8 ხრიკი მაგარი ინტერიერის შესაქმნელად, თუნდაც სავსე საფულე არ გქონდეთ

ბევრი ადამიანი სიტყვა „რემონტზე“ პირდაპირი გაგებით თვალების ხამხამს იწყებს. გასაკვირი არაა, რადგან რემონტი ხშირად ბევრი ფულის და დროის ხარჯვას მოითხოვს. საბედნიეროდ, რამდენიმე ბიუჯეტური ვარიანტი არსებობს, რომელთა დახმარებით ინტერიერს დიზაინერის გარეშე განაახლებთ და ძვირიც არ დაგიჯდებათ. Novate რამდენიმე ასეთ იდეას გთავაზობთ.

იდეა 1: ცოცხალი ყვავილები

რა თქმა უნდა, თანამედროვე ხელოვნური ყვავილები უფრო ლამაზად და ნატურალისტურად გამოიყურება, ვიდრე ძველად, ამიტომ დიდი ცდუნება არსებობს, რომ ბინა ასეთი იაფი, პრაქტიკული და „მარადმოყვავილე“ თაიგულით დაამშვენოთ. და მაინც, ცოცხალ ყვავილებს ვერცერთი, თუნდაც მაღალი ხარისხის ხელოვნური თაიგული შეედრება. ცოცხალი ყვავილები ოთახის საერთო სივრცეს ახალისებს და განუმეორებელ არომატს ანიჭებს.

თუ ყოველ ჯერზე ახალ მოჭრილ ყვავილზე ფულის დახარჯვა არ გსურთ, გამხმარი ყვავილები შეიძინეთ. მაგალითად, ლავანდა უფრო დიდხანს გაძლებს, თან მშვენიერი გარეგნობა და სუნი აქვს. კიდევ ერთი კარგი მაგალითია ორქიდეა ქოთანში, რომელიც სივრცეს მყისიერად დაამშვენებს. შერჩეული ყვავილი შეგიძლიათ ტრადიციულად მაგიდაზე მოათავსოთ ან საწოლის ტუმბოსთან, კომოდზე და სააბაზანო ოთახში დააბინავოთ. ერთი საინტერესო ხრიკი: ყვავილები დახლებზე არ შეიძინოთ, ქუჩაში ხის რამდენიმე ტოტი მოჭერით, ასეთი სიმწვანე ოთახს მყუდროებას შემატებს და განაახლებს, ამასთან უფასოდ მიიღებთ.

იდეა 2: ერთი დიდი სურათი

დიზაინერები კედლის გასაფორმებლად ორ ვარიანტს გვთავაზობენ: რამდენიმე პატარა სურათით, პოსტერით ან ჩარჩოში ჩასმული ფოტოებით კომპოზიციის შექმნა ან ერთი დიდი ტილოთი შემოფარგვლა. მეორე ვარიანტს ვემხრობით და აი, რატომ. ბევრი პატარა გამოსახულება სივრცეს ტვირთავს და ქაოსურს ხდის. გარდა ამისა, ჩინურ ონლაინ მაღაზიებში შეძენილი იაფი პოსტერები უგემოვნოდ და იაფფასიანად გამოიყურება.

დიდი სურათი კედელზე წაუგებელი ვარიანტია, განსაკუთრებით თუ ინტერიერის სტილშიც ჯდება. ის ძვირადღირებულად გამოიყურება და სივრცეს უფრო დასრულებულს და სრულყოფილს ხდის. თუ ფერწერა გიტაცებთ, ნახატი თავად დახატეთ – სამხატვრო მაღაზიებში საღებავების და ტილოების დიდი არჩევანია, ამიტომ ტილოს შექმნის პროცესში პრობლემა არ უნდა წარმოიშვას.

იდეა 3: აქცენტური სავარძელი

დიდი ზომის ავეჯის არჩევისას ნეიტრალურ ფერებს და კლასიკურ ფორმებს უპირატესობას ვანიჭებთ, რომ მათ რამდენიმე წელი აქტუალობა არ დაკარგონ. თუ მოულოდნელად ინტერიერის განახლებას გადაწყვეტთ, ღია ფერის ან არასტანდარტული დიზაინის აქცენტური სავარძელი შემატეთ. შესანიშნავი მაგალითია Ikea–ს სავარძელი „სტრანდმონი“ თავმისადებით. დიზაინერები მას ნეიტრალურ და ლაკონურ ინტერიერში ხშირად იყენებენ, რომ განსაკუთრებული ხიბლი და დახვეწილობა შემატონ. ერთი შეხედვით უბრალო სავარძელია, მაგრამ ოთახი უფრო კონტრასტული ხდება და თან მის ინდივიდუალობას ხაზი ესმება.

ავეჯის ნაკრებზე, რომელიც 20-30 წლის წინ პოპულარული იყო, სჯობს უარი თქვათ. ის ძველმოდურად და ბანალურად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკულია. სჯობს ექსპერიმენტები ჩაატაროთ და ტრადიციული ფორმის ან ფერის დივანს სხვადასხვა სავარძელი შეუხამოთ – თამამი და ორიგინალური გამოვა.

იდეა 4: ფარდა იატაკამდე

დიზაინერები დაჟინებით გირჩევენ, რომ ფარდაზე უარი არ თქვათ. ფარდა ხომ ოთახს უფრო მყუდროს ხდის და რამდენიმე პრობლემას აგვარებს, კერძოდ, ჭერს ვიზუალურად ზრდის. თუ ოთახი ბნელია, სქელ ფარდებზე უარი თქვით და ნახევრად გამჭვირვალე ტიული გამოიყენეთ. ის ოთახში სინათლის შემოსვლას ხელს არ შეუშლის, თან მისაღებს ან საძინებელს 100 ქულა ქარიზმას შესძენს.

ფარდის არჩევისას სიგრძეს ყურადღება მიაქციეთ. ფარდა ძალიან მოკლე არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუფუნებასა და დახვეწილობაზე საუბარი ზედმეტია. ფარდა, რომელიც შუა ფანჯრამდე ძლივს აღწევს, იაფფასიანად გამოიყურება, ინტერიერს აუფასურებს და ჭერს უფრო ადაბლებს. სწორედ ამიტომ, სიგრძე ისე გათვალეთ, რომ იატაკმდე დაუშვათ ან ნაწილობრივ იატაკზე დაყრილი იყოს.

კარნიზს ცალკე ყურადღება უნდა დაუთმოთ. კარნიზი არა ფანჯრის ქვეშ, არამედ ჭერთან ახლოს უნდა მდებარეობდეს, რომ შენობა ვიზუალურად გაწელოს. რაც შეეხება ფერს, ყველაზე მარტივი შეარჩიეთ, რომელიც ყურადღებას არ იზიდავს და თვალში არ გვხდება ან უბრალოდ ფარული კარნიზი გამოიყენეთ.

იდეა 5: ლითონის დეტალები

შენობას განსაკუთრებული ხიბლი და დახვეწილობა რომ შემატოთ, ძვირადღირებული დიზაინერული ნივთების შეძენა აუცილებელი არაა. საკმარისია, ინტერიერს ლითონის ნივთებით მცირე აქცენტი შემატოთ. დიდი არჩევანი გაქვთ: თითბრის სასანთლე, მაგიდის სანათი ან ტორშერი ლითონის ბზინვარებით, ლითონის ფერში შეღებილი ლარნაკი. იმ დეტალს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელიც თქვენს ბინას სჭირდება. მსგავსი აქცენტები კედელზე ლამაზად აისახება და იდუმალ ატმოსფეროს ქმნის.

იდეა 6: კონტრასტული კარი

კონტრასტული დეტალი კიდევ ერთი ხრიკია, რომელიც ინტერიერს უფრო დახვეწილს და ორიგინალურს ხდის. კედელთან ან ჭერთან კარგად მუშაობს. თუ უახლოეს მომავალში კაპიტალურ რემონტს არ გეგმავთ, უბრალოდ კონტრასტული კარი გააკეთეთ. ახალი კარის შეძენა საჭირო არაა, საღებავი და ფუნჯი დაგეხმარებათ. დიზაინერები გირჩევენ, რომ არ შეგეშინდეთ და რადიკალური ფერი აირჩიოთ, რომელიც ნამდვილად თვალშისაცემი გახდება. შავი, მუქი ლურჯი, ზურმუხტისფერი, ღვინისფერი – ბევრი ვარიანტი არსებობს, აირჩიეთ ის, რომელიც ბინაში უცხო საგნად არ იქნება.

იდეა 7: სანთლები

ამ დეკორატიულ ელემენტებს ხშირად უგულებელყოფენ, არადა ისინი მყუდრო ატმოსფეროს ქმნიან, ასევე თქვენი ბინის ნებისმიერ კუთხეს, რომელსაც ლოკალური განათება სჭირდება, მომგებიანად ანათებენ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ან უბრალოდ მოსადუნებლად არომატული სანთლის ანთება, აბაზანის მიღება ან დივანზე წამოწოლა წარმოუდგენლად სასიამოვნოა. თანამედროვე მაღაზიები სხვადასხვა არომატის მქონე სანთლების ფართო არჩევანს ბიუჯეტურ ფასებში გვთავაზობენ. ასეთი შენაძენი საფულეს დიდად არ დაარტყამს, სამაგიეროდ ინტერიერს განაახლებს და მოგადუნებთ, განწყობას აგიმაღლებთ.

შენიშვნა: სანთელი მინის სასანთლეში ჩადეთ. ასე ავეჯს ცვილის შესაძლო დაღვრისგან დაიცავთ და სინათლეს ლამაზად არეკლავთ, ოთახში დამაინტრიგებელ სხივებს შექმნით.

იდეა 8: ახალი ფურნიტურა და შემრევი

ბევრი ადამიანი ყურადღებას ამახვილებს ინტერიერის დიდ ნივთებზე, როგორიცაა ავეჯი. მათ ავიწყდებათ, რომ პატარა დეტალები ოთახის აღქმაში მთავარ როლს ასრულებენ. კარის სახელური, აბაზანის შემრევი, ჩამრთველი – ეს უსარგებლო დეტალები არაა, რომელთა უგულებელყოფა და იაფი ვარიანტებით გამოძრომა შეიძლება. დიზაინერების აზრით, ბინას უნიკალურ სტილს სწორედ ისინი მატებენ. თუ თქვენი მიზანი ინტერიერის განახლება და მასში ხიბლის დამატებაა, საკმარისია, ძველი ფურნიტურა და ონკანები ახლით ჩაანაცვლოთ.

მაგალითად, აბაზანაში კლასიკური ნიმუში ყოველთვის იაფფასიანად გამოიყურება. აი, ვინტაჟური ონკანი ან უფრო მოდური მოდელი ოთახს მყისიერად გარდაქმნის, რადგან აქცენტი, ყურადღების მიპყრობი გაჩნდება.