დროში გამოცდილი მეთოდები, როგორ დავუბრუნოთ აბაზანას სიქათქათე

სააბაზანო ოთახი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სახლში. წყლის ხარისხი, ასევე შამპუნის, ქაფის და გელის შემადგენლობა თეთრ აბაზანაზე ყვითელ ლაქებს და ზოლებს ტოვებს და „სახლის აუზის“ გარეგნულ მიმზიდველობას აუშნოებს. აბაზანაში კირის ნადების და ყვითელი ზოლების მოშორებას, ასევე სიქათქათის დაბრუნებას მარტივი ხრიკებით შეძლებთ, რომელთაც Novate გიზიარებთ. უნივერსალური საწმენდი საშუალებების უმეტესობა ყოველთვის ხელთ გვაქვს.

1. სოდა და ცოტა ძმარი

მინანქრის ან აკრილის ნებისმიერი მასალის აბაზანაში კირის ნადების და ჟანგის მოსაშორებლად ერთი სასწაულმოქმედი რეცეპტი არსებობს. მის მოსამზადებლად მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ისინი გარკვეული თანმიმდევრობით გამოიყენება და გარკვეული დროით უნდა გააჩეროთ.

აბაზანას წყალი გადაავლეთ. ჯაგრისით საკვები სოდა კარგად შეაზილეთ და 5-10 წუთით გააჩერეთ. სოდის ფაფას ზემოდან 50 გრ ძმრის და 100 გრ მშრალი მათეთრებლის ნარევი წაუსვით. 30-40 წუთში აბაზანას თბილი წყალი გადაავლეთ. ნადების ნარჩენები უხეში ღრუბლით ან ჯაგრისით მოაშორეთ.

2. თუჯი, მინანქარი და ცოტა წებო

თუჯის აბაზანა გამძლეობით გამოირჩევა. მასალა ცხელი წყლის სითბოს კარგად ინარჩუნებს. ხშირად თუჯის აბაზანა ზემოდან მინანქრის ზედაპირით არის დაფარული. მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. „სახლის აუზს“ კირის და ჟანგის ნადები რომ მოაშოროთ საკვები სოდა და თხევადი საპონი დაგჭირდებათ. 1:1 თანაფარდობით აურიეთ და მიღებული კრემის მსგავსი მასა მინანქრის ზედაპირს წაუსვით. 20-40 წუთით გააჩერეთ, შემდეგ რბილი ღრუბლით და თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

კიდევ ერთი მოქმედი საშუალება არსებობს, რომელიც კირის ნადებს კარგად უმკლავდება. დაგჭირდებათ:

  • 50 გრ საკვები სოდა
  • 100 მლ ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • 10 მლ საკანცელარიო წებო
  • 1 ლ ცხელი წყალი

ინგრედიენტები მითითებული თანმიმდევრობით აურიეთ. მიღებული ნარევი აბაზანის ზედაპირს ჯაგრისით წაუსვით. 10-20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით კარგად ჩამორეცხეთ. უფრო ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად პროცედურა გაიმეორეთ.

3. ლიმონმჟავა და აკრილის აბაზანა

აკრილის აბაზანას მსუბუქ ჭუჭყს ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ადვილად მოაშორებთ. ღრუბლით წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ საპნიანი ქაფი თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

კირის ნადებთან ბრძოლაში შემდეგი მეთოდი ეფექტურია. კონტეინერში აურიეთ:

  • 1 ლიმონის წვენი ან 50 გრ ლიმონმჟავა
  • 4 ს/კ საკვები სოდა
  • 20 მლ სუფრის ძმარი

სანიაღვრე დახურეთ. ნარევი პულვერიზატორით შეასხურეთ და აბაზანის მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. 30-40 წუთში თბილი წყლით ჩამორეცხეთ. ბოლო ეტაპი: ჭურჭლის სარეცხი სითხის გამოყენება. მისი დახმარებით აგრესიულ ხსნარს, ასევე კირის ნადების კვალს მოაშორებთ.

აბაზანის ზედაპირზე ჭუჭყს ლიმონის ნარევიც გაუმკლავდება. მის მოსამზადებლად 1 ჭიქა თბილ წყალში 1 შეფუთვა ლიმონმჟავა გახსენით. პულვერიზატორით ნარევი აბაზანას წაუსვით. 15-20 წუთში „სახლის აუზი“ გამდინარე წყლით ჩამორეცხეთ.

4. სიყვითლე და ჟანგის ზოლები მოაშორეთ

მდოგვის ფხვნილი არა მხოლოდ გემრიელი და პიკანტური საკაზმის მოსამზადებლად გვჭირდება. ის ბევრი სახის ჭუჭყს, მათ შორის აბაზანაში ჟანგის ზოლებს და ყვითელ ნადებს უმკლავდება. მათ მოსაშორებლად მდოგვის ფხვნილი ცხელ წყალში გახსენით. სქელი ფაფა ჭუჭყიან ადგილას სქელ ფენად წაუსვით. 2-4 საათით გააჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ. თუ ჟანგი ან ნადები ძველია, მდოგვის პასტა მინიმუმ 6-8 საათით გამოიყენეთ.

ჟანგის ახალ ლაქას ლიმონის წვენი გაუმკლავდება. მას ციტრუსიდან ისე წურავენ, რომ ჭუჭყიანი ადგილი სრულად დაფაროს. 10-15 წუთით გააჩერეთ, ლაქა გაღიავდება. ახლა წყლით ჩამორეცხეთ. ჟანგის ნარჩენები უხეში ღრუბლით მოაშორეთ.

ეფექტური საშუალება ყვითელი ნადების და ჟანგის მოსაშორებლად: 100 მლ ნიშადურის სპირტი და 50 მლ წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. ნარევი ნაჭრის სალფეთქით ლაქას წაუსვით და 15-20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.