მცურავი მუსიკალური მოედანი, რომელიც დასავლეთ აფრიკის კულტურულ ტრადიციებს აერთიანებს

მცურავმა მუსიკალურმა მოედანმა Mansa Floating Hub, რომელიც მინდელოს ყურეში (კაბო–ვერდე) მდებარეობს, საზოგადოებისთვის კარი ახლახანს გააღო. უნიკალური ობიექტი, რომელმაც საერთაშორისო ჯილდოები და პრემიები აიღო, დასავლეთ აფრიკის ერთ–ერთი ყველაზე მოსალოდნელი კულტურული მოვლენა გახდა. ახლა ყველა მსურველს საშუალება აქვს პირდაპირ ყურეში მუსიკით და ხელოვნებით დატკბეს, აფრიკულ რიტმს ნაზად აჰყვეს და საკუთარი ნიჭი წარმოაჩინოს.

მცურავი მუსიკალური ცენტრი მინდელოს ყურეში, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ გასულ წელს დასრულდა, როგორც იქნა კუნძულოვანი სახელმწიფოს კაბო–ვერდეს ვიზიტორებისა და ადგილობრივებისთვის გაიხსნა. არქიტექტორ კუნლე ადეემის და მისი სტუდიის NLE მიერ შემუშავებული პროექტი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი კულტურული ობიექტი გახდა დასავლეთ აფრიკის რეგიონში. მოსალოდნელია, რომ ახალი მუსიკალური ობიექტი ინოვაციური არქიტექტურის და კულტურული ტურიზმის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდება, რომელიც ხელოვნების საშუალებით აფრიკას ევროპასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასთან დააკავშირებს.

მუსიკალური ცენტრი Mansa Floating Hub წარმოადგენს მცურავ მოედანს დიდი ღონისძიებების და კონცერტების ჩასატარებლად, სადაც თითოეული მსურველი შეძლებს აფრიკული მუსიკით, ცეკვით, ხელოვნებით დატკბეს და საკუთარი ნიჭი წარმოაჩინოს.

შენიშვნა: კაბო–ვერდე (მწვანე კონცხის კუნძული) კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც ატლანტის ოკეანეში, აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან 600 კმ–ში მდებარეობს. სახელმწიფო 18 კუნძულისგან შედგება და წარმოადგენს არა მხოლოდ ტრანსატლანტიკური მარშრუტის ერთ–ერთ მთავარ პუნქტს, არამედ მონათვაჭრობის ცენტრს. ევროპელების გამოჩენის შემდეგ ადგილობრივების ცხოვრება სრულად შეიცვალა, უმეტესობა მათგანი მონებად გაყიდეს, ხოლო უნიკალურ ტერიტორიაზე „მთვარის“ პეიზაჟებით პორტუგალიელები, ფრანგები და ინგლისელები დასახლდნენ. ნაზი კლიმატი მუდმივად 25 გრადუსის ფარგლებში იზიდავდა ეგზოტიკურ ბუნებაში განმარტოებით დასვენების მოყვარულებს, თავგადასავლების მაძიებლებს და ბიზნესმენებს, რომლებმაც ცოცხალი საქონლით ვაჭრობისას უზარმაზარი ქონება მოიპოვეს.

იმ დროის ხსოვნისთვის შეიქმნა მუსიკალური მოედანი, რომელიც თავიდან მხოლოდ ულტრათანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდია უნდა ყოფილიყო. „გადავწყვიტეთ მცურავი ცენტრის შექმნა, რომელიც ამ საპორტო ქალაქის ისტორიის ნაწილი გახდებოდა, რადგან კაბო–ვერდე ისტორიულად ერთ–ერთი ბოლო წერტილი იყო აფრიკიდან გასამგზავრებლად ტრანსატლანტიკური მონათვაჭრობის პერიოდში, რამაც დიდებული მუსიკალური ჟანრების დაბადება გამოიწვია. ახალი კულტურული ცენტრი ამ „მოგზაურობის“, აფრიკელი ხალხის და მათი დიასპორის ისტორიას ასახავს“ – ამბობს სამბა ბათილი, პროექტის დამფინანსებელი და Africa Development Solutions–ის (ADS) დამფუძნებელი.

მცურავი მუსიკალური ცენტრი 779 მ² ფართობით ქვეყნის უდიდეს ყურეში, მინდელოში, ამავე სახელწოდების საპორტო ქალაქში, სან–ვისენტის კუნძულზე მდებარეობს. ნიგერიელმა არქიტექტორმა ახალი ობიექტი სამი პავილიონისგან შექმნა და გამოიყენა Makoko-ს (MFS) მცურავი სისტემა, რომელიც ასაწყობ, მოდულურ, კარკასულ, გამძლე ხის კონსტრუქციას წარმოადგენს. მსგავსი მცურავი სისტემა პირველად Makoko-ს უნიკალური მცურავი სკოლის აშენებისას გამოსცადეს.

Novate-ს ინფორმაციით, მცურავი პლატფორმის აშენებისას ადგილობრივ მასალებს უპირატესობა მიანიჭეს, როგორიცაა: გამძლე საფელის ხე, უჟანგავი ფოლადი და ალუმინი, იაფი პლასტმასის დოლი, რომელიც მცურავი სისტემის საფუძველს წარმოადგენს.

თითქოსდა მცურავ პლატფორმებზე მდებარე მოდულური შენობები, რომლებიც ტალღებზე ნაზად ირყევა, სამკუთხა მოედნით გაერთიანებულია. მოედანი წარმოადგენს ღია სივრცეს დიდი ღონისძიების ჩასატარებლად (დაახლოებით 300 კაცს იტევს). მუსიკალურ მოედანზე მოსახვედრად 50 მეტრიანი ხის კიბის გადალახვა მოგიწევთ, რომელიც იახტებისა და ნავებისგან სრულად გათავისუფლებული ნავმისადგომიდან იწყება.

თავად შენობებში მდებარეობს: მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზი, რომელიც მუსიკალურ და საცეკვაო მოედანს წარმოადგენს, სამხატვრო საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური კინოდარბაზი, პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია, რამდენიმე დარბაზი ვიწრო წრეში ღონისძიების გასამართად, ბარი, სადაც წვეულებების, დაბადების დღეების მოწყობა ან უბრალოდ დროის გატარება და წყალში არეკლილი ულამაზესი გარემოთი ტკბობა შეგიძლიათ.

Mansa Floating Hub–ის ოფიციალური გახსნა 2021 წლის 14 აგვისტოს მოხდა. მცურავი მუსიკალური ცენტრი სტუმრების მისაღებად მზადაა. „ეს კაბო–ვერდეს კულტურული გავლენის გაფართოების, ადგილობრივი მუსიკოსებისთვის სივრცის შექმნის მეთოდია, ასევე საერთაშორისო არტისტების მოზიდვის საშუალება, რომ მათ საკუთარი შემოქმედება წარმოაჩინონ და ჩაწერონ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთობლივი შემოქმედებისთვის ხელშეწყობა, მენტორულ და განვითარების პროგრამებში მონაწილეობა, რომ საკუთარი ნიჭი სრულად გამოავლინონ და მთელ კონტინენტზე წარმატებას მიაღწიონ. გვსურს, რომ ყველამ საკუთარი თავის პოვნა, შემოქმედება და გაზრდა შეძლოს. იქნება ეს მოდა, მუსიკა თუ სამზარეულო – ნებისმიერ ხელოვნებაში საერთოდ“ – ამბობენ პროექტის შემქმნელები, რომელთაც განსაკუთრებული კულტურული ობიექტის შექმნა სურდათ.