3 არასტანდარტული დიზაინი, რომელსაც დიზაინერები ერთოთახიან ბინებში იყენებენ

ადამიანების უმეტესობა ერთოთახიან ბინაზე არ ოცნებობს, მაგრამ ზოგჯერ დაბალი ღირებულების გამო ეს ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. თუ ერთოთახიანი ბინის „ბედნიერი“ მფლობელი ხართ და გაინტერესებთ, როგორ მოაწყოთ კომფორტულად ისე, რომ თავი შეზღუდულად არ იგრძნოთ, Novate რამდენიმე საინტერესო იდეას გთავაზობთ.

გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე ერთოთახიანი ბინა ტიხრებით დატვირთული არაა და არსებული სივრცე ზონებად მარტივად შეგიძლიათ დაყოთ. ასე ერთოთახიანი ბინა შეგიძლიათ ორად გადააკეთოთ. სივრცე შეგიძლიათ ისე გამოიყენოთ, რომ სრულყოფილი საწოლისთვის, სამზარეულოსა და მისაღებისთვის ადგილი გამოჩნდეს.

1. ლოგინის გარშემო ნივთების შენახვის სისტემა

თუ ბინაში რემონტი უკვე გააკეთეთ ან ტიხრების გადაადგილება არ გსურთ, სივრცე ავეჯის, სინათლის და დეკორატიული ელემენტების სწორი განლაგებით შეცვალეთ. თუ მხოლოდ ერთი ოთახი გაქვთ, დაფიქრდით, როგორ დაყოთ საძინებელ და მისაღებ ოთახებად (შენობის ზომები ამის საშუალებას უნდა გაძლევდეთ). ნივთების შესანახად გირჩევთ დიდი კარადები გამოიყენოთ. კარადებმა ნაკლები თავისუფალი ადგილი რომ დაიკავოს, ლოგინის გარშემო დადგით და U ფორმა მიეცით. ასე სივრცეს სწორად გადაანაწილებთ.

მისაღებ ოთახში დივანი და მოპირდაპირედ ტელევიზორი, მის ქვეშ ტუმბო და ზემოთ დაკიდული კარადა მოათავსეთ. ასე შეიძლება სივრცე ცოტა შეიზღუდოს, მაგრამ მრავალდონიანი და უფრო საინტერესო გამოჩნდება. ავეჯი ნივთების შენახვის ყველა საკითხს გადაჭრის.

ასეთი დაგეგმარებისას სამზარეულო სტანდარტულია. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი: კუთხეში მოთავსებული გარნიტურა. ორიგინალური სინათლის წყაროებით და სხვადასხვა ფერის ფასადით სივრცეს მრავალფეროვნებას შემატებთ.

თუ ბინას ლოჯია აქვს, დასასვენებელ ზონად გამოიყენეთ. აქ დადგით პატარა დივანი, ჟურნალის მაგიდა, რამდენიმე ბალიში და პლედი. ესეც ასე, დასასვენებელი კუთხე მზადაა. აქ, ერთ ხელში საყვარელი წიგნით და მეორეში არომატული ყავით შეგიძლიათ ცოტა ხნით ჩაიძიროთ.

2. მისაღები ოთახის და სამზარეულოს გაერთიანება და მოძრავი ტიხარი საძინებელში

თუ ბინა ახლა შეიძინეთ და რემონტს გეგმავთ, არსებული სივრცით ითამაშეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო მხოლოდ ბეტონის კედლებია, ხოლო არსებული დაგეგმარება თქვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. დღესდღეობით ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: თანამედროვე და აქტუალური ღია დაგეგმარება.

სამზარეულოს და მისაღები ოთახების გაერთიანებისას L ფორმის გარნიტურა გამოიყენეთ. ასე სამუშაო ზედაპირს მაქსიმალურად გაზრდით და სივრცეს კომფორტს შემატებთ. ტექნიკა მაღალ კარადებში შეინახეთ. სასადილო ზონა ოჯახის წევრების და სტუმრების რაოდენობის მიხედვით დაგეგმეთ. თუ მხოლოდ ორნი ცხოვრობთ და სახლში საუზმობთ ან ვახშმობთ, პატარა გასაშლელი მაგიდა საკმარისია. თუ დიდი ოჯახი გაქვთ, დიდ მაგიდაზე იზრუნეთ, სადაც 6 ადამიანი დაეტევა. თუ სურვილი გაქვთ, მაგიდა სამზარეულოს კუნძულით ჩაანაცვლეთ. ამას რიგი უპირატესობები აქვს: პირველ რიგში, კუნძული ინტერიერს უფრო თანამედროვეს და აქტუალურს ხდის, მეორეც, დამატებით სამუშაო ზედაპირს ქმნის.

სასადილო მაგიდის გვერდით კომფორტული გასაშლელი დივანი მოათავსეთ, ხოლო ტელევიზორის ზონაში, რომელიც ორიგინალური განათებით გამოყოფილია, პატარა სამუშაო ადგილი მოაწყვეთ (მაგიდა, სავარძელი და კომპიუტერი საკმარისია).

საძინებლის ზონა, რომელიც სამზარეულოსა და მისაღები ოთახებისგან მოძრავი ტიხრით გამოყოფილია, ნებისმიერი მასალით გააფორმეთ. დიზაინერები გამძლე დეკორატიული ბათქაშის გამოყენებას გირჩევენ. თავისი ტექსტურის წყალობით კედლებზე აუცილებელ რელიეფს ქმნის, რის ხარჯზეც ინტერიერი უფრო საინტერესო ხდება. ავეჯის არჩევისას არსებული სივრცე გაითვალისწინეთ. თუ საძინებლის ზონა დიდია, სრულყოფილი ლოგინი ჩაშენებული უჯრებით და პატარა ტუმბოთი მოათავსეთ. ორიგინალური გადაწყვეტილება, რომელიც სივრცეს გაამარტივებს: მოლივლივე ჭერი დეკორატიული სანათებით გაფორმებული.

ახლა სველი წერტილის გაფორმებაზე გადავიდეთ. თუ დიდი ზომებით არ გამოირჩევა, აბაზანაზე უარი თქვით და საშხაპე კაბინა დადგით. ასე ოთახში მნიშვნელოვანი ავეჯისა და სანტექნიკისთვის, ასევე სამოძრაოდ ადგილი დარჩება. ყურადღება მიაქციეთ ფართო ნიჟარას ჩაშენებული შემრევი ონკანით – ინტერიერს ყოველთვის კარგად ერწყმის. სარეცხი და საშრობი მანქანები ჩაშენებულ კარადაში შეგიძლიათ დამალოთ. თუ მასში საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ინსტრუმენტებისთვის (შვაბრი, ჩვარი და სხვა) ადგილს გამონახავთ, შესანიშნავია.

შემოსასვლელისთვის ღია ფერადი გამა აირჩიეთ. გაითვალისწინეთ, რომ ის ბუნებრივ სინათლეს ხშირად მოკლებულია, ხოლო ხელოვნური განათება ოთახს ვიზუალურად ვერ აფართოებს. ავეჯიდან კომფორტულ პუფს ჩაშენებული ფეხსაცმლის თაროთი, ასევე ჩაშენებულ კარადას უპირატესობა მიანიჭეთ.

3. დასაკეცი ავეჯი და ზონირება

ერთოთახიანი ბინის სწორად გარდაქმნა შესაძლებელია, თუ დასაკეც ავეჯს გამოიყენებთ. ასე არსებული სივრცის ფუნქციურობა გაიზრდება, ასევე პატარა კაბინეტის, მინი–სასადილოს, ჰობისთვის კუთხის მოწყობას შეძლებთ. ავეჯი მობილურია და ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მოაშოროთ ან გადაადგილოთ და სივრცე სხვა მიზნისთვის გაათავისუფლოთ.

ზონირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შირმა, ტიხარი ან სტელაჟი. დიზაინერები ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად სტელაჟს მიიჩნევენ. ღია სტელაჟით ოთახს რამდენიმე ზონად მარტივად დაყოფთ, ამასთან უფანჯრო ოთახში სინათლის შეღწევას ხელს არ შეუშლით. გარდა ამისა, წიგნების, დოკუმენტების და სხვა საჭირო ნივთების შესანახად დამატებითი სივრცე გაჩნდება. სტელაჟი მაქსიმალურად მოდური და ლამაზი რომ იყოს, პატარა ნივთები ლამაზ ყუთებში ან დეკორატიულ კალათებში შეინახეთ.

თუ ერთოთახიან ბინაში ტრადიციული ზონების გარდა სამუშაო და ტუალეტის მაგიდების მოწყობა გსურთ, ორი მაგიდის დადგმაზე უარი თქვით, რადგან ასე მთელ თავისუფალ სივრცეს დაიკავებენ. სჯობს ორი ზონა ერთში გააერთიანოთ და აუცილებლობის შემთხვევაში გადააკეთოთ. სწორად შენახვის სისტემით არ გაგიჭირდებათ. მაგალითად, ნოუთბუქი და დოკუმენტები გამოსაწევ უჯრაში მოათავსეთ, ხოლო მაგიდაზე კოსმეტიკის და აქსესუარების ორგანაიზერები, გასაშლელი სარკე და სხვა ქალის გულის გასახარი ნივთები შეინახეთ ან, პირიქით, – ყველაფერი თქვენს მოთხოვნებასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.