4 მეთოდი ტანსაცმლის გადასარჩენად, თუ რეცხვის დროს გახუნდა

ფერადი ნივთების გარეცხვა ზოგჯერ ლატარეას ჰგავს: გახუნდება თუ არა. ასეთი რამ შეიძლება ძალიან ხარისხიან ტანსაცმელსაც დაემართოს. სწორედ ამიტომ, ფერადი ნივთები მუქ და კაშკაშა ნივთებთან ერთად არასდროს გარეცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საზრუნავი მოგემატებათ. თუ მაინც შეცდომა დაუშვით და ნივთი გახუნდა, მისი გადარჩენა შესაძლებელია და Novate გასწავლით, როგორ.

1. თეთრი ტანსაცმელი შეიღება

იპოვეთ ქათქათა მაისურზე ან პერანგზე ფერადი ლაქა ან ზოლი? დაუყონებლივ თბილი წყლით სავსე ტაშტში ჩაალბეთ და დიასახლისის საპნით ხელით გარეცხეთ. საპონში ტუტე შედის, რომელიც ნივთებს კარგად ათეთრებს და ახალ ფერად ლაქებს აქრობს. თუ დიასახლისის საპონმა ვერ გიშველათ, ნებისმიერი ნაყიდი მათეთრებელი საშუალება გამოიყენეთ. ტანსაცმელი მათეთრებელში ჩაალბეთ, შემდეგ ხელით კარგად გარეცხეთ.

იმ შემთხვევაში, როცა თეთრი ნივთი მოულოდნელად ლურჯი გახდა, მათეთრებელი უძლურია. ბებისეული გამოცდილი მეთოდი სცადეთ, ტანსაცმლის გამოხარშვა. ამისთვის ქვაბში წყალი ჩაასხით, 1 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ სარეცხი ფხვნილი (თითო ლიტრ წყალზე), ნივთები ჩაალბეთ და გაზქურა ჩართეთ. გაითვალისწინეთ, რომ ხრიკი მხოლოდ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელზე გამოგადგებათ. სინთეტიკური ნაწარმის გამოხარშვა არ შეიძლება, რადგან დეფორმირდება. გამოხარშვა მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევაში გამოიყენეთ, რადგან პროცედურის შემდეგ ბამბის და სელის ქსოვილი ცვდება.

2. გახუნებული ფერადი ტანსაცმელი

თუ ღია ფერის ტანსაცმელი გახუნდა და შესამჩნევად გაუფერულდა, ძველებური მიმზიდველობის დაბრუნებაში ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ. ამისთვის, ლითონის ჭურჭელი აიღეთ, 10 ლ წყალი ჩაასხით და 1 ს/კ სპირტი დაუმატეთ. აურიეთ და სითხეში გახუნებული ტანსაცმელი ჩადეთ. გაზქურაზე დადეთ და წყლის ადუღებამდე ხარშეთ. ამის შემდეგ ცივი წყალი გაავლეთ და გააშრეთ.

3. გაუფერულებული აბრეშუმის ან ბეწვის ნივთები

საღებავის კაშკაშა ფერის დასაბრუნებლად ძმარი გამოიყენეთ. ტანსაცმელი გარეცხეთ და ცივი წყლის და 1 ს/კ ძმრის (3 ლ წყალზე) ნარევში გაავლეთ. პროცედურა ყოველი რეცხვის შემდეგ გაიმეორეთ და რამდენიმე „სეანსის“ შემდეგ ტანსაცმელი პირვანდელ ფერს დაიბრუნებს. ბამბის და სელის ნივთების შემთხვევაში 1 ს/კ სუფრის მარილის და 5 ლ წყლის ნარევში გავლება საკმარისია.

4. ფერადი ტანსაცმელი თავისით შეიღება

ჩვეულებრივ, ასეთი ნივთების გადარჩენას არ ცდილობენ, და სულ ტყუილად. ნივთების აღსადგენად შემდეგი რჩევები გამოიყენეთ. დიასახლისის საპონი გახეხეთ (ზუსტად 1 ს/კ) და იმავე რაოდენობის სახამებელს აურიეთ. ლიმონმჟავის კონცენტრატი მოამზადეთ – 10 გრ პროდუქტი 100 მლ წყალზე. 1 ს/კ მიღებული საშუალება საპნის და სახამებლის ნარევს დაუმატეთ. სქელ ფაფას მიიღებთ, რომლითაც ფერადი ლაქა ან ზოლი შიგნიდან უნდა დაამუშავოთ. ტანსაცმელი 12 საათით გააჩერეთ, შემდეგ დიასახლისის საპნით ცივ წყალში გარეცხეთ.