9 რამ, რაც ძმრით არ უნდა გაწმინდოთ, რომ შედეგით იმედგაცრუებული არ დარჩეთ

ძმარი უნივერსალურ საწმენდ საშუალებად ითვლება, რომელსაც პროფესიონალური საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად ხშირად გვირჩევენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ძმარი მართლაც ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს, ზოგჯერ – მხოლოდ ნივთს აზიანებს. Novate გიამბობთ, როდის სჯობს ძმარზე უარის თქმა, რომ შედეგით იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

1. რთულად ამოსაყვანი ლაქები

მელნის, ბალახის, ღვინის ლაქების მოშორება ძალიან რთულია, რადგან ქსოვილში სწრაფად შეიწოვება და მარტივი და ოპერატიული მოქმედებისთვის შანსს არ ტოვებს. სამწუხაროდ, ძმარში შემავალი მჟავა ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ. ასე უბრალოდ დელიკატურ ქსოვილს დააზიანებთ ან დროს ტყუილად დახარჯავთ. გირჩევთ, ლაქების ამომყვანი პროფესიონალური საშუალებები გამოიყენოთ, ხოლო ექსპერიმენტი სხვა შემთხვევისთვის გადადოთ.

2. პარკეტი

დღესდღეობით, იატაკის ასეთი საფარი ბინებში იშვიათად გვხდება, რადგან ადამიანების უმეტესობა უფრო თანამედროვე და პრაქტიკულ ვარიანტებს, მაგალითად, ლამინატს უპირატესობას ანიჭებს. ინტერიერში პარკეტის არსებობისას მალე ჩნდება კითხვა, თუ როგორ შევინარჩუნოთ იდეალური მდგომარეობა. ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ხრიკი, რომ თუ იატაკს ძმრით გაწმენდთ, ის მყისიერად ბზინვარე გახდება, მაგრამ ასეა სინამდვილეში? ნაკლებად სავარაუდოა. ძმრის გამოყენება განსაკუთრებით სახიფათოა, თუ პარკეტი ზეთით არის დაფარული, ასე ზედა ფენას უბრალოდ მოაშორებთ. სწორედ ამიტომ, ვედრო წყალში ძმრის ჩამატება და ჩვრის ჩადება არ იჩქაროთ, ამით კარგს არაფერს მიიღებთ. გირჩევთ, პარკეტის საწმენდად პროფესიონალური საშუალებები გამოიყენოთ.

3. ნატურალური ქვის სამუშაო ზედაპირი

ერთი შეხედვით, ნატურალური ქვა ურღვევად გამოიყურება, მაგრამ მოსავლელად ძალიან პრეტენზიულია. მაგალითად, მარმარილო და გრანიტი მჟავების მიმართ მგრძნობიარეა. კვების პროდუქტებში მჟავების მცირე კონცენტრაციაც მასალას აზიანებს, არაფერს ვამბობთ ძმრით სამუშაო ზედააპირის „გაპრიალებაზე“. სწორედ ამიტომ, ძმარი სამუშაო ზედაპირზე ჭუჭყის მოსაშორებლად და სადეზინფექციოდ არ გამოიყენოთ.

სხვათა შორის, პროფესიონალური საშუალების არჩევისას შემადგენლობა წაიკითხეთ. მასში მჟავა არ უნდა შედიოდეს. ნაზი ვარიანტები გჭირდებათ, რომელიც აგრესიულ კომპონენტებს არ შეიცავს. რაც შეეხება თავად საწმენდ ინსტრუმენტს, რკინის საფხეკი და მელამინის ღრუბელი საუკეთესო გადაწყვეტილება არაა. ოპტიმალური ვარიანტი: ჭურჭლის საწმენდი რბილი ღრუბელი.

4. უთო

ზოგიერთ დიასახლისს გულწრფელად სჯერა, რომ თუ ძმარს უთოში ჩაასხამს, მის სწრაფად გაწმენდას და უხარისხო წყლის გამო დაგროვებული ნაქაფის მოშორებას შეძლებს. ეს მითია და ასე მხოლოდ უთოს შიგნიდან სერიოზულად დააზიანებთ. დიდი ალბათობით, ასეთი წმენდის შემდეგ ახალი უთოს ყიდვა მოგიწევთ. სწორედ ამიტომ, ან ძმარი წყალში გააზავეთ (1 ნაწილი ძმარი 3 ნაწილ წყალზე) ან უთოს საწმენდი სპეციალური საშუალება გამოიყენეთ. ორთქლის ხვრელები იშვიათად რომ გაიჭედოს, ყოველი გამოყენების შემდეგ უთოდან წყალი გადმოასხით და მოწყობილობა მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად გაწმინდეთ.

5. მარმარილოს იატაკი

მარმარილო ძვირადღირებულად და ეფექტურად გამოიყურება, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, ამიტომ იატაკის მოსაპირკეთებლად ხშირად იყენებენ. გახსოვდეთ, რომ ამ ბუნებრივი მასალის ბევრი სახეობა შეიცავს კირს, ამიტომ მჟავის შემცველ საშუალებებთან, რომელთაც მისი განადგურება შეუძლიათ, „ვერ მეგობრობს“. ძმარი სჯობს კარადის შორეულ თაროზე შეინახოთ და მის ნაცვლად სპეციალური საწმენდი საშუალება გამოიყენოთ, რომლის შემადგენლობაში დამატენიანებელი კომპონენტები შედის. კარგია, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებში ბევრი კარგი საშუალება იყიდება, რომელიც კონკრეტულად მარმარილოს იატაკის საწმენდად არის შექმნილი.

6. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ეკრანები და დისპლეი

მტვერი, მანდარინის წებოვანი წვეთი, რომელსაც ეკრანის წინ არჩევთ, და სხვა ჭუჭყი ნორმალურად მუშაობაში ან ფილმის ყურებით სიამოვნების მიღებაში ხელს გიშლით. სამწუხაროდ, მიკროფიბრის ქსოვილი ძმართან ერთად სმარტფონის, ნოუთბუქის, ტელევიზორის და სხვა ტექნიკის ეკრანს ლაქებს სრულად ვერ აშორებს. გარისკვა არ ღირს. გირჩევთ დისპლეის საწმენდი სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ. ის უსაფრთხოა და ძვირადღირებულ ეკრანს ზიანს არ აყენებს.

ასევე შეგიძლიათ უბრალო მიკროფიბრის ქსოვილი ან ნებისმიერი ანტისტატიკური ქსოვილის ჩვარი გამოიყენოთ. პროფესიონალური საწმენდი საშუალების ნაცვლად ოთახის ტემპერატურის წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ მონიტორზე მხოლოდ მტვერია, რბილი ხაოიანი სამტვრე გამოგადგებათ, რომლის შეძენას საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეძლებთ.

7. დანა

თუ ძვირადღირებული, ხარისხიანი სამზარეულოს დანების ნაკრები შეიძინეთ, ბედი არ გამოსცადოთ და ძმრით გაწმენდა არ სცადოთ. პროდუქტში შემავალმა მჟავამ შეიძლება ლითონზე კოროზია გამოიწვიოს, შედეგად, დანა ბლაგვდება. სხვათა შორის, დანების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც არ ღირს – მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედება დანის პირს აზიანებს. ოპტიმალური და უსაფრთხო ვარიანტი: დანა გამდინარე წყალში ღრუბლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ – მარტივი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი. დანის კარგად გაშრობა ან ხის სადგამზე შენახვამდე პირსახოცით გამშრალება არ დაგავიწყდეთ.

8. ფილები

ფილებზე ლაქების გამაგრებას და გამკვრივებას არ დაელოდოთ. დროულად გაწმინდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დალაგება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა. ცხელ წყალს ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ და ამით ფილები გაწმინდეთ. აი, ძმრის გამოყენება სხვა დროისთვის გადადეთ. იმის მიუხედავად, რომ ზედაპირს შესანიშნავად წმენდს და ზოგადად უსასფრთხოდ ითვლება, ძმარში შემავალ მჟავას მასალის დამცავი ფენის დაზიანება შეუძლია, შედეგად, დაიბზარება და გაფერმკრთალდება. ნატურალური ქვის ფილების ძმრით გაწმენდა ნამდვილად არ ღირს, ზუსტად ისეთ შედეგს მიიღებთ, როგორც სამუშაო ზედაპირების შემთხვევაში, რომელიც ზემოთ აღვწერეთ.

9. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

რა თქმა უნდა, ძმარი 1–2–ჯერ გამოყენების შემთხვევაში ჭურჭლის სარეცხ მანქანას წყობიდან ვერ გამოიყვანს, მაგრამ ჭურჭლის სარეცხი საშუალების კარგ ალტერნატივად არ ჩათვალოთ. ძმარმჟავა არაპროგნოზირებადია, ზოგჯერ მოწყობილობის ზოგიერთ დეტალთან რეაქციაში შედის, რაც დროთა განმავლობაში რეზინის და შლანგის დაზიანებას იწვევს. გარდა ამისა, ძმარი მარილთან ერთად თქვენს ჭურჭელს გააუფერულებს. შედეგი ნამდვილად არ გაგახარებთ.