8 ნივთი ბინაში, რომელიც მშვენიერი დიასახლისის რეპუტაციას ლახავს

მაშინაც კი, თუ დასუფთავების თვალსაზრისით პერფექციონისტი და სივრცის დაგეგმვის მაგარი სპეციალისტი ხართ, შეიძლება ერთხელ მაინც შეცდომა დაუშვათ. Novate გიამბობთ, თუ რომელ ნივთებს შეუძლიათ წამებში მშვენიერი დიასახლისის კეტეგორიიდან ფეთხუმის კატეგორიაში გადაგიყვანოთ. როგორც ამბობენ, გაფრთხილებული ნიშნავს შეიარაღებულს.

1. ძველი სახლის ტანსაცმელი

კარადაში ტანსაცმლის გადარჩევისას ძალიან ხშირად ბევრი დალაქავებული, ნახვრეტიანი ტანსაცმელი „გამოსასვლელი“ კატეგორიიდან „სახლის“ კატეგორიაში ხვდება (არადა სანაგვე ყუთში უნდა მომხვდარიყო). მოულოდნელი სტუმრები ჯერ არავის გაუუქმებია. ხშირად ისე ხდება, რომ მაღაზიაში გასვლის წინ ხელში მოხვედრილ პირველივე მაისურს ვიცვამთ, შემდეგ შემთხვევით სუპერმარკეტში ნაცნობებს ვხვდებით, რომლებიც ჩურჩულით ამბობენ, რომ ჩვენს ტანსაცმელზე ლაქაა. უსიამოვნოა? თან როგორ!

სწორედ ამიტომ, ყოველთვის ყურადღება მიაქცით, რომ სახლის ტანსაცმელიც ლამაზად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. ამ მიზნით შეგიძლიათ სპეციალური კოსტიუმიც ჩაიცვათ, მაღაზიებში ბევრ ვარიანტს იპოვით. სახლის დალაგებისას ნივთები რომ არ გააფუჭოთ, ამ დანიშნულებისთვის ძველი მაისური და სპორტული შარვალი დაიტოვეთ.

2. ჭუჭყიანი რბილი ავეჯი

როცა რბილი ავეჯის დრო მოდის, ეკო–ტყავის პრაქტიკულ დივანსა და კომფორტულ ნაჭრის მოდელს შორის უკანასკნელს ვირჩევთ. შემდეგ იწყება ტანჯვა, რადგან ნაჭერი უფრო რთული მოსავლელია. აქ, მხოლოდ სველი ჩვრით გადაწმენდა საკმარისი არაა. თუ შეამჩნიეთ, რომ რატომღაც ნაცრისფერი დივანი ან სავარძელი ყავისფრად გამოიყურება, დროა საწმენდი მტვერსასრუტი ხელში დაიჭიროთ. ასეთი არ გაქვთ? მაშინ კარგი სამრეცხაოს ტელეფონის ნომერი გჭირდებათ. სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ გარეგნობის და ესთეტიკის, არამედ ჰიგიენის საკითხია, რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, რბილი ავეჯის სისუფთავეს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ, რომ ბაქტერიების და მწერების შეტევა თავიდან აიცილოთ.

3. მივიწყებული ბრა და ტორშერი

განათების მოწყობილობებმაც შეიძლება გიმტყუნოთ. პლაფონი, ტორშერი, ბრა, განსაკუთრებით ტექსტილის ზედაპირით, საკმაოდ სახიფათოა – მასზე მტვერი დიდხანს არ ჩანს, როგორც კარადის შემთხვევაში, სამაგიეროდ შემდეგ სტუმარს ან ოჯახის წევრს თავზე ეცემა. დამეთანხმეთ, მსგავსი განათება სეზონური დალაგების დროს მხედველობის არეში იშვიათად ხვდება, მით უფრო საზრუნავი ისედაც არ გვაკლია. თუ თქვენი მიზანია იყოთ კარგი დიასახლისი, მოდუნება და სიფხიზლის დაკარგვა არ შეიძლება. მოწყობილობები თვეში ერთხელ მაინც გაწმინდეთ, რომ უსიამოვნო სიურპრიზებმა არ შეგაწუხოთ.

4. ნაღვენთი და ნადები საშხაპე კაბინაში

სამზარეულოს შემდეგ გასაწმენდად ყველაზე პრობლემური ადგილი სააბაზანო ოთახია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საშხაპე კაბინა გაქვთ. კირის ნადები, წყლის ლაქები და ზოლები ულმობელია. პანიკაში ბინძური სააბაზანო ოთახის დათვალიერება რომ არ მოგიწიოთ, ლაქები დაუყონებლივ მოიშორეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძვირადღირებული იტალიური ფილები ლაქებიანი ურჩხული გახდება. ამ საქმეში ნადების მოსაშორებელი ნებისმიერი საშუალება და უბრალო საფხეკი დაგეხმარებათ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ წყლის პროცედურების შემდეგ ზედაპირი დაუყონებლივ გაამშრალოთ, ასე დაჭუჭყიანების რისკს შეამცირებთ.

5. გადავსებული მაცივარი

ზოგჯერ ჩვენში თადარიგიანი დიასახლისი იღვიძებს და გვსურს მაცივარი ისე გადავსვოთ, რომ პროდუქტები მთელი თვე გვეყოს. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, ყოველდღე მაღაზიაში სიარული არ მოგიწევთ, წასახემსებელი ყოველთვის გექნებათ, თუნდაც ღამის 12 საათზე. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს.

პირველ რიგში, ასეთ პირობებში პროდუქტების შენახვის ვადის შემოწმება რთულია, ამიტომ ვადაგასული პროდუქტები უფრო კანონზომიერი ხდება, ვიდრე გამონაკლისი. მეორეც, თუ მაცივარი სავსეა, პროდუქტების მეზობლობის გაკონტროლება გაგიჭირდებათ. ერთ თაროზე შეიძლება ნახევარფაბრიკატები, უმი ხორცი და მზა კერძი აღმოჩნდეს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თავად მაცივარიც ასეთი დატვირთვის წინააღმდეგია: დროთა განმავლობაში აუცილებელ ტემპერატურას ვეღარ უზრუნველყოფს და საჭმელი კიდევ უფრო სწრაფად გაფუჭდება. სწორედ ამიტომ, პროდუქტები ზომიერად შეიძინეთ. იდეალურია, თუ კვირა დღეს მთელი კვირის მენიუს შეადგენთ და პროდუქტებს ამის მიხედვით შეიძენთ. ასე ნამდვილად არაფერს დაკარგავთ.

6. დაბინდული სარკე

სარკე ფანჯარასთან ერთად ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური გასაწმენდი ადგილია. განსაკუთრებით, თუ სააბაზანო ოთახში, ნიჟარის ზემოთ კიდია. ყოველი დაბანის ან კბილების გახეხვის შემდეგ სარკის ზედაპირზე პასტის ლაქები და წყლის უშნო ნაღვენთი რჩება. რა თქმა უნდა, ხშირად მათი დალაგება გვეზარება, თუმცა კარგი დიასახლისის რეპუტაციის ქონამ უნდა შთაგაგონოთ. გირჩევთ, პრობლემა არ გაართულოთ, არამედ ლაქები გაჩენისთანავე მოიშოროთ. ამისთვის ნიჟარის ქვეშ აუცილებელი საწმენდი საშუალებები შეინახეთ. მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება გამოიჩინეთ.

7. დამჭკნარი ყვავილები

დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, რომ ბინას ოთახის ყვავილები ან ცოცხალი ყვავილების თაიგულები შევმატოთ, რომ ოთახი უფრო ლამაზი და მყუდრო გამოჩნდეს. ამ იდეას მხარს ვუჭერთ, რადგან ყვავილები გაზაფხულის შეგრძნებას ქმნიან და სახლს საოცარი არომატით ავსებენ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს სამოგზაურო სუვენირი არაა, რომელიც თაროზე შეგიძლიათ შეინახოთ და დაივიწყოთ. მცენარეს რეგულარული მოვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაგახარებთ.

დამატებით, დამეთანხმეთ, რომ დამჭკნარი ყვავილები ნაკლებად მიმზიდველ ჰერბარიუმს ჰგავს, რომელიც ინტერიერს ნამდვილად არ ამშვენებს. თან თქვენს კარგ დიასახლისობასაც არ ადასტურებს. ასევე აღმოსავლური მეცნიერების, ფენშუის მიხედვით, ხმელი ყვავილები ბინაში სიმდიდრეს და კეთილდღეობას აფრთხობს. სწორედ ამიტომ, როგორც კი დაინახავთ, რომ ვარდის/გვირილას/შროშანის გადარჩენა არ შეიძლება, დაუყონებლივ სანაგვე ყუთში გადააგდეთ.

8. მტვერი კარადის ზედაპირზე

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს სახლში ზედაპირების უმეტესობა სისუფთავით ბრწყინავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქვედა თაროებს, მაგიდას, კომოდს ეხება, რომლებიც თვალშისაცემია. რაც შეეხება კარადას? ვაღიაროთ, რომ აქამდე არ მისულხართ. პირველ რიგში, კარადის ზედაპირზე მტვრის გადაწმენდა მოუხერხებელია. სკამი უნდა მოძებნოთ, კარადისკენ გაიწელოთ და ა.შ. მეორეც, თავში გვიტრიალებს აზრი, რომ მაინც ვერავინ შეამჩნევს, ამიტომ მაღალი ავეჯის დალაგება შეგვიძლია გამოვტოვოთ. თუმცა მუხთლობის კანონის დავიწყება არ ღირს. მაგალითად, სტუმრად შეიძლება პატარა ბავშვთან ერთად მოვიდნენ და ბავშვმა შეიძლება შემთხვევით ქაღალდის თვითმფრინავი კარადისკენ გაუშვას. რა მოხდება შემდეგ? სწორია, გაოგნებულ სტუმრებს მტვრის გროვა თავზე დაეცემათ. დამეთანხმეთ, უსიამოვნო სიტუაციაა და ნამდვილად გაგაწითლებთ.

მსგავსი კაზუსის თავიდან ასაცილებლად მტვერი ასეთ ზონებში თვეში ერთხელ გადაწმინდეთ. სკამი ან კიბე აიღეთ, კარადასთან მოათავსეთ, დადექით და დალაგება დაიწყეთ. არ გსურთ მუდმივად სააბაზანო ოთახში სირბილი? ამ საკითხში ბიოდეგრადირებადი მასალები საუკეთესო დამხმარეა. გაწმინდეთ და დაუყონებლივ გადააგდეთ. ბუნებას ზიანს არ მიაყენებთ და იდეალური დიასახლისის რეპუტაციასაც შეინარჩუნებთ.