6 მასალა, რომელიც სამზარეულოში არ უნდა გამოიყენოთ, თუ რამდენიმე თვეში რემონტს არ გეგმავთ

სამზარეულოს რემონტი ერთ–ერთი ყველაზე რთული და ძვირადღირებულია. ოთახის თავისებურება კარგად უნდა გესმოდეთ და მასალა ამის საფუძველზე შეარჩიოთ. ვარიანტები, რომლებიც ტემპერატურის ცვლილებას ვერ უძლებს, წყალთან კონტაქტი არ უხდება და მოსავლელად რთულია, არ გამოდგებათ. Novate მათ შესახებ უფრო დეტალურად გიამბობთ.

1. ხალიჩა

იატაკის საფარიც ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. პირველ რიგში, პრაქტიკული, გამძლე და მარტივად მოსავლელი მასალა გჭირდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ იატაკზე შეიძლება საჭმელი დავარდეს, სითხე დაიღვაროს, კაშკაშა სანელებელი, მაგალითად, კურკუმა გაიფანტოს, არ გარისკოთ და აირჩიეთ ისეთი საფარი, რომლის გარეცხვა მარტივია. ხალიჩა, რომელიც კედლიდან კედლამდე გაფენილია, ამ კატეგორიაში არ შედის. ასეთი საფარის შემთხვევაში ოთახის მოსაწესრიგებლად ხშირი, სველი წმენდა, მწმენდავი მტვერსასრუტი და ბევრი თავისუფალი დრო დაგჭირდებათ, რადგან სამზარეულოს დალაგება დიდ დროს წაგართმევთ. გარდა ამისა, თუ მოულოდნელად იატაკზე წითელი პროდუქტი ან სანელებელი დავარდება, მოგიწევთ ქიმწმენდას მიმართოთ.

კერამოგრანიტი ან კერამიკის ფილები სამზარეულოსთვის ყველაზე პრაქტიკული იატაკია. ის სითხეს, ტემპერატურის ცვლილებას მარტივად იტანს, მარტივად იწმინდება, ამიტომ გამოყენებაში პრობლემებს არ იწვევს.

2. პლასტმასის პანელები

სამზარეულო და პლასტმასი ერთმანეთთან შეუთავსებელია, რადგან ეს მასალა მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება გალღვეს და ტოქსიკური ნივთიერება გამოყოს. გარდა ამისა, პლასტმასის გამო ოთახში ჰაერის ბრუნვა ფერხდება – პანელი კედელს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და სითხის მოხვედრამ შეიძლება სოკოს გაჩენა და გამრავლება გამოიწვიოს.

გირჩევთ, ფული არ დაზოგოთ და უფრო ხარისხიან მასალას უპირატესობა მიანიჭოთ, რომელიც სამზარეულოს ინტერიერში რეკომენდებულია. მაგალითად, კედლის მოსაპირკეთებლად საღებავი გამოიყენეთ, წინსაფრისთვის – უნივერსალური ფილები, ხელოვნური ან ნატურალური ქვა. ხე ოთახის ინტერიერს შესანიშნავად უხდება. ხე ნატურალური მასალაა და ჰაერის ბრუნვას ხელს არ უშლის, მაგრამ ერთი მინუსი აქვს: სითხეს და მაღალ ტემპერატურას ცუდად იტანს, ამიტომ ფრთხილად და მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიყენეთ.

3. ტექსტილი

საუბარია არა ყველა ტექსტილზე, არამედ მის ზოგიერთ სახეობაზე, რომელიც მოსავლელად რთულია. დიახ, ფარდა შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, ინტერიერს ავსებდეს, თუმცა პრაქტიკული არაა. ქსოვილი სუნებს სწრაფად იწოვს, თუ ფანჯარა გაზქურასთან ახლოს მდებარეობს, ცხიმის ლაქებიც ჩნდება. ფარდის გარეცხვა სტაბილურად თვეში ერთხელ მოგიწევთ, თუ უფრო ხშირად არა. თუ მტკიცედ დარწმუნებული ხართ, რომ ფარდა თქვენი სამზარეულოსთვის იდეალური ვარიანტია, ხავერდის, აბრეშუმის და სელის ფარდას მოერიდეთ, რადგან გასარეცხად პრეტენზიულია და დაუთოებაც რთულია.

კედელზე რბილი ტექსტილის პანელების გამოყენებას მოერიდეთ. საძინებელსა და მისაღებში ძალიან გონივრული და ლამაზია, მაგრამ სამზარეულოში, სადაც მთავარი საკითხი პრაქტიკულობაა, მხოლოდ პრობლემებს იწვევს. ასეთი პანელები მოსავლელად რთულია, ცუდად იწმინდება და მოსაწესრიგებლად სპეციალური მოწყობილობების შეძენა მოგიწევთ.

რომაული ან რულონის ფარდა სამზარეულოსთვის ოპტიმალური ვარიანტია. რაც შეეხება პორტიერს იატაკამდე, სიგრძის გამო აბსოლუტურად არაპრაქტიკულია. მასალა შეიძლება იყოს ნატურალური (ბამბა) ან სინთეტიკა (პოლიესტერი). თუ თქვენი მიზანი კედლის ლამაზად გაფორმებაა, არა რბილი, არამედ მრეცხავი შპალერი აირჩიეთ. ჩვეულებრივი შპალერით შეგიძლიათ აქცენტური კედელი გააკეთოთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასადილო ზონა რისკის ზონიდან მაქსიმალურად შორს მდებარეობს.

4. ლინოლეუმი და ლამინატი

მასალა, რომელიც ლამაზ გარეგნობას, მარტივ მონტაჟს და შედარებით დაბალ ფასს წარმატებულად აერთიანებს, თუმცა პრაქტიკულობის და არაპრეტენზიულობის თვალსაზრისით, ლიდერებს შორის ვერ ხვდება. ლინოლეუმი საკმაოდ პრეტენზიულია. პირველ რიგში, აბსოლუტურად სწორი იატაკი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ბორცვი და ღრმული ხილული გახდება. მეორეც, მასალა ხელოვნურია და ამიტომ ჰაერის ბრუნვას არღვევს, შეიძლება სოკო გაჩნდეს. მესამეც, იაფმა ლინოლეუმმა შეიძლება მავნე ტოქსინები გამოყოს, რაც ბინის მაცხოვრებლების განწყობაზე ცუდად აისახება.

იგივე ლამინატსაც ეხება. მას უფრო ნატურალურად მიიჩნევენ, ვიდრე ლინოლეუმს, მაგრამ ეს უფრო მითია, ვიდრე სიმართლე. მასალის ზედა დამცავი ფენა სინთეტიკური ფისისგან შედგება, მეორე ფენა დეკორატიული და მყარი ქაღალდია, რომელზეც ხის ზოლები გამოყავთ, მესამე ფენა – მაღალი სიმკვრივის მდფ ფილები. გამოდის, ნატურალურობამდე ძალიან შორსაა, როგორც ლინოლეუმი.

გირჩევთ, ამ მასალებზე უარი თქვათ და იაფი კერამოგრანიტი აირჩიოთ, რომელსაც ხშირად ხის ტექსტურას ანიჭებენ. მეორე ვარიანტი: სამუშაო ზონისთვის კერამიკის ფილები გამოიყენეთ. ეს უბერებელი კლასიკაა, რომელიც ორიგინალურად გამოიყურება, თუ ფერს და ნიმუშს სწორად შეარჩევთ.

5. ქაღალდის შპალერი

გახსოვთ, სტატიის დასაწყისში ვთქვით, რომ სამზარეულოს მაქსიმალურად პრაქტიკული და ხარისხიანი მასალა სჭირდება? აი, ქაღალდის შპალერი ამ კატეგორიაში არ შედის. მას გამოყენების მცირე ვადა აქვს, განსაუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ სიმპლექსს – ყველაზე მარტივი და იაფი სახეობა. ერთფენიანი ქაღალდი ადვილად იხევა და მზის ზემოქმედებით სწრაფად ხუნდება. გარდა ამისა, ასეთი შპალერი სუნს იწოვს, სამზარეულოში რამდენიმე თვეში უსიამოვნო არომატი გამეფდება, რომლის ატანაც შეუძლებელი გახდება.

ოპტიმალური ვარიანტია ვინილის შპალერი, რომელიც არ უფერულდება, სითხე, ცხიმი და ჭუჭყი არ აშინებს, სუნებს არ შთანთქავს, ასევე ლამაზად გამოიყურება. ერთადერთი მინუსი – სუნთქვის უუნარობა, რაც მიკროკლიმატზე ცუდად აისახება და შეიძლება ობის ან სოკოს განვითარებას ხელი შეუწყოს.

ყურადღება მიაქციეთ ფლიზელინის შპალერს, რომელიც ვინილისგან განსხვავებით, ჰაერს კარგად ატარებს. სხვა თვისებებითაც არ ჩამორჩება, გამძლე და წყალგაუმტარია. ასეთი შპალერის ზოგიერთი სახეობა შეგიძლიათ შეღებოთ კიდეც.

კიდევ ერთი ვარიანტი: მინის შპალერი, რომელიც გამძლეობით, საიმედოობით, წყალგაუმტარობით და პრაქტიკულობით გამოირჩევა. ის კედლებს იცავს, ნაკლოვანებებს ფარავს, შეგიძლიათ ნებისმიერ ფერში შეღებოთ. ასეთი შპალერი შეგიძლიათ სამზარეულოს სამუშაო ზონაში გამოიყენოთ, ის ცხიმს, სითხეს და მაღალ ტემპერატურას უძლებს. აი, სასადილო ზონა შეგიძლიათ წყალგამძლე ფოტოშპალერით გამოიყენოთ – მშვენიერი აქცენტური კედელი გამოვა.

6. ღია წაგლესვა

ბევრი ფიქრობს, რომ ფილებს შორის ღარების წაგლესვის ფერს მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება აქვს, მაგრამ ასე არაა. ღია ფერი სწრაფად ჭუჭყიანდება, რადგან მასზე კერძების მზადების ყველა კვალი ჩანს. გირჩევთ, მუქი ვარიანტი აირჩიოთ, რომელიც ლაქების დიდ ნაწილს ფარავს და არ ააშკარავებს. ასე ინტერიერი უფრო ლამაზი, მოდური და მოწესრიგებული გახდება.