
სამწუხაროდ, პატარა ბინები უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე გამონაკლისი. ასეთ ბინას შენახვის სისტემები, მანევრირების ადგილი აკლია, მთლიანობაში გადატვირთულია, თუნდაც მხოლოდ აუცილებელი ავეჯი იყოს მოთავსებული. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი შეგრძნება თქვენს ფართო ბინაში შესვლისას იგრძნობა. Novate გიამბობთ, რომელი შეცდომების გამო გამოიყურება ბინა უფრო პატარად, ვიდრე რეალურად არის, და გალიის ეფექტს ქმნის.
1. გადატვირთული კედლები
კედლის დეკორი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია და დიზაინერები ყოველთვის ამბობენ, რომ კედლების ცარიელი დატოვება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოთახი მოსაწყენი გახდება. თუმცა ნახატებით, თაროებით, პოსტერებით გადაჭარბებაც არ შეიძლება, რადგან გადატვირთული ზედაპირი სივრცეს ვიზუალურად ავიწროებს.
თქვენი მთავარი ამოცანა: სწორად შერჩეული ხელოვნების ნიმუშებით ავეჯსა და კედლებს შორის კონტრასტი შეამციროთ. ასე ოთახი უფრო მოდური და ჰარმონიული გამოჩნდება.
- თუ ბინა დიდი ზომებით არ გამოირჩევა, თითოეული ოთახისთვის ერთი, მაქსიმუმ 2, ნახატი გამოიყენეთ.
- ჩარჩო ფართო უნდა იყოს, რადგან ვიწრო ჩარჩოსგან განსხვავებით, სიმსუბუქეს და სივრცეს ქმნის.
- გსურთ კედელზე ნახატებიც დაკიდოთ და თაროებიც? ფიქრებით არსებული ზედაპირი სამ ტოლ ჰორიზონტალურ ნაწილად გაყავით. ხელოვნების ნიმუშები ქვედა მესამედთან ახლოს უნდა იყოს, თაროები – ზედა მესამედთან ახლოს. ამ შემთხვევაში კედლები უფრო მაღალი, ოთახი უფრო დიდი გამოჩნდება.
შეცდომა 2: ხალიჩის დავიწყება
ბევრ ადამიანს ხალიჩის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგი მასზე უარს აცხადებს, რადგან მტვრის შემგროვებლად მიიჩნევს, რომელიც მხოლოდ ღირებულ კვადრატულ მეტრს ჭამს. ზოგს კი ამ მყუდრო ელემენტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ჩვენ მეორე კატეგორიის ადამიანებს მხარს ვუჭერთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალიჩა სივრცეს ნამდვილად კომფორტულს ხდის. მისი მთავარი ფუნქცია ინტერიერის ყველა დეტალის გაერთიანებაა. შეგიძლიათ შეამოწმოთ, ოთახის ცენტრში შესაფერისი ზომის და ფერის ხალიჩა დააგეთ და ოთახი მყისიერად ახალი ფერებით ათამაშდება.
ყურადღება მიაქციეთ: ხალიჩის ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ იატაკზე რამდენიმე ხალიჩას ან ერთს, მაგრამ პატარას, დააფენთ, ინტერიერი მთლიანობას დაკარგავს. მაგალითად, საძინებელში ხალიჩა კედლიდან კედლებამდე უნდა გაშალოთ, რომელიც ვიზუალურად უწყვეტობას ქმნის და სივრცეს აფართოებს. საძინებლის ორივე მხარეს დიდი ხალიჩა, პატარა ხალიჩებისგან განსხვავებით, ხარვეზებს არ ტოვებს და ისედაც პატარა ოთახს უფრო პატარა ზონებად არ ყოფს.
შეცდომა 3: მცენარეებით გადაჭარბება
აქ, ორი უკიდურესობაა: ან დიასახლისი ოთახის ყვავილებზე საერთოდ უარს ამბობს, რადგან მათი მოვლა არ სურს, ან ნამდვილ ჯუნგლს აშენებს, რომელიც მთელ ბინას ავსებს და წარმოუდგენლად ავიწროებს. თუ ბევრი ოთახის მცენარე დაგიგროვდათ, სხვადასხვა ოთახში გადაანაწილეთ და კაშპოსთვის მთელი ოთახი არ გამოყოთ. მაგალითად, ბეგონია მაღალ ტენიანობას მშვიდად ეგუება და სააბაზანო ოთახში შეგიძლიათ შეიტანოთ, აი, ფულის ხეს მშრალი ადგილი და მზის სინათლე სჭირდება. გამყიდველთან აუცილებლად დააზუსტეთ, თუ რა ზომამდე გაიზრდება შეძენილი ყვავილი. ხშირად პატარა ოთახის მცენარეზე გათვლა გქონდათ, მაგრამ უზარმაზარი ხე მიიღეთ.
შეცდომა 4: ძალიან დიდი დივნის დადგმა
დივანი ინტერიერის ცენტრალურ ნაწილად ითვლება, როცა საქმე მისაღებ ოთახს ეხება, მაგრამ მან მთელი ოთახის 50% არ უნდა დაიკავოს. არ დაგავიწყდეთ, ოთახში სხვა ავეჯიც დგას. მაგალითად, ჟურნალების მაგიდა, სტელაჟი, ტელევიზორის ტუმბო. საბედნიეროდ, პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
- დიდი დივნის ნაცვლად უფრო პატარა მოდელი და სავარძელი აიღეთ. ასეთი ნაკრები მყუდრო და კომფორტულია.
- თუ საყვარელი დივნის მოშორება არ გსურთ, სხვა ნივთების აუცილებლობას გადახედეთ. მაგალითად, პუფი საძინებელში გაიტანეთ და მის გვერდით ტუალეტის მაგიდა დადგით, ხოლო ჟურნალების მასიური ხის მაგიდა უფრო ელეგანტური მინის მაგიდის ჩაანაცვლეთ. ასე ოთახი ვიზუალურად უფრო მსუბუქი გამოჩნდება, თან გადაადგილებას მარტივად შეძლებთ.
შეცდომა 5: პატარა ნახატებიანი შპალერის შერჩევა
ერთი შეხედვით, თუ შენობა პატარაა, მსხვილი პრინტის შპალერი პრობლემას ამწვავებს. დიზაინერები სხვა აზრზე არიან: წვრილი ზოლები ოთახს ვიზუალურად აპატარავებს, მსხვილი, პირიქით, სივრცეს აფართოებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ შპალერზე ნახატი ყველა კედელზე ერთნაირად იყოს, ამიტომ ზოლები სიმეტრიულად გადაჭერით.
შეცდომა 6: ყველა კედლის თეთრ ფერში გადაღებვა
თეთრი სივრცეს ნამდვილად ზრდის, ოთახს ჰაერს და სიმსუბუქეს მატებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთახში საკმარისი ბუნებრივი სინათლე შემოდის. თუ ფანჯარა ჩრდილოეთ მხარეს გადის, ბინის მფლობელმა შეიძლება თეთრი ყუთის სინდრომის მოქმედება იგრძნოს: უსახური ოთახი, რომელიც საავადმყოფოს პალატას ჰგავს და თავისი არაბუნებრივი სითეთრით ზეწოლას ქმნის.
თუ კედლების თეთრად შეღებვა გადაწყვიტეთ, ფერი ოთახის მდებარეობის მიხედვით შეარჩიეთ. მაგალითად, თუ ფანჯარა სამხრეთ მხარესაა, ღია ფერები და თეთრი ფერი გამოგადგებათ, ჩრდილოეთით – რბილი მუქი ტონები, დასავლეთით – ვარდისფერის ელფერები, აღმოსავლეთით – ცივი ნაცრისფერი.
თეთრი ფერებით შეგიძლიათ ითამაშოთ და ერთი აქცენტური კედელი გააკეთოთ – ასე ინტერიერს განაახლებთ და ნაკლებად სტერილურს გახდით.
შეცდომა 7: არასწორად გაფორმებული ფანჯარა
ფანჯრიდან ლამაზი ხედი მიგანიშნებთ, რომ შეგიძლიათ ფანჯარა ცარიელი დატოვოთ ისე, რომ ხედით ტკბობა შეძლოთ. თუმცა ერთი პატარა დეტალი არსებობს: ფარდის გარეშე ოთახი უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის. აუცილებელი არაა, რომ ფანჯარა სრულად დახუროთ, მაგრამ დაჩრდილული ჩარჩოს გაკეთება აუცილებელია.
მძიმე ფარდებზე უარი თქვით და მსუბუქი, უწონო ფარდები გამოიყენეთ. თუ ბინის ცნობისმოყვარე თვალებისგან სრულად დაფარვა გჭირდებათ (მაგალითად, ბინა პირველ სართულზეა), ნეიტრალური ფერის რულონის ფარდა გამოიყენეთ, რომელიც საერთო ინტერიერში კარგად ჯდება. კედლები ვიზუალურად რომ გაწელოთ, კარნიზი ჭერის ქვეშ დაამაგრეთ და არა ფანჯრის ჩარჩოს ზემოთ. რაც შეეხება ფარდის სიგრძეს, სჯობს იატაკს წვდებოდეს – ესეც პატარა ოთახის სასარგებლოდ მოქმედებს.
შეცდომა 8: ფერადი აქცენტებით გატაცება
დიზაინერები ხშირად ამბობენ, რომ ინტერიერი, რომელშიც რამდენიმე ფერი გამოიყენება, უფრო საინტერესოა. გაითვალისწინეთ, რომ შერჩეულ ფერებს შორის მინიმალური კონტრასტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წვეტილობის განცდა იქმნება. მარტივი და ოპტიმალური ვარიანტი: ერთი ფერი აირჩიეთ და მისი ელფერებით ითამაშეთ. ეს არა მხოლოდ კედლის, იატაკის, ჭერის ნაწილს, არამედ ასევე ავეჯს, ტექსტილს და დეკორს ეხება. საბოლოოდ, უფრო ღია და ჰაეროვანი ინტერიერი გამოვა.
სხვათა შორის, თუ ავეჯს კედლის ფერში შეარჩევთ, ოთახი ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდება. მაშინაც კი, თუ შპალერს ჰარმონიულად მხოლოდ დივანი ერწყმის, ოთახი მაინც გარდაიქმნება.