ხელნაკეთი საჟღენთი, რომელიც ხეს „პლასტმასად“ აქცევს: ეფექტური ნარევი ლპობის წინააღმდეგ

ხე ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე და ესთეტიკურად ლამაზი მასალაა. მართალია, ბოლო ორი პუნქტი დიდხანს არ გაგრძელდება, თუ მასზე არ იზრუნებთ. მოვლა კი მასალის შეღებვას ან სხვადასხვა დამცავი ნარევით გაჟღენთვას ნიშნავს. Novate გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ ნარევს გასაჟღენთად, რომელიც ხეს და ხის მასალას პლასტმასის თვისებას ანიჭებს.

აცეტონი და ეპოქსიდური წებო: ბაბუასეული მეთოდი

მეთოდი ახალი არაა. ეპოქსიდურ წებოზე დაფუძნებული საჟღენთი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოიყენება. ის ნებისმიერი ხის და ხის მასალის (ფანერი, OSB, დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული ფილა და სხვა) დასამუშავებლად გამოიყენება. ამ ნარევით იცავენ ნავებს, თხილამურებს, დანების სახელურებს, ნებისმიერ ხის მასალას საპასუხისმგებლო ნაწილებში – იქ, სადაც წყალს, სველ მიწას და საერთოდ, უკიდურესად არახელსაყრელ პირობებში იმყოფება. რეგულარული დასველების პირობებში საჟღენთი ხეს ლპობისა და ფენებად დაშლისგან ძალიან ეფექტურად იცავს. ასეთი საჟღენთი ხის ესთეტიკურ სილამაზეს აძლიერებს – ტექსტურას და ნახატებს ხაზს უსვამს, ფერს აჯერებს.

როგორ მოვამზადოთ დამცავი საჟღენთი სახლის პირობებში

რეცეპტი ძალიან მარტივია. 1 ნაწილი ეპოქსიდური წებო და 3 ნაწილი აცეტონი აურიეთ. მოქმედების ალგორითმი ასეთია:

  1. მინის ან ლითონის ჭურჭელში ეპოქსიდური ფისი ჩაასხით.
  2. გამამკვრივებელი დაუმატეთ და კომპონენტების სრულად შერევამდე აურიეთ.
  3. დაუყონებლივ აცეტონი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  4. ახლა მიღებული ნარევი ფუნჯით მომზადებულ ხეს წაუსვით.
  5. 2-3 ფენა წაუსვით, ახალი ფენა წინა ფენის გაშრობის შემდეგ წაუსვით.

როგორ მუშაობს

ეპოქსიდური ფისი გამამკვრივებელთან კონტაქტისას გამძლე პოლიმერს წარმოქმნის, რომელსაც მაღალი ადჰეზია, გამძლეობა და წყალგაუმტარობა ახასიათებს. ფისი ისედაც სქელია და ხე რომ გაჟღინთოს, აცეტონში აზავებენ. აცეტონი ხის სტრუქტურაში სწრაფად და ღრმად აღწევს და თან ეპოქსიდურ წებოსაც იწოვს. მოგვიანებით, აცეტონი ორთქლდება, ხოლო ეპოქსიდური წებო ხის სტრუქტურაში პოლიმერიზდება და მასალას პლასტმასის თვისებებს ანიჭებს.

მსგავსი ნარევი ხეს და ხის მასალას ტენიანობისგან, ლპობისგან, ბუნებრივი დაშლისგან, მწერებისგან კარგად იცავს. მასალის სტრუქტურაში გამაგრებული ეპოქსიდური ფისი ხის გამძლეობას ზრდის.