9 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ერთი შეხედვით უვნებელია, მაგრამ საფულეს აცარიელებს

ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია სიტუაცია, როცა ხელფასი თითქმის დამთავრდა, ხოლო კითხვას, სად დახარჯეთ ფული, ვერ პასუხობთ. საინტერესოა, რომ ყოველთვის კინოსა და რესტორნებში ხშირი სიარული, შოპინგი და სხვა „ძვირადღირებული“ მოქმედება დამნაშავე არაა. შესაძლოა, ყველაფერში დამნაშავეა ჩვენი ყოველდღიური ჩვევები, რომელიც ზედმეტის გადახდას გვაიძულებს იქ, სადაც დაზოგვა შესაძლებელია.

ჩვევა 1: ბევრი საყოფაცხოვრებო ქიმიის ყიდვა

თუ საწმენდი საშუალებების ეტიკეტებს წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ უმეტესობა მათგანს თითქმის მსგავსი შემადგენლობა აქვთ. გირჩევთ, ზედმეტი არ გადაიხადოთ და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი საშუალება შეიძინოთ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ტიპის ზედაპირს წმენდს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო ქიმიის ყიდვა საჭირო არაა, რადგან მას იაფი და ეკოლოგიური პროდუქტებიც მარტივად გაუმკლავდება. ვგულისხმობთ სოდას, ძმარს, ლიმონის წვენს და სხვა.

ჩვევა 2: ტექნიკის ლოდინის რეჟიმში დატოვება

ყველა არ უფიქრდება, რომ ტექნიკა ელექტროენერგიის მოხმარებას აგრძელებს ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ დენის წყაროდან არ გამორთავთ, თუნდაც გამორთვის ღილაკს დააჭირეთ. ეს განსაკუთრებით ეხება მოწყობილობებს, რომელთაც მნათობი ელემენტები აქვთ: ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი და ა.შ. ერთი ტექნიკის ხარჯი დიდი არაა, მაგრამ ბინაში იმდენად ბევრი ტექნიკაა, რომ მათ მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ჯამი ბევრი გამოდის. ცნობილია, თეთრი თეთრს იცავს, ამიტომ ტექნიკა, რომელიც არ გჭირდებათ ღამით ან მთელი დღით გამორთეთ, თუ მის გამოყენებას არ აპირებთ.

თუ გრძელვადიან მოგზაურობას გეგმავთ, მაგალითად, შვებულებას ან მშობლებთან სხვა ქალაქში წასვლას, კომპიუტერი, ბოილერი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და სხვა ტექნიკა აუცილებლად გამორთეთ. თავისი არსით, მხოლოდ მაცივარი შეგიძლიათ ჩართული დატოვოთ ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაცივარში რაიმე პროდუქტს ტოვებთ.

ჩვევა 3: ბევრი კოსმეტიკის წასმა

სამწუხაროდ, კოსმეტიკის ეფექტურობა კანზე წასმულ რაოდენობაზე დამოკიდებული არაა. ზოგიერთი საშუალება გადაჭარბების შემთხვევაში გაღიზიანებას იწვევს. ვსაუბრობთ შრატზე, გამწმენდ ტონიკსა და აკნეს კრემებზე. სწორედ ამიტომ, ინსტრუქცია ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ და თავის მოვლის საშუალების გამოყენებისას საკუთარ შეგრძნებებს ენდეთ. მაგალითად, სახისა და დეკოლტეს ზონისთვის ¼ ჩ/კ კრემი საკმარისია. ასე არასასურველ შედეგებს თავიდან აიცილებთ და კოსმეტიკურ საშუალებას უფრო დიდხანს გამოიყენებთ. სხვათა შორის, ეპილატორი უფრო მომგებიანი მოწყობილობაა, ვიდრე საპარსი, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ.

ჩვევა 4: „სპეციალური“ საწმენდი ტილოების გამოყენება

ნებისმიერი ქსოვილის ტილო იმის მიუხედავად, თუ რა წერია შეფუთვაზე, მუშაობს შემდეგი პრინციპით: ბოჭკოები ტენს აკავებს, ხოლო მათ შორის ხვრელებში ჭუჭყი გროვდება. სალფეთქის არჩევისას ქსოვილის სტრუქტურა გაითვალისწინეთ და არა ის, რასაც მწარმოებელი გპირდებათ. სახლის დასალაგებლად ძველი, დაჭრილი ნივთებიც გამოგადგებათ. მთავარია, პრაქტიკული ქსოვილი იყოს, მაგალითად, ორფენიანი ბამბა. ექსპერტები ზედაპირის გასაწმენდად გირჩევენ მხოლოდ ორ ნივთს: ღრუბლოვანი ჩვარი მტვრის მოსაშორებლად და ბამბის შემცველი ქაღალდი – მინისა და სარკისთვის.

ჩვევა 5: საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუდმივად შევსება

გასაგებია, რომ როცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში შევდივართ, ერთდროულად ყველაფრის ყიდვა გვსურს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონსულტანტი ამა თუ იმ ტექნიკის სარგებელს ლამაზ ფერებში წარმოგიჩენთ და დაგარწმუნებთ, რომ მის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. ყველა შესაძლო ფრიტიურის, კვერცხის სახარშის, პურის საცხობის, სარეცხი მტვერსასრუტის და სხვა მოწყობილობის ხარჯი ყოველთვის არ ნაზღაურდება. უფრო მეტიც, შეიძლება კარადის შორეულ თაროზე აღმოჩნდეს და წელიწადში ერთხელ გამოიყენოთ. დარწმუნებული ხართ, რომ არ ხარჯავთ ფულს უსარგებლო აღჭურვილობაზე?

მაღაზიაში წასვლამდე თქვენი მოთხოვნები და ყოველდღიური საქმიანობა კარგად გაანალიზეთ. მაგალითად, თუ თქვენს ოჯახში პურს მხოლოდ აღსანიშნად ყიდულობენ, შემდეგ კი დაობებული პურის გადაგდება გიწევთ, პურის საცხობი ნამდვილად არ გჭირდებათ. იგივე ორთქლის სახარშს და იოგურტის აპარატს ეხება – მათ ფუნქციას მულტისახარში მარტივად ჩაანაცვლებს. თუ სავაფლეს ყიდვა გსურთ, მრავალფუნქციური მოდელი შეიძინეთ, გრილის და სენდვიჩის საცმებით, რადგან ვაფლი შეიძლება სწრაფად მოგბეზრდეთ.

ჩვევა 6: იმის შეკეთება, რაც მუდმივად ფუჭდება

გატეხილი ტოსტერის ან უთოს სერვის ცენტრში წაღება არ იჩქაროთ. დაფიქრდით, ახლის ყიდვა იაფი ხომ არაა? თუ გამოყენების ვადის ნახევარი გავიდა, ხოლო რემონტი ახალი ნივთის ღირებულების ნახევარი ჯდება, მოწყობილობის შეკეთება მომგებიანი არაა. მით უფრო, არასდროს იცით, გარემონტების შემდეგ რამდენ ხანს იმუშავებს.

მაგალითად, ძველი სარეცხი მანქანა. თავდაპირველად, დოლურას გამოცვლა მოგიწევთ, მოგვიანებით სამართავი ბლოკის, შემდეგ ფილტრების. მორიგ დეტალზე ფულის დახარჯვისას დაინგარიშეთ და მიხვდებით, რომ რემონტზე იმდენი დახარჯეთ, რამდენიც ახალი მანქანა ღირს. ამასთან რეცხვა ნებისმიერ შემთხვევაში უარესდება, შესაძლოა, წყლის გავლება ორჯერ მოგიწიოთ, რომ მასზე ფხვნილი არ დარჩეს (ეს ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯია). დაფიქრდით, ასეთ ეკონომიას აზრი აქვს თუ არა.

ჩვევა 7: გათბობის მაქსიმალურად ჩართვა

თუნდაც „სითბოს მოყვარული მცენარე“ იყოთ, ზომიერ სიცივეს მიეჩვიეთ, რომელიც კვლევის თანახმად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ღამით ტემპერატურის გაზრდას აზრი არ აქვს – 18°C ძილისთვის კომფორტულ ტემპერატურად ითვლება. შესანიშნავი ვარიანტი: გათბობის რადიატორებზე სპეციალური თერმორეგულატორები დააყენეთ. შეფასებების თანახმად, ასე ბინაში შესაფერისი ტემპერატურა ნარჩუნდება და 40%–მდე დაზოგავთ.

ჩვევა 8: იდეალური სისუფთავისკენ სწრაფვა

ხშირმა რეცხვამ და წმენდამ შეიძლება ნივთის გამოყენების ვადა მნიშვნელოვნად შეამციროს, რადგან წმენდისას ბოჭკოები ცვდება, უფერულდება და ა.შ. და მაინც, ბევრი ქალი სუფთა ნივთებს კვლავ და კვლავ რეცხავს, ხალიჩებს რეგულარულად ქიმწმენდაში წმენდს, ყოველთვე ფარდებს ხსნის, რომ მოაწესრიგოს. შედეგად, ზედმეტ დროს, ძალას და ფულს ხარჯავს, რადგან ასე სარეცხი საშუალებები სწრაფად მთავრდება, წყლის და ელექტროენერგიის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. სახლის დალაგებამ დიდად არ გაგიტაცოთ. გახსოვდეთ, რომ სახლის დასალაგებლად არ ვცხოვრობთ.

ჩვევა 9: ფულის გადახდა იმაში, რისი გაკეთებაც თავად შეგიძლიათ

რა თქმა უნდა, კაპიტალური რემონტი მხოლოდ პროფესიონალებს უნდა ანდოთ, მაგრამ ზოგიერთი საშინაო საქმე შეგიძლიათ თავად გააკეთოთ და ასე ფული დაზოგოთ. მაგალითად, არაფერია რთული, რომ ნათურები და ჩამრთველები თავად გამოცვალოთ, კედელზე ბზარები ამოავსოთ, ფანჯრის ჩარჩო ან გათბობის ბატარეა შეღებოთ. ახლა ინტერნეტში ბევრი სასწავლო ვიდეო შეგიძლიათ იპოვოთ, ამიტომ ახალი საქმის შესწავლა ისეთი რთული არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ ან ამოცანა გერთულებათ, არასწორმა შესრულებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.