10 იდეა, როგორ გავაუმჯობესოთ ინტერიერი სწრაფად, თუნდაც დიზაინერის უნარები არ გქონდეთ

თუ გეჩვენებათ, რომ ინტერიერი მოსაწყენი, ბანალურია ან უბრალოდ მოგბეზრდათ, ყოველთვის შეგიძლიათ ხიბლი შემატოთ და უფრო კომფორტული გახადოთ. არ იცით, როგორ? Novate გთავაზობთ რამდენიმე შთამაგონებელ იდეას, რომელიც ნებისმიერი ზომის და ინტერიერის ბინას მოერგება.

იდეა 1: ფანჯრის ფორმის სარკე

საკმაოდ ახალი ტრენდი ინტერიერის გასაფორმებლად, თუმცა ბევრმა ბინის მფლობელმა მისი პრაქტიკულობა და სილამაზე უკვე დააფასა. ამ იდეას ყველაზე ხშირად პროვანსის და ეკო სტილში იყენებენ, თუმცა სხვა მიმართულებაშიც ადვილად ჯდება. ასეთი სარკე იდეალური გადაწყვეტილებაა, თუ ოთახში ფანჯარა, საკმარისი განათება არ გაქვთ ან უბრალოდ სივრცის ვიზუალურად გაფართოება გსურთ. ფანჯრის ფორმის სარკე ოთახს უფრო ნათელს და მოცულობითს ხდის. თუ დამატებით გაფორმებაზე იზრუნებთ, მაგალითად, საგდულებზე ან ყვავილების ქოთნების იმიტაციაზე, ნამდვილად საოცარ ეფექტს მიიღებთ.

იდეა 2: დაწნული კალათები

ეკო და სკანდინავიური სტილების პოპულარობის ზრდამ დაწნული კალათები აქტუალური გახადა. მარტივი, მაგრამ ლამაზი დეკორატიული ელემენტი ნებისმიერ ოთახს ამშვენებს. მთავარია, კალათა ფორმის, ზომის, ფერის და ა.შ. მიხედვით სწორად შეარჩიოთ. კალათა სხვადასხვა დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს იმის მიხედვით, თუ რომელ ინტერიერშია გამოყენებული. მკაფიო ხაზების მქონე მკაცრ ოთახს არბილებს, სიმყუდროვეს მატებს, ხოლო მსუბუქ გარემოს უფრო კომფორტულს, ჰაეროვანს და თავდაჭერილს ხდის.

დაწნული კალათა მრავალმხრივ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მასში ყვავილების ქოთანი ჩადოთ, ასე ინტერიერს შინაურულ სითბოს და ჰიუგეს ატმოსფეროს შემატებთ. მსგავსი კალათა ბალიშების, პლედების შესანახად შესანიშნავი ვარიანტია, ასევე პირსახოცების და სააბაზანოს სხვა აქსესუარების შესანახ ყუთად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეც ძალიან მოდური და მყუდრო გამოდის.

იდეა 3: კედელზე დაკიდული სურათები გალერეის სისტემით

ხრიკი გამოგადგებათ, თუ ნახატების ან ჩარჩოში ჩასმული ფოტოების სოლიდური კოლექცია გაქვთ. სტუმრებს უკეთ რომ დაანახოთ, კედელზე გალერეის სისტემით დაკიდეთ. მარტივად რომ ვთქვათ, სურათები ვერტიკალურ ძაფებზე დაკიდეთ, რომელიც ჭერზე დაფიქსირებულია.

ასეთ სისტემას მუზეუმებში იყენებენ და ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, კედლის გახვრეტა საჭირო არაა. მეორეც, ნებისმიერ დროს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ ნახატებს ადგილი შეუცვალოთ. მესამეც, ნახატები სხვადასხვა ზომის და სიუჟეტის შეიძლება იყოს, მთავარია ერთნაირ ჩარჩოებში მოათავსოთ, რომ ჰარმონია არ დაირღვეს.

იდეა 4: ბევრი ოთახის ყვავილი

ოთახის მცენარეები ის შემთხვევაა, როცა „ფაფას კარაქით ვერ გააფუჭებთ“. ფანჯრის რაფაზე ერთ ზომაზე დაწყობილი ყვავილები დაივიწყეთ! სჯობს ინტერიერს ბევრი სხვადასხვა ზომის და ფერის ყვავილი შემატოთ. უპრეტენზიო ვარიანტები შეარჩიეთ, რომელთაც მუდმივად მზის სხივები არ სჭირდებათ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ არა მხოლოდ ფანჯრის რაფაზე, არამედ საწოლის ტუმბოზე, სამზარეულოს სამუშაო მაგიდაზე, დერეფანში ან სააბაზანოში დადოთ. მოდური, ლამაზი და აქტუალური იქნება, შენობის მიკროკლიმატი სასიამოვნო ბონუსი გახდება.

იდეა 5: სხვადასხვა სკამი

კარგია, როცა ყველა ელემენტი ფერის და მასალის მიხედვით იდეალურად შერჩეულია, თუმცა ხშირად მსგავსი სივრცე მოსაწყენად გამოიყურება. რას იტყვით ინტერიერში ცოტა ხულიგნური ნოტების შეტანაზე? მაგალითად, სასადილო ზონაში სხვადასხვა სკამის ან სამი ერთნაირი, ერთი კი, დიზაინერული სკამის გამოყენება. თუ ბიუჯეტი ძლიერ შეზღუდულია, ფანტაზია ჩართეთ, საღებავი და ფუნჯი ხელში აიღეთ და არსებული სკამი გადაღებეთ. ფერადი საღებავი ყველაზე მოსაწყენ ავეჯსაც გარდაქმნის და სამზარეულოს ან სასადილოს ინტერიერს ხიბლს შემატებს.

იდეა 6: განათება

მთავარი განათება ჭერზე ჭაღის სახით, ბრა, ტორშერი, ჩაშენებული ნათურები კარგია. რას იტყვით, რომ ოთახში ზოგიერთი ზონა და ნივთი გამოყოთ? მაგალითად, დერეფანში სარკე, სამზარეულოში წინსაფარი, სურათი ბუხრის ქვეშ ან შემინული კარადა გაანათეთ. ასე საკმაოდ შთამბეჭდავ ეფექტს შექმნით და საჭირო ელემენტებზე ყურადღებას მიიპყრობთ.

პროფესიონალები დამატებით განათებას ამატებენ იმისთვის, რომ რამდენიმე სცენარი შექმნან და ამით ინტერიერი გაამრავალფეროვნონ. ოთახში, სადაც ყველაფერი ზომიერად განათებულია, არაფერი გამოყოფილი არაა, ცუდია, რადგან თვალი არაფერზე ჩერდება. სჯობს 1–2 ნივთი შეარჩიოთ და გაანათოთ. თუ განათების დამატებით დონეს ვერ ქმნით, რამდენიმე ნათურასა და ერთ ჭაღზე შეჩერდით.

იდეა 7: სტელაჟის დეკორი

ბევრი სტელაჟს მხოლოდ ინტერიერის ფუნქციურ ნივთად აღიქვამს, მაგრამ შეიძლება დეკორის მოდური ელემენტი გახდეს, რომელიც ბინის სტილს ერწყმის და თქვენს გატაცებას ასახავს. მთავარია, რამდენიმე პრინციპით და ხრიკით შეიარაღდეთ, ასევე საკუთარ თავში კრეატივი და შემოქმედება განავითაროთ.

თუ დიდი ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნების შესანახად სტელაჟს იყენებთ, არა ანბანის, არამედ ფერების მიხედვით დააწყვეთ. ასეთი მეთოდი როგორც დიდი, ასევე მცირე კოლექციის შემთხვევაში გამოგადგებათ.  ერთი თარო შეგიძლიათ „ცისარტყელას“ ფერებში ააწყოთ, მეორე თეთრი და შავი წიგნებით.

გაფორმების მეორე ვარიანტი: სტელაჟის შიდა კედლები კონტრასტულ ფერში შეღებეთ ან შპალერი გააკარით. ამ შემთხვევაში ეფექტური გარდასახვა გარანტირებულია. გახსოვდეთ, რომ სტელაჟი მხოლოდ წიგნებისთვის არ არის განკუთვნილი. ნახატები, ფოტოები და პოსტერები შესანიშნავად გამოიყურება და ვიზუალურ ცენტრს ქმნის. არასტანდარტულად მოათავსეთ, მაგალითად, უკანა კედელზე ან გვერდებზე.

იდეა 8: ხალიჩაზე მოწყობა

ინტერიერის ვიზუალურად აღსაქმელად ხალიჩაზე ავეჯის სწორად განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს 3 მთავარი მეთოდი:

  • ყველაფერი შიგნით: თუ ხალიჩა დიდია, მთელი ავეჯი მასზე შეგიძლიათ მოათავსოთ. ასე მდიდრულ, გარეგნულ იერს მიიღებთ. და მაინც, არ დაგავიწყდეთ, რომ ხალიჩის თითოეულ მხარეს 30-45 სმ თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს.
  • ყველაფერი გარეთ: თუ ოთახი პატარაა, ხალიჩის გარშემო ავეჯის მოწყობა ოპტიმალური მეთოდია. ტექსტილი სავარძლიდან ან დივნის ფეხიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით უნდა იყოს. აი, პატარა ხალიჩა სულელურად გამოიყურება.
  • ნაწილობრივ ხალიჩაზე: ჰარმონიული და დასრულებული კომპოზიციის, ამავდროულად, სივრცის შესაქმნელად, ხალიჩაზე მხოლოდ ავეჯის წინა ფეხები მოათავსეთ.

იდეა 9: კედლის ფერი ფარდა

თუ ფანჯარაზე ტექსტილს აქცენტად არ იყენებთ. კედლის ფერი ფარდა შეარჩიეთ. დიახ, ისინი ერთმანეთს შეერწყმება, მაგრამ მთელი არსი ესაა. მსგავსი ხრიკი ოთახს ვიზუალურად ამსუბუქებს და არსებულ სივრცეს აფართოებს. ამასთან, ოთახის ფუნქციურობა და მყუდროება არ ირღვევა. თუ შენობაში დაბალი ჭერია, კარნიზი არა ფანჯრის, არამედ პრაქტიკულად, ჭერის ქვეშ მოათავსეთ. ასე პრობლემას მოაგვარებთ.

იდეა 10: მოგონებები მოგზაურობებზე

თქვენი მაცივარი ჯერ კიდევ მაგნიტებით მორთულია და თაროები ფიგურებით და სუვენირებით სავსე? უპირატესობა უფრო მოდურ და ესთეტიკურ ვარიანტს მიანიჭეთ, რომელიც მოგზაურობის შესახებ მოგონებებს შეგინახავთ. მაგალითად, მოგზაურობის დროს გადაღებული ლამაზი კადრებით ფოტოკოლაჟი გააკეთეთ, კედელზე მსოფლიოს რუკა დაკიდეთ და ქვეყნები, სადაც უკვე ნამყოფი ხართ, შეღებეთ, ან კუთხეში თემატური პანო მოათავსეთ.