4 ბიუჯეტური მეთოდი ინტერიერის გასაუმჯობესებლად ზედმეტი საზრუნავის გარეშე

როგორი მაგარი რემონტიც არ უნდა გაგეკეთებინათ 20 წლის წინ, დღეს მაინც მოძველებულად გამოიყურება. მართალია, ყოველ რამდენიმე წელიწადში კარდინალური ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს. Novate გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც თქვენს ბინას ან სახლს სასურველ გარეგნობასთან მიაახლოებს. დაგჭირდებათ ცოტა ფანტაზია და ზოგიერთ ძველ ნივთთან დამშვიდობების სურვილი.

1. მოჩვენებითი ფუფუნება დაივიწყეთ

აჟურული ჭერის კარნიზი, უზარმაზარი ჭაღი, რომელიც ოთახის ცენტრშია დაკიდული, საწოლის გადასაფარებელი ფურჩალით, არშიით და ფურფუშებით – ეს ადრე პოპულარული „ძვირი–მდიდრული“ სტილის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ჩვეულებრივ, ასეთ სახლებში აუცილებლად შეგხვდებოდათ ლამბრეკენი, ოთახებს შორის ნატურალური ხის მუქი კარები და სქელი ხალიჩა იატაკზე. დღეს მსგავსი ინტერიერი „გადატვირთულად“ და საშინლად გამოიყურება. ამ შემთხვევაში რამდენიმე დეტალის მოშორება ყველაზე მარტივია. მაგალითად, საწოლის გადასაფარებელი შეცვალეთ, ლამბრეკენი და ხალიჩა ამოიღეთ. შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და კარი კედლის ფერში შეღებოთ, როგორც ახლა მოდაშია.

2. ყურადღება ბიუჯეტურ სტილზე გაამახვილეთ

კარდინალურ რემონტს ბევრი ფული სჭირდება. ისეთი სტილი შეარჩიეთ, რომლის მოწყობას მცირე ბიუჯეტით შეძლებთ. მაგალითად, ლოფტი, ბოჰო, სკანდინავიური მინიმალიზმი. არტდეკო და კლასიკური სტილი ყველაზე ძვირი ჯდება. ეცადეთ, ინტერიერში ურთიერთსაპირისპირო სტილები ერთმანეთს არ აურიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკუეფექტს მიიღებთ. გახსოვდეთ: რაც უფრო მინიმალისტურია, მით უკეთესია. 2-3 კაშკაშა ელემენტი დატოვეთ და სხვა ყველაფერი მის გარშემო მოაწყვეთ.

3. სწორი ფორმის ავეჯი და ხალიჩა შეარჩიეთ

მაგალითად, ხალიჩა მოდიდან არასდროს გადადის, მაგრამ მისი გარეგნობა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ადრე მოდაში იყო სქელი ხალიჩა ფერადი ნახატებით, ახლა მოდაშია ლაკონური და ერთფერიანი ხალიჩა. გარდა ამისა, ფორმაც მნიშვნელოვანია. ოვალური ხალიჩა წარსულის გადმონაშთად ითვლება და თანამედროვე ინტერიერში იაფფასიანად და უადგილოდ გამოიყურება. გამონაკლისი: ნაქსოვი ჯუთის ხალიჩა, რომელიც ქანთრის და სკანდინავიურ სტილებში კარგად ჯდება. იგივე ავეჯს ეხება. დივნის, სავარძლის და კარადის არასწორად შერჩეული ფორმა ოთახის მთელ გეომეტრიას არღვევს.

4. ინტერიერის ნივთების თანაზომიერებას ყურადღება მიაქციეთ

დავუშვათ, რომ ოთახში სახლის კინოთეატრისთვის დიდი თარო დევს ან პლაზმური ტელევიზორი ნახევარ კედელზეა ჩამოკიდებული. ეს ნივთები ინტერიერიდან რომ არ ამოვარდეს, უნდა გააწონასწოროთ. მაგალითად, მაღალი ტორშერი ან დიდი ოთახის მცენარე დადგით. ასეთი აქცენტები შენობაში ბალანსს ქმნის და მის „შეღებვაში“ გეხმარებათ. ფანტაზიის და კრეატივის გამოვლენის არ შეგეშინდეთ, რადგან საუკეთესო ინტერიერია ის, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ.