ინტერიერის 7 ნივთი, რომლებიც დროა პარკში ჩადოთ და ნაგავსაყრელზე გადაყაროთ

უმეტესობა ჩვენგანი იდეალურ ინტერიერზე ოცნებობს. სამწუხაროდ, ასეთი მხოლოდ პრიალა ჟურნალებში გვხდება. რეალურ ცხოვრებაში ბინებში ხშირად ჩნდება სხვადასხვა წვრილმანი, რომელიც გარემოს აფუჭებს და აუფასურებს. პროფესიონალი დიზაინერები ასეთ ნივთებს დაუყონებლივ გადაყრიდნენ, რადგან ისინი მყუდრო სივრცის შექმნის ყველა მცდელობას აბათილებენ. Novate ასეთ ნივთებზე უფრო დეტალურად გიამბობთ.

1. სამზარეულოს ნიჟარის ხალიჩა

ადრე უჟანგავი ფოლადის ნიჟარა თავისი პრაქტიკულობის და ფუნქციონალურობის გამო წარმოუდგენლად პოპულარული იყო. ნიჟარი ნაკაწრებისგან, ხოლო ჭურჭელი გაბზარვისგან რომ დაეცვათ, პლასტმასის ხალიჩას ყიდულობდნენ. ასეთი ხალიჩა ნიჟარის ძირში საპატიო ადგილს იკავებდა და, რბილად რომ ვთქვათ, არაპრეზენტაბელურად გამოიყურებოდა.

ახლა ბინის მფლობელები ხელოვნური ან ნატურალური ქვის ნიჟარებს უპირატესობას ანიჭებენ, რომელიც უფრო ესთეტიურია და სხვადასხვა დაზიანების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. თუ უჟანგავ ფოლადზე უარის თქმა არ გსურთ, გამჭვირვალე სილიკონის ხალიჩა გამოიყენეთ, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ნაკლებად შესამჩნევია.

2. მოძველებული ჭაღი

ერთ–ერთი მთავარი დეტალი, რომელიც რემონტის დროს კარგად უნდა დაგეგმოთ, – განათებაა. ყრუ განათება ნებისმიერ ინტერიერს ააფუჭებს, თუნდაც ძვირადღირებული მოსაპირკეთებელი მასალები და დიზაინერული ავეჯი გამოიყენოთ. მოძველებული ჭაღი, ბრა, თაბაშირ–მუყაოს ჭერში ჩაშენებული წერტილოვანი განათება – ეს ყველაფერი თქვენი ბინიდან უნდა გაქრეს. სინანულის გარეშე მოიშორეთ მოდელები, რომლებიც 15-20 წლის წინ მოთხოვნადი იყო ან ხრუშჩოვის ბინასთან ერთად მემკვიდრეობით მიიღეთ.

ახლა ტრენდშია სულ სხვა რამ. დიზაინერები გირჩევენ, რომ საძინებლისთვის კლასიკური მოდელები შეარჩიოთ, რომელიც დასასვენებელი ზონისთვის იდეალურია: ლამაზად მოხრილი, პასტელური ფერის გლუვი ხაზები, ლითონის მსუბუქი ნათება. აი, სასტუმროში გეომეტრიული მოდელები მშვენივრად გამოიყურება. ფიჭის ფორმის ჭაღები ძალიან პოპულარულია, რომელიც მინის და პლასტმასის რვაკუთხედისგან არის დამზადებული და ჭერის ცენტრში ფიქსირდება. მინა შეიძლება იყოს თეთრი ან ფერადი, მაგრამ აუცილებლად გლუვი.

3. ჭრელი სააბაზანოს ფარდა

სააბაზანოს პარკის ფარდა ნახატით „თვალი ამოიღე“ ბევრი ბინის ინტერიერიდან არა და არ ქრება. ის ხომ ინტერიერს აუფასურებს და საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს. აქ, ორი ვარიანტი გვაქვს: ან მაქსიმალურად ლაკონური ნიმუში შეარჩიეთ, რომელიც ოთახის ფერებს შეეფერება, ან მინის ტიხარს უპირატესობა მიანიჭეთ, რომელიც მოდურად, ძვირადღირებულად გამოიყურება და დიზაინერებს შორის ფავორიტად ითვლება. ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

ფარდა უფრო იაფია და ფართო ასორტიმენტი აქვს: ნებისმიერი ფერი, ნიმუში და გამჭვირვალობის ხარისხი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ერთი ფარდით შეგიძლიათ ინტერიერი ნებისმიერ დროს გაამრავალფეროვნოთ. ასევე სრულ კონფიდენციალობას უზრუნლველყოფს და დაბანის დროს კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის, რაც კომბინირებული აბაზანისთვის აქტუალურია.

მინის ტიხრები უფრო ჰიგიენურია. საფარი ბაქტერიებს თავიდან აგაცილებთ, მასალა ტენიანობას არ ატარებს და ეკოლოგიურია, ანუ სოკოს გაჩენაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. შუქს ატარებს და სივრცეს არ მალავს, ოთახს უფრო მსუბუქს და ჰაეროვანს ხდის.

4. სამზარეულოს კუთხე

თანამედროვე სამზარეულოში სამზარეულოს კუთხის აუცილებლობაზე დღემდე ცხარე კამათი მიდის. ზოგი თვლის, რომ ეს მოძველებული, დიდი, არათანამედროვე ნივთია, რომელიც ძველ დროში გვაბრუნებს. სხვები მიიჩნევენ, რომ პატარა სამზარეულოში ეს ოპტიმალური ვარიანტია, რომელსაც ფუნქციური შენახვის სისტემა აქვს.

ვთვლით, რომ სამზარეულოს ზომას კი არა, არამედ ბინაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ოთახი სრულყოფილი მაგიდის და რამდენიმე სტანდარტული სკამის დადგმის საშუალებას იძლევა, ძალიან კარგი. ასევე შეგიძლიათ მინი დივანი დადგათ, სასადილო ზონა რბილი სკამებით აღჭურვოთ ან რბილი სკამ–სავარძელი აირჩიოთ. თუ ოთახი ძალიან პატარაა და თავისუფალი კუთხე აქვს, სამზარეულოს კუთხე დადგით, ოღონდ ინტერიერის ფერის და სტილის შესაფერისი, რომ უცხო ელემენტად არ გამოიყურებოდეს.

5. პლასტმასის დეტალები

პლასტმასი ნაცნობ და ჩვეულ მასალად ითვლება, მაგრამ მაინც სიიაფის და მასიურობის სიმბოლოდ რჩება. ასეთ დეტალებზე შესაძლებლობის მიხედვით უარი თქვით. რისკის ზონაში შედის:

  • ჭურჭელი. პლასტმასის ფინჯნები, დაფები, თეფშები მხოლოდ ბუნებაშია გონივრული. სამზარეულოსთვის მინის, კერამიკის, სილიკონის ჭურჭელი გამოიყენეთ.
  • ფანჯრის რაფა. პლასტმასის ფანჯარა ნებადართულია, მაგრამ ასეთ ფანჯრის რაფაზე სჯობს უარი თქვათ. ის სწრაფად იკაწრება, რამდენიმე თვეში ყვითლდება, რის გამოც გარეგნულად უშნოდ გამოიყურება.
  • კარნიზი. როგორი ძვირადღირებული ტექსტილიც არ უნდა გამოიყენოთ, იაფ პლასტმასთან კომბინაცია ფარდისთვის კარგი არაა. თუ ფინანსები ლითონის კარნიზის ყიდვის საშუალებას არ გაძლევთ, შენიღბეთ.
  • პლინტუსი. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ინტერიერს აფუჭებს და 2000-იან წლებში გვაბრუნებს. თანამედროვე მაღაზიებში უფრო მოდურ და პრაქტიკულ ვარიანტებს იპოვით.
  • ყვავილების ქოთნები და ლარნაკები. პლასტმასის ქოთანი ოთახს ნაკლებად ამშვენებს და მცენარით ტკბობის სურვილს არ ტოვებს. გირჩევთ უფრო მოდური მოდელები შეარჩიოთ, მაგალითად, კერამიკა ან ძველი კაშპო ქსოვილით, მაქმანით ან სხვა შესაფერისი მასალით გააფორმეთ.
  • სააბაზანოს აქსესუარები. პლასტმასის კავები, თაროები, სასაპნე, კბილის ჯაგრისის ჭიქები და სხვა დეტალები ინტერიერს იაფფასიანს ხდის. არადა ეს ელემენტები ყურადღებას ყველაზე მეტად იქცევენ.

6. მასიური ტყავის ავეჯი

თანამედროვე დივნები ძლიერ განსხვავდება იმ ავეჯისგან, რომელიც 10-15 წლის წინ მოდაში იყო. მოძველებული მოდელების პარადი მასიური, ტყავის ავეჯს მიყავს. ფასი წარმოუდგენლად მაღალია, გარეგნობა – მეტისმეტად ცივი, შეგრძნება დაჯდომისას – არც თუ ისე სასიამოვნო. გარდა ამისა, ტყავის დივანი ხრუშჩოვის ბინაში სასაცილოდ გამოიყურება და პატარა სივრცეში არ ჯდება. ამასთან, ღირებულ კვადრატულ მეტრს ჭამს, რადგან ძალიან დიდია. მსგავსი ავეჯი, ალბათ, აგარაკის სახლის ან დიდი ბინის ინტერიერს მოუხდება, სადაც სამოძრაო ადგილი არის.

7. კომპიუტერის ძველი სავარძელი

დრო ავეჯს არ ინდობს და კომპიუტერის სავარძელი გამონაკლისი არაა. რამდენიმე წელში ფორმას იცვლის, მოუხერხებელი და გარეგნულად უშნო ხდება. ტყავი იკაწრება, ქსოვილი ცვდება, გადასაკრავი ჯდება. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ინტერიერზე, არამედ თქვენს მუშაობაზე ცუდად აისახება. კომფორტზე ფული არ დაზოგოთ, რომ ზურგი, კისერი და სხეულის სხვა ნაწილები არ დაზიანდეს. როგორც კი, იგრძნობთ, რომ სავარძელი კომფორტული არაა, შეცვალეთ. თუ მხოლოდ „გარსი“ დაზიანდა, ავეჯი შეაკეთეთ, რომ ახალივით გამოიყურებოდეს.