უკრაინელმა მხატვარმა ბინას და სადარბაზოს ფერები შემატა, მაგრამ პრობლემებს გვერდი ვერ აუარა

მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზო ხშირად შეუხედავია, ზოგიერთში შესვლაც შეგეშინდებათ. თუმცა ეს კიევში, ტროეშჩინაში ერთ უბრალო სახლს არ ეხება, რომლის ერთ–ერთი სართული ბოლო წლებია ადგილობრივ ღირშესანიშნაობად იქცა. ასეთი პოპულარობის „დამნაშავე“ უკრაინელი მხატვრის უჩვეულო გატაცებაა, რომელმაც თავისი ბინის სადარბაზო ფერადი კენჭებით, სათამაშოებით, წვრილმანი ნივთებით და 50 ტონა ცემენტით ნაძერწი ფანტასტიკური ქანდაკებებით დაამშვენა.

პოსტსაბჭოთა სივრცის მაცხოვრებელთა უმეტესობას ძველ მრავალსართულიან შენობებში ცხოვრება არ უყვართ, რადგან სადარბაზოების კედლები ბზარებით და აქერცლილი საღებავითაა დაფარული. მდგომარეობის შეცვლაზეც არავინ ფიქრობს. ამასთან, როცა ვინმე სადარბაზოს ინტერიერს კარდინალურად ცვლის, ბევრი წამოწყებას ამრეზით უყურებს. ასე მოხდა კიევში, სადაც ერთ–ერთ მრავალსართულიან კორპუსში, მე-13 სართულზე ბინის მფლობელმა სხვადასხვა ქვებით, მინით, სათამაშოებით და სტატუებით საოცარი ქანდაკებების შექმნა დაიწყო.

თავიდან, ტატიანა პიკა (ასე ჰქვია მხატვარს) ახალშეძენილი ბინის ლამაზად გაფორმებას აპირებდა. პროცესმა იმდენად გაიტაცა, რომ შპალერის შეცვლის ნაცვლად კედელსა და ჭერზე ფანტასტიკური ფორმები, მითიური და ზღაპრის პერსონაჟები გამოძერწა. როგორც აღმოჩნდა, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

საინტერესო ფაქტი: მხატვარმა ბინის შეძენის შემდეგ გაიგო, რომ ამ სახლში ყოფილი მფლობელები დაიღუპნენ. როგორც შემოქმედმა და მგრძნობიარე ადამიანმა აურის „კარდინალურად“ გაწმენდა გადაწყვიტა. მით უფრო, ინტერიერი განახლებას ითხოვდა. მისი აზრით, კოსმეტიკური რემონტი ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ კრეატიულმა მფლობელმა „მშვიდი და ნათელი ატმოსფეროს შექმნა, რომ შვილებს და შვილიშვილებს იდეალურ სამყაროში ეცხოვრათ“.

5 წლის შემდეგ სარკიანი იატაკის და მრავალი მცენარეული მოტივებით გაფორმებულ შემოსასვლელში მფლობელს ძაღლის ქანდაკება ეგებებოდა, რომელიც ერთგულების სიმბოლოა. სამზარეულო ეგზოტიკური კუთხე გახდა, რომელიც ტროპიკულ ჯუნგლებში ჩაძირულია (მართალია, ბეტონით არის დამზადებული). რთული გასარჩევია, სად არის გაზქურა ან ნიჟარა. მისაღები და საძინებელი ოთახები მითიური პერსონაჟებით, ეროვნული გმირებით, ყვავილების მოტივებით, საოცარი ნიმუშებით, ტალღებით არის სავსე, რომელთაც სხვა განზომილებაში გადაყავხართ.

როცა შიდა სივრცე „გაიწმინდა“ და ცემენტის ხსნარის და სხვადასხვა ელემენტების ნაძერწით გადაივსო, ტატიანა სადარბაზოს კიბის გაფორმებას შეუდგა. საინტერესოა, რომ ქანდაკებების შექმნისას ყირიმის, კარპატის, ინდოეთის, ჩინეთის, საბერძნეთის და ბევრი სხვა ცნობილი ქვეყნის ქვები გამოიყენეა. მისმა ახალმა საქმიანობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

საჩივარი შეიტანეს კრეატიულ მეზობელზე, რომელიც ენთუზიაზმით ცდილობდა რაღაც წარმოსახვითი სივრცის შექმნას, სადაც ნაძერწი სიუჟეტით დიდხანს ტკბობა შეიძლებოდა. თავიდან მეზობლებს გაჭინაურებული რემონტის ატმოსფერო აღიზიანებდათ. როცა სადარბაზო დავიწროვდა, ხოლო ჭერი საშინლად ჩამოეკიდა, არა მხოლოდ მე-13 სართულის, არამედ ქვედა სართულის მაცხოვრებლებიც შეშინდნენ, რადგან ძველი საბჭოური შენობა ასეთ დატვირთვაზე გათვლილი არაა. ზოგჯერ განსაკუთრებით გამოწეული ელემენტები საერთოდ იშლებოდა და თან არაერთხელ.

და მაინც, სადარბაზოს ზღაპრულ კუთხეს ფოტოებს უღებდნენ და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდნენ, რამაც თავად მხატვრის და მისი საცხოვრებელი სახლის ცნობადობა გაზარდა. მისი საოცარი სახლის ნახვის მსურველთა რიცხვი იზრდებოდა.

უჩვეულო სადარბაზოს, უფრო ზუსტად, მისი ნაწილის შესახებ ამბავი სწრაფად გავრცელდა, თუმცა ასეთი გარდაქმნა ყველას არ მოეწონა. ზოგი მსგავს დეკორს ფსიქოდელურ ხელოვნებას მიაკუთვნებს, სხვები თვლიან, რომ ძალიან დამთრგუნველი და უადგილოა, მაგრამ უმეტესობა ქალის ფანტაზიით და ენთუზიაზმით აღფრთოვანებულია. ეს გასაგებიცაა, რადგან ადამიანი, რომელმაც მოსაწყენი ინტერიერი უჩვეულო სამყაროდ გარდაქმნა, პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებს. მით უფრო, ტატიანამ მასშტაბური არტ–ობიექტი საკუთარი ხელით და საკუთარი ხარჯებით შექმნა.

ტატიანა პიკი სხვადასხვა ინსტანციაში თავისი შემოქმედების დაცვით დაიღალა, რომელიც არა მხოლოდ მის ბინას, არამედ სადარბაზოს, კიბეს, ლიფტისა და ნაგავსაყრელისკენ მიმავალ გზას ეხებოდა. მან ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. თავიდან ფიქრობდა, რომ ბინა ასეთი მხატვრული გაფორმებით ძვირი უნდა ღირდეს, მაგრამ საბაზრო ფასზე მეტს არავინ იხდიდა (შეგუება მოუწია).

Novate-ს ინფორმაციით, ახალი მფლობელები „იდეალური სამყაროს“ იდეით არ გაიმსჭვალნენ და პეიზაჟური–ფანტასტიური ობიექტები მთლიანად დაშალეს. მალე იგივე ბედი სადარბაზოს ზღაპრულ გარემოს ეწია, რადგან კორპუსში მცხოვრებლებმა მოსაწყენი კედლების და ჭერის დაბრუნება მოახერხეს.