თუჯის ტაფა აღვადგინე და ანტიმიწვის საფარით დავფარე

ძველი, ჟანგიანი, ნამწვის სქელი ფენის მქონე თუჯის ტაფა შეგიძლიათ აღადგინოთ და კვლავ გამოსაყენებელი გახადოთ. Novate ასევე გთავაზობთ მეთოდს, რომლითაც თუჯის ტაფის ზედაპირს ანტიმიწვის საფარით დაფარავთ. ასე მასში კერძების მომზადება ისეთივე კომფორტული გახდება, როგორც თანამედროვე ტაფებში. თუჯის ტაფის აღდგენას დრო სჭირდება, მაგრამ ტექნოლოგია ძალიან ხელმისაწვდომი და იაფია.

დაგჭირდებათ:

  • შეშა ან ფიჩხი
  • ლითონის საფხეკი ჭურჭლისთვის
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • სელის ან კანაფის ზეთი
  • ბინტი
  • ძველმანი
  • ელექტროღუმელი

თუჯის ტაფის აღდგენის პროცესი

1. ტაფიდან მრავალწლიანი ნამწვის მოშორება მექანიკურად რთულია. სჯობს კოცონი დაანთოთ და მის ალში კარგად გამოწვათ.

2. ნამწვი დაიწვება და შედეგად სუფთა ლითონი დარჩება, რომელთანაც შემდეგ მუშაობა უნდა გააგრძელოთ. მნიშვნელოვანია, რომ გამოწვის შემდეგ სწრაფად გაგრილების საშუალება არ მისცეთ. სრულ გაგრილებამდე ნახშირზე დატოვეთ.

3. გაცივებული ტაფა მთელი ღამით საპნიან ხსნარში ჩაალბეთ.

4. მეორე დღეს ლითონის საფხეკით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გახეხეთ.

5. ამის შემდეგ გაზქურაზე დადგით და გააცხელეთ, რომ სითხე სწრაფად აორთქლდეს.

6. თუ ბუნებრივი მეთოდით გაშრება, ჟანგით ძლიერ დაიფარება.

7. მშრალ და გაგრილებულ ტაფას სელის ან კანაფის ზეთი წაუსვით.

8. ამისთვის ბინტი გამოიყენეთ. ასე ჟანგის მსუბუქ ნადებსაც მოაშორებთ. ზეთის თხელი ფენა მთელ ზედაპირზე წაუსვით. ამისთვის მაქსიმუმ ერთი ჩაის კოვზი ზეთი დაგჭირდებათ.

9. ახლა გახეხილი ტაფა 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით მოათავსეთ.

10. ზეთი აორთქლდება და ტეფლონის მსგავ თხელ დამცავ ფენას დატოვებს.

11. 1 საათში ტაფა ღუმელიდან გამოიღეთ, გაგრილება აცადეთ, შემდეგ ზეთის მეორე ფენა წაუსვით. ასე 5-7-ჯერ გაიმეორეთ. რაც უფრო მეტ ფენას გააკეთებთ, მით უფრო გამძლე ზედაპირს მიიღებთ. მეორე ფენიდან დაწყებული ზეთი სჯობს ძველმანით წაუსვათ და არა ბინტით, რადგან ტაფას ჟანგი აღარ აქვს. ნაჭრის უპირატესობა ისაა, რომ ტაფაზე ძაფებს არ ტოვებს.

12. ოპტიმალურია, რომ ყოველი ფენის შემდეგ ტაფა ღუმელში ნელ–ნელა გაგრილდეს. წამზომის ჩართვა და პროცესის გაკონტროლება აუცილებელი არაა. ამრიგად, რამდენიმე დღეში, თითქმის დროის დახარჯვის გარეშე, მის აღდგენას ისე შეძლებთ, რომ ნაყიდზე უკეთესი გამოვა.