მეავეჯემ მასწავლა, როგორ დავზოგო თანხის 50 პროცენტი სამზარეულოს რემონტზე

კარგი გემოვნება ყოველთვის დიდ ფულს არ ნიშნავს. ეს ყველაფერს ეხება: ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ავტომობილი და, რა თქმა უნდა, სამზარეულოს რემონტი. თავისთავად, ძვირადღირებული გარნიტურა დიზაინერულ ავეჯთან ერთად მდიდრულად გამოიყურება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იაფი რემონტი სამზარეულოში სასაცილოდ გამოიყურება, უფრო პირიქით.

ბევრი რამ არსებობს, რომელზეც ფულის კარგად დაზოგვა შეიძლება ისე, რომ ხარისხი არ დაზიანდეს. ახლა, მინიმალიზმის ეპოქაში სამზარეულოს გემოვნებიანად მოწყობა ყველასთვის ხელმისაწვდომია. Novate რამდენიმე რჩევას გიზიარებთ, როგორ დაზოგოთ თანხა სამზარეულოს რემონტზე.

ბიუჯეტური სამზარეულო

სამზარეულოს გარნიტურის კორპუსი

მთავარით დავიწყოთ: სამზარეულოს კორპუსი. ფასი მასალის მიხედვით იცვლება: ხე, მდფ, დაპრესილი ნახერხი. როგორც უკვე მიხვდით, ხის მასალა საკმაოდ ძვირია. მდფ–იც პრემიუმ კლასს მიეკუთვნება. აი, დაპრესილი ნახერხი გამოგადგებათ: იაფიც და ხარისხიანიც რომ იყოს, წყალგამძლე ვარიანტი შეარჩიეთ. მათი გარჩევა ადვილია: გადანაჭერზე მწვანე ელფერი დაკრავს.

სამზარეულოს ფასადი

აქაც, იგივე მასალები გვხდება: ხე, მდფ და დაპრესილი ნახერხი. გაოცდებით, მაგრამ ხის ფასადი 100%–ით არაპრაქტიკულია. პირველ რიგში, მძიმეა (დროთა განმავლობაში ანჯამა დაპრესილ ნახერხზე მის დაკავებას შეწყვეტს). მეორეც, ნატურალური ხე გარკვეულ ტენიანობას და ჰაერის ტემპერატურას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გასივდება და მოიღუნება, ან გახმება და დაიბზარება.

ამ შემთხვევაში სჯობს უფრო ბიუჯეტურ, მაგრამ საიმედო ვარიანტს უპირატესობა მიანიჭოთ. ასეთია, მდფ.

ფასადის საფარი

ეს შეიძლება იყოს ნატურალური შპონი, მინანქარი ან PVC ფირი. პირველი ორი ვარიანტი ყველაზე ძვირია, განსაკუთრებით შპონი. მინანქრის ფასი რეგიონების და მწარმოებლების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, მინანქარი აირჩიეთ. თუ არა, PVC ფირი. გარდა ამისა, თუ PVC კარგი ხარისხისაა ხის მსგავსი ნახატით, ნატურალური შპონისგან მისი გარჩევა გაგიჭირდებათ.

როგორი სამუშაო ზედაპირი ავარჩიოთ

არჩევანი საკმაოდ დიდია: კვარცი, ნატურალური ქვა, ბეტონი, აკრილი ან პლასტმასი. პირველი ვარიანტი, სამწუხაროდ, უმრავლესობისთვის რთულად მისაწვდომია. კვარცის საფარს რიგი უპირატესობები აქვს, მაგრამ სამზარეულოს ნახევარი დაგიჯდებათ. ბეტონი არაპრაქტიკულია, რადგან ფოროვანი სტრუქტურა აქვს და მისი გაწმენდა რთულია. ნატურალურ ქვასაც იაფს ვერ ვუწოდებთ.

აკრილი და პლასტმასი დარჩა. უნდა ითქვას, რომ ბოლო ვარიანტი უფრო პრაქტიკულია. აკრილს რბილი ტექსტურა აქვს, ამიტომ მისი გაფუჭება ძალიან ადვილია (გაკაწვრა ან შემთხვევით ცხელი ტაფით დაწვა).

სამზარეულოს წინსაფარი

აღსანიშნავია, რომ კვარცის ან მარმარილოს საფარი ლამაზია, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. ხელმისაწვდომი და ლამაზი ვარიანტებიდან რჩება: შემინული აგური, კერამოგრანიტი და ყველასთვის საყვარელი კერამიკის ფილები. სიტყვაზე, ფილები იმდენად არ მოძველდა, რომ გონივრულად უნდა შეარჩიოთ. სკანდინავიური ან თურქული სამზარეულოსთვის შესაფერისია.

სამზარეულოს ტექნიკა

ჩაშენებული თუ ცალკე მდგომი? აი, სად არ ღირს ფულის დაზოგვა. საქმე იმაშია, რომ ცალკე მდგომი ტექნიკის მორგება საკმაოდ პრობლემურია. სწორედ ამიტომ, შესაძლებლობის მიხედვით ჩაშენებული ტექნიკა შეარჩიეთ. თუ სამზარეულოს შეკვეთით ყიდულობთ, ყველა ზომა გაითვალისწინეთ.

ამ მარტივი წესების დაცვით, არა ერთ, არამედ რამდენიმე ათას ლარს დაზოგავთ. ბონუს მინიშნება მათთვის, ვინც ბოლომდე წაიკითხა: დამუშავებულ ფასადსა (ჭდეებით და ჩუქურთმებით) და პრიალას შორის, ყოველთვის პრიალა აირჩიეთ. ის უფრო იაფი და პრაქტიკულია. ბრწყინვალე რემონტს გისურვებთ!