კომპაქტური მობილური სახლი ფართო შესაძლებლობებით და მოდური ინტერიერით

ცნობილმა ახალ ზელანდიურმა კომპანიამ, რომელიც პატარა სახლებს აშენებს, კიდევ ერთხელ გაახარა მოგზაურობის მოყვარულები და ისინი, ვინც ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ქონას უპირატესობას ანიჭებს. ამჯერად, მაქსიმალურად კომპაქტური მოდელი შექმნეს, რომელსაც ბევრი ღირსება და ფარული ფუნქციები აქვს, რაც მინი–ბინის მფლობელის ცხოვრებას და ყოფას მნიშვნელოვნად ამარტივებს. პროექტის განსაკუთრებული ნაწილი გახდა ორმაგი კიბე და ორიგინალური კარადა, რომლის მიღმაც შეგიძლიათ შეინახოთ პროდუქტები, სამზარეულოს ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ახალ ზელანდიურმა კომპანიამ Build Tiny, რომელიც პატარა სახლების აშენებაზეა სპეციალიზებული, მისაბმელიანი მინი–სახლის ახალი მოდელი წარმოადგინა, რომლის სახელიცაა The River Bank’s. ამჯერად დეველოპერებმა კომპაქტურობასა და არსებული სივრცის რაციონალურად გამოყენებაზე აქცენტი გააკეთეს. მათ საფუძვლად გამოიყენეს ორღერძიანი მისაბმელი სახლის ჩარჩოთი (სიგრძე – 7,2 მ და სიგანე – 2,4 მ). საკმაოდ მაღალი სიმაღლის (4,2 მ) წყალობით ორი სართულის გაკეთება მოახერხეს, მათგან ერთ–ერთი სრულყოფილ საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს. აი, სხვენის ნაწილს უმნიშვნელო სიმაღლე აქვს, სადაც ადამიანს გამართული გადაადგილება გაუჭირდება, თუმცა ჩასაცმელად/გასახდელად ადგილი გათვალისწინებულია.

ორმაგი მინის შესასვლელი კარი შენობას დღის სინათლეს აწვდის. კარის წინ პატარა, მაგრამ მყუდრო მისაღები ოთახია. აქ, გვხდება რბილი დივანი, პატარა მაგიდა და ტრანსფორმერი სტელაჟი, რომლის თაროებზე შეგიძლიათ შეინახოთ წიგნები, წვრილმანები, ყვავილები ან შეგიძლიათ კონსტრუქციის ნაწილი მოხსნათ და ტელევიზორი დაკიდოთ.

გვერდით ფუნქციური სამზარეულოა ჩაშენებული ტუმბოებით, საკმაოდ ფართო სამუშაო ზედაპირით, დასაკეცი ბარის დახლით, ნიჟარით, მაცივრით, ორკომფორიანი გაზქურით, მიკროტალღური ღუმელით და ჭურჭლის სარეცხი მანქანით. აი, სარეცხი მანქანა საშრობის ფუნქცით, მინი საკუჭნაო და რამდენიმე თარო კვების პროდუქტების ან სუფრის აქსესუარების შესანახად კარადაშია დამალული.

საინტერესო გადაწყვეტილება: სარეცხი მანქანის კარს და სარეცხი ფხვნილის ჩასაყრელს რომ მიწვდეთ, ბორბლიანი ტუმბოს გამოწევა და სამუშაო ზედაპირის აწევა მოგიწევთ. ასე ადგილი მაქსიმალურად იზოგება. ასევე გათვალისწინებულია მოძრავი თეთრეულის საკიდი, რომელიც ერთი სხვენიდან მეორეზე გადის.

იმის გათვალისწინებით, რომ მობილური სახლი შეიძლება მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყოს, კეთილმოწყობილ სააბაზანო ოთახს გვერდი ვერ აუარეს. იმის მიუხედავად, რომ პატარა სახლის ფართობი მხოლოდ 17 მ², მასში მოათავსეს: სრულყოფილი საშხაპე კაბინა, ნიჟარა ტუმბოთი და ბიოუნიტაზი, რომელსაც ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან შეერთება არ სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ინტერიერის მთავარი აქსესუარი ორმაგი კიბეა, რომელიც ცენტრიდან სხვადასხვა მხარეს ადის. კომპანიის სპეციალისტებმა მცირე ზომის საცხოვრებელი სივრცის მაქსიმალურად გამოსაყენებლად კიბის ქვედა საფეხურებზე დამალეს გამოსაწევი უჯრები ნივთების შესანახად, წიგნების თაროები და პატარა ტუმბო კარით. საფეხურების ზედა ნაწილი ისეა დაფიქსირებული, რომ „მცურავი“ ეფექტი იქმნება.

საცხოვრებელი სივრცის მეორე დონე ორი ლოფტის ზონისგან შედგება. ერთ–ერთ მათგანში ფართო საძინებელია „სამეფო ზომის“ დიდი ლეიბით, რომელიც ხის ფიცარზე დევს. საძინებლის გვერდით მთელ სიგრძეზე კომოდია გამოსაწევი უჯრებით და დიდი განყოფილება დაწნული კალათისთვის. აქვე, სრულყოფილი კარადისთვის ადგილი გამოინახა, სადაც შეგიძლიათ ნივთები საკიდარზე დაკიდოთ. ასე The River Bank’s–ში მოგზაურობის/ცხოვრების დროს ტანსაცმელი მოწესრიგებული იქნება. ძილის ზონაში მიმავალ სივრცეში შეგიძლიათ თავისუფლად იმოძრავოთ და ჩაიცვათ/გაიხადოთ.

მეორე ლოფტის ზონა სამზარეულოს ზემოთ მდებარეობს, რომელიც საკმაოდ კომფორტული სამუშაო კაბინეტი შეიძლება გახდეს. ასევე შეგიძლიათ სტუმრების ან ბავშვების საძინებლად გამოიყენოთ. ბაზურ ნაკრებში გათვალისწინებულია სახლის ოფისი გრძელი საწერი მაგიდით ფანჯარასთან და რამდენიმე სათავსოთი.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ სახლს ბევრი ფანჯარა აქვს, ამიტომ ნებისმიერ დონეზე შეზღუდული სივრცის დამთრგუნველი გრძნობა არ შეგაწუხებთ.

Novate-ს ინფორმაციით, ექსპერიმენტული მოდელი შეკვეთით დაამზადეს და ამან ინტერიერის გაფორმება განსაზღვრა. კრეატიულ კლიენტს სურდა, რომ დიზაინზე თავად ეზრუნა, ამიტომ კედლების უმეტესობა და ზოგიერთი ავეჯის ფასადის ნაწილი, რომელიც ფანერით დამზადებულია, შეუღებავი დარჩა. დეველოპერებმა მზის პანელების, გარდაქმნის აუცილებელი აღჭურვილობის და აკუმულატორების დაყენება უზრუნველყეს. ძირითად ნაკრებში გათვლილია სტანდარტული RV სტილის განათება, ალტერნატიული ენერგიის წყაროს მისაღებად თანხის დამატება მოგიწევთ.