
ხრიკები შექმნილია იმისთვის, რომ ცხოვრება გაამარტივოს. ამის კიდევ ერთი მტკიცებულება Novate–ს ნაკრებია, რომელიც ყოველდღიურობაზე თქვენს შეხედულებას „დაამსხრევს“. ადრე თუ გვიან ეს ხრიკები აუცილებლად გამოგადგებათ და თავისი ეფექტურობით გაგაოცებთ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად ჩაინიშნეთ და დაიმახსოვრეთ.
1. როგორ გავრეცხოთ თეთრი კედი
თეთრი ფეხსაცმელი ძალიან ლამაზი, მაგრამ აბსოლუტურად არაპრაქტიკულია, ვინაიდან ყველა ჭუჭყს, მათ შორის ერთი შეხედვით უვნებელ მტვერს იკრავს. სპორტული ფეხსაცმელი ყველაზე მეტად ზიანდება, რომელსაც თითქმის ყველგან ვიცვამთ. თუ ღია ფერის ტყავის კედი შეგიძლიათ სველი ღრუბლით მოაწესრიგოთ, ნაჭრის შემთხვევაში მეტი პრობლემა წარმოიქმნება.
ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი: საკვები სოდა სარეცხ ფხვნილთან ერთად. პირველ რიგში, ფეხსაცმელს მთელი ჭუჭყი მოაშორეთ. შემდეგ საკვები სოდა და სარეცხი ფხვნილი თანაბარი პროპორციით აურიეთ, კედის ზედაპირი მიღებული პასტით თანაბრად დაამუშავეთ, რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ ჩამორეცხეთ. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში დელიკატურ რეჟიმზე თამამად გარეცხეთ.
კიდევ ერთი კარგი და ხელმისაწვდომი მეთოდი: პასტა ან კბილის ფხვნილი. რომელიმე ინგრედიენტი ცოტა ჭურჭლის სარეცხ საშუალებას აურიეთ და ფეხსაცმელს წაუსვით. ძველი კბილის ჯაგრისით მარტივად გაწმენდთ, როგორც ზემოთ მოცემულ შემთხვევაში. პროცედურის დასრულების შემდეგ ფეხსაცმელი სველი ჩვრით გაწმინდეთ, რომ ნარევის ნარჩენები მოაშოროთ.
2. როგორ გავწმინდოთ სპილენძის ნაწარმი
თუ რომელიმე სპილენძის ნივთი გამუქდა, ლაქებით და ზოლებით დაიფარა, მაღაზიაში სპეციალური გამწმენდი საშუალების შეძენა არ იჩქაროთ. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ შინაურული საშუალება, რომელიც სამზარეულოში გაქვთ. უმნიშვნელო ჭუჭყის მოსაშორებლად ჭურჭლის გასარეცხი გელი გამოიყენეთ. რამდენიმე წვეთი თბილ წყალს დაუმატეთ, კარგად ააქაფეთ, მასში სპილენძის ნაწარმი ჩადეთ და ცოტა ხნით დაელოდეთ. შემდეგ ღრუბელი აიღეთ და დარბილებული ჭუჭყი ღრუბლით მოაშორეთ. ბოლოს ნაწარმი გამდინარე წყალში გაავლეთ და გაამშრალეთ.
თუ სპილენძის ნაწარმი გაშავდა, კეტჩუპი ან პომიდვრის პასტა დაგეხმარებათ. ჭურჭელს წაუსვით და 1 საათით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ ბამბის შემცველი ქსოვილი აიღეთ და ნივთი კარგად გაწმინდეთ, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ. ასე არა მხოლოდ სიშავეს მოიშორებთ, არამედ სპილენძს კაშკაშა ფერს დაუბრუნებთ.
3. როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს ნამწვი
თუ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი დაზიანდა, შინაურული საშუალებები გამოიყენეთ:
- დამწვარი ქვაბი შიგთავსისგან გაათავისუფლეთ, მდუღარე წყალი ჩაასხით, შემდეგ 3 ს/კ მარილი და 3 ს/კ ძმარი დაუმატეთ. აურიეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით უხეში ჯაგრისით შეიარაღდით და ნამწვის ნარჩენები მოაშორეთ.
- ქვაბში წარმოქმნილ ნამწვს მარილის ფენა მოაყარეთ. თუ რამდენიმე საათში არაფერი შეიცვალა, ქვაბში წყალი ჩაასხით და სუსტ ცეცხლზე მარილხსნარი აადუღეთ. 30 წუთი საკმარისია. ხსნარს გაგრილება აცადეთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ და წყალი გაავლეთ.
- მარილის მსგავსად მოქმედებს სოდაც. სოდა ნამწვს მოაყარეთ და „დააყენეთ“. ეფექტის გასაძლიერებლად ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ. მიღებული ქაფი საჭმლის მკვრივ სტრუქტურებს დაშლის და ჭურჭელს მოაშორებს.
- აქტივირებული ნახშირი უჟანგავი ფოლადის ჭურჭლის გასაწმენდად ყველაზე ეფექტური მეთოდია. 4-6 აბი დაფშვენით და მთელ დაბინძურებულ ზედაპირს მოაყარეთ. ამის შემდეგ ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. მთელი ნამწვი უნდა მოშორდეს.
4. როგორ გავაქროთ უსიამოვნო სუნი მაცივარში
პირველ რიგში, მაცივრიდან ყველა პროდუქტი გამოიღეთ, დენის წყაროდან გამორთეთ და სოდის ან ძმრის ხსნარით გაწმინდეთ. 1 ლ თბილ წყალს 1 ს/კ სოდა ან 2 ს/კ ძმარი დაუმატეთ და ამ ხსნარით მაცივრის კედლები და თაროები გაწმინდეთ. დამატებით, ზედაპირი შეგიძლიათ ლიმონის წვენით დაამუშავოთ.
სუნების გასანეიტრალებლად ერთ–ერთი ვარიანტი გამოიყენეთ:
- ყავა. მაცივარში პატარა ჭიქით ხსნადი ყავა, ყავის მარცვლები ან ნალექი მოათავსეთ. ყავა სუნს შთანთქავს. საშუალება თვეში ერთხელ გამოცვალეთ.
- აქტივირებული ნახშირი შესანიშნავი შთანმთქმელია. 15-20 აბი დაფშვენით, ბრტყელ თეფშზე დაყარეთ და მაცივარში რამდენიმე დღე გააჩერეთ. ნახშირი ყოველჯერზე გამოიყენეთ, როცა მაცივრის სუნი არ გაკმაყოფილებთ.
- გაზეთი. ამ მეთოდს ჩვენი ბებიები და დედები იყენებდნენ. რამდენი გაზეთის ფურცელს კუჭავდნენ, ამრგვალებდნენ და ბოსტნეულის უჯრაში ან გვერდითა თაროებზე დებდნენ. ასეთი სუნის „გამანეიტრალებელი“კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.
- ჩაის პაკეტი. რამდენიმე გამოყენებული ჩაის პაკეტი მაცივრის თაროებზე დადეთ და კვირაში 2–ჯერ გამოცვალეთ. ისინი უსიამოვნო სუნს უპრობლემოდ შთანთქავენ.
5. როგორ გავაძლიეროთ სანელებლების და ბალახების გემო
თუ კარადაში ახალი სუნელი ვერ იპოვეთ, კერძის გემოს და არომატის გასაძლიერებლად ხმელი სანელებლები გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ მათ მომზადება სჭირდებათ.
მიხაკი, ლიმონი, ანისული, დარიჩინი და სხვა მსხვილი დაუმუშავებელი სანელებელი დანაყეთ, რომ მისი ბუნებრივი ზეთი და არომატი კერძში სრულად გაიხსნას. ამისთვის ფართო დანა აიღეთ და სანელებლები დააქუცმაცეთ.
სანელებლები შეგიძლიათ დაფქვათ. მათი დანიშნულების მიხედვით მსხვილად ან წვრილად შეგიძლიათ დაფქვათ. პირველ შემთხვევაში, სანაყი გამოგადგებათ, მეორე შემთხვევაში – სპეციალური წისქვილი.
სანელებლების გემო და არომატი ცხელ ტაფაზე მოხალვის შემდეგ ძლიერდება. ასევე სანელებლები შეგიძლიათ ჯერ საცხობ ქაღალდში შეახვიოთ, შემდეგ ფოლგაში და 300-325 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხოთ.
კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი: ჩალბობა, რომელიც მომზადების ზარმაც მეთოდს მიეკუთვნება. ამისთვის საჭირო რაოდენობის ხმელ ბალახს ზეითუნის ზეთი დაასხით და 15 წუთით დააყენეთ. თუ სალათისთვის ამზადებთ, ცოტა მეტი ზეთი დაასხით, რომ სანელებლები კარგად გაიჟღინთოს.
6. როგორ მოვაშოროთ გაზქურის კარს ცხიმი
ამ შემთხვევაში უბრალო ცომის გამაფხვიერებელი დაგეხმარებათ. გაზქურის კარი ცხელი წყლით დაასველეთ, ფხვნილი მოაყარეთ, სპრეი ბოთლიდან დანამეთ, 1 საათში გარეცხეთ და გაამშრალეთ.
მეორე მეთოდი: დროში გამოცდილი ძმარი გამოიყენეთ. სპრეი ბოთლში ჩაასხით და ჭუჭყიან ზედაპირს შეასხურეთ. ნახევარი საათით მოიცადეთ, შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალება ღრუბელს დააწვეთეთ, ააქაფეთ და ძმრით დამუშავებული მინა გაწმინდეთ. სველი ჩვრით ყველაფერი მოაშორეთ და გაამშრალეთ.