7 შეცდომა ინტერიერში, რის გამოც ბინაში შესვლისას „ვაუს“ თქმა გვიჭირს

ყველა სურს ისეთ ბინაში ცხოვრება, სადაც ინტერიერში ა–დან ჰ–მდე ყველაფერი დაგეგმილია. დაზღვეული არავინაა, რომ ბინის მოწყობისას არ დაუშვებს შეცდომებს, რომელთაც ინტერიერში დისჰარმონია შემოაქვთ. Novate გიამბობთ, რა დაუდევრობა იწვევს ნაკლებად დამაკმაყოფილებელ შედეგებს და როგორ ავიცილოთ თავიდან.

შეცდომა 1: ლამაზი, მაგრამ არაპრაქტიკული ნივთები

ბევრი ოცნებობს, რომ მათი ბინა ისე გამოიყურებოდეს, როგორც პრიალა ჟურნალის გარეკანზე. სამწუხაროდ, ყველა ნივთი, რომელთაც მოდური ინტერიერის ფოტოებზე ხედავთ, მოსახერხებელი და ფუნქციური არაა. მაგალითად, მინის მაგიდა, დრაპ–ველურის (ხავერდის სახეობა) მოდური დივანი, ხის სკამი მოჩუქურთმებული ფეხებით, კუთხის კარადა სამზარეულოში და ა.შ. თითოეულ ნივთს თავისი ამოცანა აქვს, რომელსაც 5+ უნდა ასრულებდეს. თუ დივანზე მუდმივად მტვერი და შინაური ცხოველის ბეწვი გროვდება ან სკამს გვერდს უვლით, რადგან კომფორტული არაა, ინტერიერი ძლიერ ზიანდება.

გირჩევთ, ბინა მხოლოდ იმ ნივთებით გაავსოთ, რომლებიც თვალს ახარებს და ცხოვრებას ამარტივებს. ის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციური და გამოსაყენებლად კომფორტული უნდა იყოს. საბედნიეროდ, მაღაზიები მრავალფეროვანი ინტერიერის ნივთებით აჭრელებულია, სადაც ნებისმიერი ფორმის, გემოვნების და ფორმის ნივთს იპოვით. ისღა დაგრჩენიათ, რაიმე კონკრეტული აირჩიოთ.

შეცდომა 2: თაღი, სვეტი და თაბაშირ–მუყაო

პატარა ქალაქის ბინაში, სადაც მოსაბრუნებელიც არსადაა, თაღის, სვეტის და თაბაშირ–მუყაოს სახით ფუფუნება აშკარად უადგილოა. ისინი ინტერიერს ამძიმებენ, თან მოძველებულს ხდიან. ახლა მოდაში სიმსუბუქე და სადა ხაზებია, ასევე მაქსიმალურად მარტივი და გასაგები მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც ტიპიურ ქართულ ბინას უკეთ ერგება. მაგალითად, სწორი შპალერი, უხეში ტექსტურის ბათქაში, ეკოსაღებავი ლამაზი ცისფერი შეფერილობით, სადა გეომეტრიული ფორმები.

თუ მოსართავს და დეკორს სწორად გამოიყენებთ, სივრცეს ვიზუალურად გააფართოებთ, რაც პატარა ბინაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხოლო ინტერიერი უფრო მოდური და ჰარმონიული გახდება.

შეცდომა 3: დაუგეგმავი განლაგება

განლაგება ჰარმონიული ინტერიერის მთავარი ბაზაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ავეჯი ერთმანეთთან მიმართებაში კომფორტულად განალაგოთ და გამოყენებაში სირთულე არ გამოიწვიოს. თუ ავეჯებს შორის ვიწრო გასასვლელია, კარადის კარი სრულად არ იღება, ხოლო საწოლის უჯრაში საერთოდ არაფერს ვამბობთ, რადგან ის ტუმბოთი დაბლოკილია, მხოლოდ გაღიზიანებას იგრძნობთ. დარწმუნებული ვართ, საკუთარ ბინაში ამის განცდა ნამდვილად არ გსურთ. გირჩევთ, ავეჯის შეძენამდე ზომები აიღოთ და ქაღალდზე დახაზოთ, თუ სად და რას განალაგებთ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მთავარია კომფორტი.

შეცდომა 4: არასაკმარისი განათება

თუ ოთახის ფანჯრები ჩრდილოეთ მხარეს გადის ან მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის გამო დღის სინათლის ნაკლებობას განიცდით, ჭერზე მხოლოდ ერთი ჭაღით არ შემოიფარგლოთ. ჭაღი შეიძლება ოთახს კარგად ანათებდეს, მაგრამ უხერხულობას იგრძნობთ, რადგან რიგი ზონები, რომელთაც დამატებითი განათება სჭირდება, ნახევრად ჩრდილში იმყოფება. გამოიყენეთ ლოკალური განათება, მაგალითად, ტორშერი, ბრა, მაგიდის სანათი. დივნის გვერდით, საწოლის თავზე, სასადილო მაგიდაზე ან სამუშაო მაგიდაზე მოათავსეთ. ასე თითოეული ნაკვეთის ხაზგასმას შეძლებთ და მთელ ოთახში კომფორტულ განათებას უზრუნველყოფთ. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ზონა გამოიყენოთ და ოთახში საერთო განათება არ ჩართოთ. მოსახერხებელია, როცა ბინაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ გსურთ.

შეცდომა 5: ნაკრები

მზა ავეჯის ნაკრები მოსახერხებელია, რომელიც აგარიდებთ თავის ტკივილს და ფიქრს, როგორ შეურჩიოთ სავარძელი დივანს სწორად. და მაინც, ზოგჯერ სჯობს ზედმეტად გაისარჯოთ და იდეალურ შედეგს მიაღწიოთ, ვიდრე მარტივი გზით წახვიდეთ და თითზე იკბინოთ. ნაკრები – ერთ–ერთი ასეთი სიტუაციაა. საქმე იმაშია, რომ ავეჯის ნაკრები ძველად პოპულარული იყო და მხოლოდ ხრუშჩოვის ბინების ასოციაციას ტოვებს. თან ბინა ავეჯის კომპლექტით სასტუმროს ან საერთოდ ავეჯის ჰიპერმარკეტის ექსპოზიციას ჰგავს.

გირჩევთ, უარი თქვათ ავეჯის ნაკრებზე, რომელსაც ავეჯის მწარმოებლები გთავაზობენ. მათთვის მომგებიანია, როცა ადამიანი, რომელიც საწოლის შესაძენად მოვიდა, კომოდი, კარადა და რამდენიმე ტუმბოც იყიდოს, რადგან ისინი „ერთმანეთს კარგად ერწყმის“, თუმცა ეს მოდური და ინდივიდუალური სივრცის შექმნას ხელს არ უწყობს.

სხვათა შორის, ნაკრების სახით არა მხოლოდ ავეჯს, არამედ ტექსტილს და დეკორს ყიდულობენ. მოსახერხებელია, მაგრამ ორიგინალური არაა, მოსაწყენი და უსახურია. თუ ინტერიერის ინდივიდუალობის ბოლომდე ჩაკვლა არ გსურთ, მზა ნაკრებზე უარი თქვით და გამოიყენეთ ტექსტილი, რომელიც ინტერიერს უფრო დახვეწილად ეთავსება. მაგალითად, ტექსტურით, ფერით, მსგავსი ზოლებით. იგივე შეიძლება ითქვას დეკორატიულ კომპოზიციებზე – თავად შექმენით და გვერდი აუარეთ მზა ლარნაკების, სტატუების ნაკრებს და ა.შ.

6.ზედმეტი ნეიტრალობა

ჩვეულებრივ, ყველა ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება: ან ზედმეტად კონტრასტულ ინტერიერს ქმნის ან ნეიტრალობას უპირატესობას ანიჭებს. ბოლო ვარიანტი უფრო ცუდია: თეთრი ან კრემისფერი კედლები, უსახური იატაკის ფერი, უხილავი ნახატები, უფერო ტექსტილი და ასეთივე ავეჯი, რომელიც ოთახში მოკრძალებულად დგას და ყურადღებას საერთოდ არ იზიდავს.

შედეგი: მოსაწყენი ინტერიერი, რომელიც თქვენს ინდივიდუალობაზე ერთ სიტყვასაც არ ამბობს. ჩვეულებრივ, ასეთ შაბლონს იყენებს ის, ვისაც ფერების შეხამებისას შეცდომის დაშვების ეშინია, ამიტომ მაქსიმალურად ნეიტრალურს ირჩევს. მორევში თავით გადაშვებას არ გირჩევთ, მაგრამ ძალიან ნათელი ინტერიერი სადა მუქი დეტალებით აუცილებლად უნდა გააზავოთ. გაშინებთ მკვეთრი კონტრასტი? უფრო მსუბუქი ვარიანტი აირჩიეთ: არსებულ ფერზე რამდენიმე ტონით მუქი და ღია ფერი აირჩიეთ ან პასტელურ აქცენტურ ფერებს უპირატესობა მიანიჭეთ. ასევე დაწნულ დეკორს, ლითონს, ოთახის მცენარეს ყურადღება მიაქციეთ – ისინი ნეიტრალურ მოტივებს წარმოადგენენ, რომლებიც სივრცეს გააცოცხლებენ.

შეცდომა 7: ბევრი აქსესუარი

ზოგიერთი ინტერიერი იმდენად მინიმალისტურია, რომ კბილების კრაჭუნს დაგაწყებინებთ. სხვები, პირიქით, ყველა შესაძლო ლარნაკით, სტატუეტით, სანთლებით, ბალიშებით და სხვა დეკორებით სავსეა. ყოველწლიურად მაღაზიებში სულ უფრო მეტი ლამაზი წვრილმანი ჩნდება და ყიდვის ცდუნება დიდია. ზომიერება არ დაგავიწყეთ. ოთახი საწყობად არ აქციოთ და მხოლოდ ინტერიერის შესაფერისი აქსესუარები შემატეთ. ასევე ვიზუალური ხმაურის არსებობა არ დაგავიწყდეთ: რაც უფრო მეტი ნივთია თაროზე ან მაგიდაზე, მით უფრო მეტად იგრძნობთ ქაოსს და უწესრიგობას.