეტონის და მისი დანამატის ხარისხზე გავლენას მხოლოდ თქვენ აქცევთ, ამიტომ ძლიერი და გამძლე მასალის შექმნა თქვენს ხელშია.
  • დასაგებად განსაკუთრებული უნარების ცოდნა აუცილებელი არაა.
  • ორიგინალური და უნივერსალური. ნებისმიერი სისქის და ფორმის ბეტონით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ.

ნაკლოვანება:

  • პროცესი სწრაფი არაა, რადგან ბეტონი კარგად უნდა გამაგრდეს. სასურველია, რამდენიმე ფორმა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბილიკის დაგება ერთ კვირაზე გაიწელება.

4. გეობილიკი

წინასწარ დამზადებული პლასტმასის, ბეტონის ან ლითონის გისოსები, რომლებიც ხრეშით ივსება ან გაზონის ბალახი ითესება. დატვირთვა უჯრების კიდეებზე გადადის, ხოლო გისოსი ბადეს და შემავსებელს აფიქსირებს. ასეთი ვარიანტი რთული ლანდშაფტისთვის გამოგადგებათ. შემავსებელი შეგიძლიათ კომბინაციაში გამოიყენოთ. ერთ–ერთი პოპულარული ვარიანტი: ბილიკის ნაწილში ბალახი დათესეთ, მეორე ნაწილში ხრეში ჩაყარეთ ან ერთმანეთში აურიეთ.

უპირატესობა:

  • მარტივი და მოსახერხებელი ვარიანტი
  • ბილიკი ბუნებრივად გამოიყურება და გაკვალულ ბილიკს ჰგავს
  • ფილებსა და სხვა მასალებზე უფრო იაფია
  • მოდელი ფაზლებივით იწყობა, ამიტომ მისი დაგება პრობლემას არ წარმოადგენს.

ნაკლოვანება:

  • ბალახზე ყურადღების მიქცევა მოგიწევთ, რეგულარულად უნდა გადაჭრათ. აქტიური გამოყენებისას მთლიანად ითელება.
  • წვიმის შემდეგ ფეხები შეიძლება დაგისველდეთ.