6 ნაბიჯი სამზარეულოში ზედმეტი ნივთების უმტკივნეულოდ მოსაშორებლად

სახლს რეგულარულად კარგად ვალაგებ. აი, გენერალური დალაგება და ხარახურის გადაყრა მოითხოვს მეტ ძალისხმევას, როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ ძალას. პრობლემა მხოლოდ გადარჩევა და დაგროვებული ნივთების გარეცხვა არაა. უფრო რთულია, მათგან ზოგიერთის გადაყრა. დღეს Novate გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ სამზარეულო ზედმეტი ნივთებისგან.

ხარახურის სწორად მოსაშორებლად 6 მარტივი ნაბიჯი არსებობს. ამ რჩევების გათვალისწინებით, მარტივად განსაზღვრავთ, ამა თუ იმ ნივთის ადგილი სამზარეულოში არის თუ არა. გაოცდებით, რამდენი ხარახურა წლები უსაქმოდ დევს. მოკლედ, ძალა მოიკრიფეთ და შიშის მომგვრელ საქმეს შეუდექით. ვინ, თუ არა თქვენ?

როგორ გავწმინდოთ სამზარეულო ძველი ხარახურისგან მარტივად

1. თითოეულ ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. მიმოყრილი ნივთები აუცილებელი ნივთის პოვნას ართულებს. მოიფიქრეთ, სად შეინახავთ ქილებს, ხუფებს, ჭურჭელს და სხვა ინსტრუმენტს. შემდეგ შეაგროვეთ და შერჩეულ ადგილას დააწყვეთ.

2. სამზარეულოში უჯრები და კარადები რეზინის არაა, ამიტომ ბოლომდე წვრილმანებით გავსება არ ღირს. ყველაფერს ზღვარი აქვს. მისი მოცულობა საზომად გამოიყენეთ, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენი ნივთის ჩადება შეიძლება.

3. ყველაზე აუცილებელი სამზარეულოს მოწყობილობა გადადეთ. დანარჩენს კარგად გადახედეთ და საკუთარ თავს კითხვა დაუსვით: „ეს მჭირდება?“ გამართლება შეწყვიტეთ, რომ ოდესმე გამოგადგებათ.

თუ ფორმას ან კონტეინერს არ იყენებთ, მოიშორეთ. სამზარეულოში რამდენიმე წყვილ ერთნაირ ნივთს ყოველთვის იპოვით. საუკეთესო ან საყვარელი ნივთი აარჩიეთ, დანარჩენი სხვებს აჩუქეთ.

4. სამზარეულოს სხვადასხვა ინსტრუმენტისთვის სხვადასხვა უჯრა ან თარო გამოყავით. ქვაბები და ტაფები, კონტეინერები და ქილები, დანა–ჩანგალი და ჭურჭელი – ცალ–ცალკე. ასე ერთი თავსახურის საპოვნელად მთელი კარადიდან ყველა ჭურჭლის გამოღება არ მოგიწევთ.

5. ხშირად ნივთები, რომელთაც ყოველდღე ვიყენებთ, სამუშაო ზედაპირს ტვირთავს. ვფიქრობთ, რომ ასე საჭირო ნივთები ახლოს გვექნება და უფრო მარტივად და სწრაფად მოვამზადებთ.

სინამდვილეში, სამუშაო ზედაპირზე ამ ნივთების შენახვა სრულ უწესრიგობას ქმნის. როგორც წესი, ტოსტერს დილაობით ვრთავთ. სხვა დროს უბრალოდ ადგილს იკავებს. იგივე ეხება სავაფლეს, რომელი ზოგჯერ საერთოდ გვავიწყდება. კარადაში შეინახეთ ან სპეციალური თარო გამოყავით.

ბევრი დიასახლისი სარეცხ და საწმენდ საშუალებას ნიჟარასთან ინახავს. ეს კი წესრიგს ხელს ნამდვილად არ უწყობს. მათთვის იდეალური ადგილი: ნიჟარის ქვეშ. ქილები და ღრუბლები ყუთებში ჩააწყვეთ და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიტანეთ.

6. ლოგიკურია, რომ სამზარეულოში ბევრი საკვებია. კარადაში მარცვლეული და სანელებელი, კონსერვი, ზოგიერთი სოუსი და ზეთი ინახება. მათგან ნაწილი გადასაყრელია. პირველ რიგში, ყველაფერი გამოიღეთ, დაახარისხეთ და გვერდზე გადადეთ ის, რომელიც საჭმელად უვარგისია.

საკვები პროდუქტები კარგად დაათვალიერეთ. გამოყენების ვადა შეამოწმეთ, დარწმუნდით, რომ მარცვლეულში მავნებელი არაა, ერთნაირი სანელებელი ერთ ჭურჭელში შეინახეთ. ვადაგასული გადაყარეთ. კარადა გაწმინდეთ და დაჯგუფებული პროდუქტები შეინახეთ. გამჭვირვალე კონტეინერების გამოყენება მოსახერხებელია. ასე ზუსტად დაინახავთ, თუ რომელი პროდუქტი გაქვთ და რომლის ყიდვა გჭირდებათ.

როგორც ხედავთ, სამზარეულოს დალაგება მარტივია. მთავარია, საკუთარ თავს ზედმეტ ნივთებთან სინანულის გარეშე განშორება აიძულოთ. აი, ნახავთ, სამზარეულო უფრო მყუდრო გახდება. თან ბევრი თავისუფალი ადგილი გამოჩნდება!