9 მტვრის შემგროვებელი ნივთი სახლში, რომელზეც სჯობს უარი თქვათ (შემოწმებულია)

ცუდი არაფერია, თუ გსურთ, ბინა უფრო ლამაზი და მყუდრო გახადოთ. ამავდროულად, სხვადასხვა ნივთი ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. ზოგიერთი მათგანი მომავალში ნამდვილი მტვრის ბუდე ხდება. Novate გიამბობთ, რომელი ინტერიერის ნივთი უხდება მხოლოდ პრიალა ჟურნალებს ყდებს, ხოლო რეალურ ცხოვრებაში დისკომფორტს იწვევს.

1. ღია თაროები და რეილინგი

სულ ახლახანს ასეთი დიზაინერული ნიმუში ინტერიერში ყველაზე პოპულარული გახდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სამზარეულოს ეხება. გასაკვირი არცაა, რადგან პატარა სივრცეში დიდი კარადები საშინლად გამოიყურება და დიდ ფართობს იკავებს, სამოძრაო ადგილს არ ტოვებს. აი, ღია თაროები მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება, ოთახს არ ტვირთავს, ჭურჭლის, მარცვლეულის, ჩაის, ყავის და ა.შ. ნივთების შესანახად იდეალურია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

ღია თაროზე დაწყობილი ჭურჭელი მტვრის, ცხიმის და სხვა ჭუჭყისთვის ნამდვილ მაგნიტს წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ გაზქურასთან ახლოს მდებარეობს. დაუგეგმავი ყოველდღიური სახლის დალაგება გარანტირებულია. თუ გსურთ, რომ სამზარეულო ლამაზად გამოიყურებოდეს, ღია თაროზე განთავსებული ნივთები კარგად შეარჩიეთ – მხოლოდ ლამაზი ჭურჭელი, რომელიც ინტერიერის სტილს და ფერებს შეესაბამება.

იგივე რეილინგს ეხება. დიდებულად გამოიყურება, როგორც მასზე ჩამოკიდებული სამზარეულოს ჭურჭელი. შესაძლოა, ახლოს მდებარე ჭურჭლის გამოყენება მოსახერხებელია, ვიდრე მისი კარადიდან გამოღება. გაიხსენეთ მტვერი, ცხიმი და ჭვარტლი, რომელიც მასზე აუცილებლად დასახლდება. არ გსურთ ჭურჭლის ხშირად გარეცხვა? მაშინ რეილინგს დაემშვიდობეთ.

ყურადღება მიაქციეთ: წიგნების ღია თაროებიც კარგ გადაწყვეტილებად არ ითვლება, თუმცა პოპულარულია. პირველ რიგში, ეს წიგნებისთვის საზიანოა, რადგან მასზე მუდმივად მტვერი და ტენი გროვდება. მეორეც, გენერალური დალაგება მეტ დროს და ძალას წაგართმევთ, მით უფრო, თუ დიდი ბიბლიოთეკა გაქვთ. შემინულ კარებს უპირატესობა მიანიჭეთ.

2. ხალიჩა

არჩევანი გააკეთეთ: ან ლამაზი ინტერიერი ხალიჩით, რომელიც ბინას სითბოს და მყუდროებას მატებს, ან მაქსიმალურად პრაქტიკული ინტერიერი. საქმე იმაშია, რომ ხალიჩა ერთ–ერთი ცნობილი მტვრის შემგროვებელია. სისუფთავის და წესრიგის შესანარჩუნებლად მოგიწევთ ხალიჩა მტვერსასრუტით რეგულარულად გაწმინდოთ, სველი წმენდა ჩაატაროთ და ქიმწმენდის გადასახადი გადაიხადოთ, თუ ჭუჭყს თავად ვერ უმკლავდებით. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, სანამ მაღაზიაში ხალიჩის საყიდლად წახვალთ.

3. ჟალუზი

ფარდა უფრო ლამაზად გამოიყურება, ინტერიერს სტილს, მყუდროებას და განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, მაგრამ რთული მოსავლელია. ამ მიზეზით ბევრი დიასახლისი უპირატესობას ჟალუზს ანიჭებს და წარმოდგენაც არ აქვს, რომ შეცვლას აზრი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჟალუზის კონსტრუქცია ოთახს მზის სხივებისგან იცავს, თუმცა გასაწმენდად ნამდვილი ჯოჯოხეთია. ჟალუზის თითოეული ნაწილის გასაწმენდად, რომელზეც მტვერი უმოკლეს დროში გროვდება, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ფანჯარა ღიაა, სპეციალური აქსესუარების შეძენა და ბევრი დრო დაგჭირდებათ. დამატებით, ესთეტიკური მხარე არ დაგავიწყდეთ. ბინაში ჟალუზი ხშირად უადგილოდ გამოიყურება და ოფისის იმიჯს ქმნის.

4. სამოგზაურო ნაკრები

თუ უახლოეს მომავალში მოგზაურობას არ აპირებთ, მაშინ შამპუნის, ბალზამის, შხაპგელის და სხვა საშუალების პატარა ბოთლები მოიშორეთ. მათი დახმარებით თმასა და ტანზე სრულყოფილად ვერ იზრუნებთ, თან სააბაზანო ოთახში მთელ თაროს იკავებს, არადა ოთახი დიდი ზომებით ისედაც არ გამოირჩევა. გარდა ამისა, ბოთლები და ფლაკონები ვიზუალურ ხმაურს ქმნიან, შედეგად გენერალური დალაგების შემდეგაც უწესრიგობას ვერ მოიშორებთ. უკიდურეს შემთხვევაში, ყუთში ჩააწყვეთ და საკუჭნაოში საუკეთესო დრომდე შეინახეთ. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სავარაუდოდ, არც გაგახსენდებათ.

5. რთული ჭაღი

გამარჯობა 90-იანებიდან. ალბათ, გახსოვთ ჭაღი–კასკადი, რომელიც წარმოუდგენლად აქტუალური იყო და ინტერიერში ხშირად გვხდებოდა. თუმცა უკვე დიდი დრო გავიდა, ტენდენციები შეიცვალა, ხალხიც პრაქტიკულობას და მინიმალიზმს უფრო აფასებს, ვიდრე პომპეზურობას. ჭაღის სანათები ისედაც რთული გასაწმენდია, ხოლო ბევრი პატარა დეტალი, რომელთანაც მიწვდომა რთულია, დალაგებას კოშმარად აქცევს. ზოგჯერ მის გაწმენდაზე საერთოდ უარს ამბობენ და მაშინ ოჯახის წევრებს მტვრის სუნთქვა უწევთ და ლოდინი, თუ როდის გაწმენდს ჭაღს ერთ–ერთი მათგანი მაინც. გირჩევთ, ცხოვრება არ გაირთულოთ, მაქსიმალურად მარტივი და ლაკონური ჭაღის სანათები აირჩიეთ.

6. ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და ნახატები

დროთა განმავლობაში სამახსოვრო ნივთები თაროებზე, ტუმბოებზე, სტელაჟებსა და სხვა ზედაპირებზე დიდ ადგილს იკავებს. წარმოიდგინეთ, ყოველწლიურად რამდენიმე ხელნაკეთი ნივთი გროვდება, დაწყებული საბავშვო ბაღიდან. თუ თავიდან ეს საყვარლობა გვგონია და შვილების შედევრებს თვალსაჩინო ადგილას ვათავსებთ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ნათესავებს და მეგობრებს ვაჩვენოთ, დიდი კოლექციის შეგროვების შემდეგ თავში მხოლოდ ერთი ფიქრი გვიტრიალებს: სად წავიღოთ ეს ყველაფერი? ბინა საწყობად რომ არ აქციოთ, მხოლოდ ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ნივთები თვალსაჩინო ადგილას დატოვეთ (მათთვის ცალკე კარადა ან სტელაჟი გამოყავით), დანარჩენს ფოტოები გადაუღეთ და გადაყარეთ. ამ შემთხვევაში ბავშვების შემოქმედება მეხსიერებაში დარჩება, მაგრამ ძვირფას კვადრატულ მეტრს არ დაიკავებს.

7. კოსმეტიკა

დროა, კოსმეტიკას გადახედოთ და ყველა სილამაზის საშუალების ვადა შეამოწმოთ. საშუალებიდან გამომდინარე (ტუში, პუდრა, ტუჩსაცხი, ტონალური კრემი) სხვადასხვა პერიოდით შეგიძლიათ შეინახოთ, თუმცა არც ერთი მათგანის 10 წლით შენახვა არ შეიძლება. გარდა ამისა, თუ ღია კოსმეტიკა 1 წელზე მეტია გაქვთ, ისიც უნდა გაანადგუროთ. მსგავსი რევიზიით მტვრის შემგროვებელ ნივთებს მოიშორებთ და ტუალეტის მაგიდაზე ადგილს გაათავისუფლებთ, თან ჯანმრთელ კანს შეინარჩუნებთ, რადგან ვადაგასული კოსმეტიკის გამოყენება ხშირად სიწითლეს, გამონაყარს და ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

8. ჟურნალ–გაზეთები

ყოველწლიურად დაბეჭდილი პროდუქცია სულ უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება. ამას თავისი ახსნა აქვს: თითქმის ყველა გამოცემა ონლაინ–ფორმატზე გადადის, რომ მკითხველს საინტერესო ინფორმაცია მაქსიმალურად მიაწოდოს. დროს ფეხი აუწყვეთ და ჟურნალ–გაზეთებზე უარი თქვით. მათ დაგროვების და ბევრი ადგილის დაკავების უსიამოვნო თვისება აქვთ, თან განმეორებით არავინ კითხულობს. უკიდურეს შემთხვევაში, თუ პუბლიკაცია მოგეწონათ სურათი გადაუღეთ, ამოჭერით და საქაღალდეში ჩადეთ, სადაც მსგავს მასალებს შეინახავთ.

9. ცარიელი კონტეინერები

კონტეინერები ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შენახვის ორგანიზებას ეხება. მასში შეგიძლიათ რაღაც სასარგებლო შეინახოთ. მაგალითად, ნემსი, ძაფი, ღილი ან კვების პროდუქტები. თუ კარადაში საკმაოდ ბევრი გამოუყენებელი კონტეინერი დაგიგროვდათ, დაფიქრდით, რის შენახვას აპირებთ მათში. უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, თითოეულ კონტეინერს წარწერა გაუკეთეთ და მომავალი დალაგებისას კონტეინერები გაავსეთ. ცარიელები კონტეინერები კი გადაყარეთ, რომ კარადაში ძვირფასი ადგილი არ დაიკავოს. რამდენიმე „შესაფერისი ვარიანტი“ დაიტოვეთ, დანარჩენს დაემშვიდობეთ.