ფასდაუდებელი „ვალკირია“: კორეელებმა პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებული იახტის კონცეფცია წარმოადგინეს

თანამედროვე საზოგადოება როგორც არ უნდა ცდილობდეს, რომ ტენდენციები გაამარტივოს, დაწყებული ინფორმაციის წვდომით და დამთავრებული მოდური ტრენდებით, ფუფუნებაზე მოთხოვნა ყოველთვის დარჩება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ დღეს ქმნიან ისეთ ნივთებს, რომელთა ღირებულება უკვე არსებული მოდელების ფასს აჭარბებს. ამ კუთხით იახტა გამონაკლისი არაა. ახლახანს კორეელმა დეველოპერებმა სუპერ იახტის კონცეფცია წარმოადგინეს, რომელსაც „ვალკირია“ უწოდეს. განხორციელების შემთხვევაში პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებული იახტა გახდება.

კონცეფცია კორეელმა დიზაინერმა ჩულხუნ პარკმა და ელიტური იახტების კონსტრუქტორმა პალმერ ჯონსონმა ერთად წარმოადგინა. პროექტი გულისხმობს სუპერ იახტის შექმნას, რომლის სიგრძე 229 მეტრია, რაც ორი საფეხბურთო მოედნის სიგრძეს აჭარბებს. ამრიგად, თუ ერთხელაც ამ იახტას ააგებენ, მთელ მსოფლიოში ზომების და ფასის მიხედვით ანალოგი არ ეყოლება.

დეველოპერების შეფასებებით, პოტენციურ მყიდველს სუპერ იახტა, რომელსაც ჯერჯერობით „ვალკირია“ (ინგლისურად, Valkyrie) უწოდეს, კოლოსალური თანხა, 800 მლნ დოლარი დაუჯდება. ასეთი შენაძენი არსებული რეკორდსმენის შენაძენს აჭარბებს. მსოფლიოს ყველაზე დიდი იახტის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანია, რომლის იახტაც, სახელად Azzam სიგრძეში 180 მეტრს აღწევს.

დეველოპერების საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 229 მეტრი სიგრძის „ვალკირია“ 52 მგზავრის მოთავსებას შეძლებს, რომელთაც 92 კაციანი ეკიპაჟი მოემსახურებათ. იახტის ბორტზე მოწყობილი იქნება მთელი რიგი გასართობები და სივრცეები – კაზინო, თეატრი, მხატვრული გალერეა და საკონცერტო დარბაზიც.

ცნობილია სუპერ იახტის თავისებურებები: Novate-ს ინფორმაციით მისი მაქსიმალური სიჩქარე 46 კმ/სთ ან 25 კვანძი იქნება, 229 მეტრ სიგრძეზე 30 მეტრი სიგანეა დაგეგმილი. სამშენებლო მასალად ალუმინის და კომპოზიტების გამოყენებას გეგმავენ.

საინტერესო ფაქტი: კორეელმა დიზაინერმა ჩულხუნ პარკმა პლანეტაზე ყველაზე დიდი და ძვირადღირებული იახტა სამაგისტრო პროგრამის სადიპლომო პროექტის სახით შეიმუშავა.