7 ხრიკი, როგორ მოვრწყათ ოთახის მცენარე, როცა სახლს დიდი ხნით ვტოვებთ

თუ გრძელვადიანი შვებულება ან მივლინება დაგეგმეთ, ოთახის მცენარეებზე იზრუნეთ. რეგულარული მორწყვის გარეშე სიცხის გადატანა გაუჭირდებათ და შეიძლება დაბრუნებისას ცოცხალი აღარ დაგხვდეთ. მეზობლების ან ნათესავის დახმარების შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეგზოტიკური მცენარე გაქვთ და ყოველდღე მორწყვა სჭირდება. Novate გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, როგორ უზრუნველყოთ მცენარეების ხარისხიანი მოვლა სხვების დახმარების გარეშე.

ხრიკები ყვავილების მოსარწყავად

1. ღვინის ბოთლი გამოიყენეთ

მეთოდი მსხვილი მცენარეების შემთხვევაში გამოგადგებათ, რომელთაც რეგულარულად მორწყვა სჭირდებათ. ცარიელ ბოთლს ხრახნიანი ხუფი მოხსენით. ხუფი გახვრიტეთ და ბოთლში წყალი ჩაასხით. ხუფი დაახურეთ. ბოთლი გადააბრუნეთ და ყელით ქოთანში, მიწაში ჩარგეთ. პატარა ნახვრეტიდან წყალი თანდათან წვეთავს. ასე ყვავილი არ გახმება, სანამ თქვენ მოგზაურობთ. საშუალო ან პატარა მცენარის შემთხვევაში ნაკლები მოცულობის ჭურჭელი გამოიყენეთ. მაგალითად, კოკა–კოლას ბოთლი, ან ღვინის ბოთლი ნახევრად გაავსეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი მინის და სუფთა იყოს.

2. აბაზანა ან საბავშვო აუზი გამოიყენეთ

მცენარე წყლით სავსე რეზერვუარში მოათავსეთ, რომ ერთდროულად რამდენიმე ყვავილზე იზრუნოთ. ამისთვის აბაზანა ან გასაბერი აუზი წყლით 2,5-5 სმ სიმაღლემდე გაავსეთ. ქოთნებს სადგამი მოაშორეთ და ყველა ქოთანი ჩადეთ. სადრენაჟე ხვრელიდან ფესვების სისტემაში წყალი მოხვდება. ამასთან არ შეგეშინდეთ, რომ მცენარე ზედმეტ წყალს მიიღებს, რადგან წყლის მიწოდება ბუნებრივად ხდება – ქვემოდან ზემოთ.

3. მცენარეების დაყოფა მორწყვის სიხშირის მიხედვით

ყველა მცენარეს ერთნაირი მოცულობით მორწყვა არ სჭირდება. მცენარეები ნიადაგის დატენიანების სიხშირის მიხედვით დაყავით. მაგალითად, სუკულენტები წყლის გარეშე დიდხანს ძლებს. მოგზაურობის წინ მორწყეთ და 1 თვე შეგიძლიათ არ იდარდოთ. აი, ტროპიკულ მცენარეებს უხვად მორწყვა უყვართ. ერთად დადგით, რომ დამატებითი სველი გარემო შექმნათ.

როგორ შევინარჩუნოთ სველი ან მშრალი ჰაერი შენობაში

1. სათბურის პირობები შექმენით

თუ მცენარეს ტენიანი გარემო მოსწონს, ხუთლიტრიანი პლასტმასის ბოთლები დააფარეთ. ასე მინი სათბურს შექმნით, სადაც წყლის ციკლი ავტომატურად შენარჩუნდება. მსხვილი მცენარისთვის პოლიეთილენის პარკი ან ფირი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში სჯობს კარკასზე იზრუნოთ.

2. წყლით სავსე ჭურჭელი დადგით

შენობაში ძალიან მშრალი ჰაერია? მცენარეები შეაჯგუფეთ და მათ ირგვლივ წყლით სავსე ჭურჭელი დადგით. სითხე თანდათან აორთქლდება და ყვავილებს ტენიანი გარემოთი უზრუნველყოფს. ასეთი ხრიკი ჩვეულებრივი მცენარეებისთვის გამოგადგებათ. ეგზოტიკური ყვავილებისთვის მინი სათბური გააკეთეთ.

3. მცენარე ვენტილაციას, ფანჯარას და ბატარეას მოაშორეთ

გამგზავრებამდე დარწმუნდით, რომ ყველა ოთახის მცენარე იმ ნივთებისა და ადგილისგან მოშორებით მდებარეობს, რომელთაც ტემპერატურაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მცენარეები ფანჯრების რაფებიდან აუცილებლად აიღეთ – აქ ხომ მზის პირდაპირი სხივები ხვდება და ბატარეა, გამათბობელი, სავენტილაციო ხვრელი მდებარეობს. ამ ფაქტორების გამო მცენარე უფრო მგრძნობიარე ხდება და ზიანდება. ტენიანობის მოყვარე მცენარე აბაზანაში წაიღეთ, ხოლო სუკულენტები შორეულ კუთხეში დადგით.

4. შესაფერისი ტემპერატურა დააყენეთ

თუ შესაძლებლობა გაქვთ, ბატარეის და კონდიციონერის ტემპერატურა დაარეგულირეთ, რომ სტაბილური რეჟიმი უზრუნველყოთ. ბატარეის შემთხვევაში ყველაფერი რადიატორზეა დამოკიდებული. აი, კონდიციონერთან ფრთხილად იყავით. პირველ რიგში, ინსტრუქცია წაიკითხეთ, თუ გამოდგება ხანგრძლივი მუშაობისთვის. მეორეც, ნაცნობებს ზოგჯერ ბინაში შევლა სთხოვეთ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა უყურადღებოდ არ დატოვოთ. ასე მცენარე სიცხისგან ან სიცივისგან არ დაიღუპება.