მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ქალაქი, რომელიც ტიბეტის სიღრმეშია დამალული

ჩინეთის თვალწარმტაცი ქალაქი იანჯინი, რომელიც ტიბეტური ზეგანის ხეობის გასწვრივ მდებარეობს, ცნობილია იმით, რომ ტყიანი კლდის ძირშია აშენებული. აქ არ არის მოხერხებული ტრანსპორტი, არც დიდი გამზირები, არც მთავარი ქუჩა, რადგან მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ქალაქია.

ტიბეტის სიღრმეში, ვიწრო მთის ხეობაში უჩვეულო ქალაქი, იანჯინი (ჯაოტუნის საქალაქო რაიონი, ჩინეთი) იმალება. მისი არსებობის საყურადღებო ფაქტი გახდა არა თვალწარმტაცი ბუნება და სუფთა ჰაერი, არამედ ის, რომ მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ქალაქია, სადაც ხმაურიანი გამზირები, თანამედროვე სატრანსპორტო გადასასვლელები არაა. მაღალი სახლები პრაქტიკულად ციცაბო კლდეშია ნაშენი, რომელიც დასახლების სიგანეს ზღუდავს.

მას ღვთისგან და ადამიანებისგან დავიწყებულ ადგილს ვერ ვუწოდებთ, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეროვნული სარკინიგზო ხაზი აქვს, რომელიც ჩინეთსა და ვიეტნამს აკავშირებს. აქ 400-500 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ვერტიკალური ქალაქის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ რკინიგზისთვის და ერთადერთი საავტომობილო გზისთვის კლდეში გვირაბები და ხიდები გააკეთეს, რადგან ამ მხარეს ჩვეული დაბლობი არ აქვს.

შენიშვნა: იანჯინი ერთადერთი ქალაქი არაა, რომელსაც ჩინეთში ასეთი სახელი აქვს. სახელი ერთნაირად წარმოითქმის, მაგრამ მართლწერა და მნიშვნელობა განსხვავდება. დასახლებული პუნქტი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ამავე სახელწოდების ოლქში მდებარეობს, რომელიც პროვინცია იუნანის, ჯაოტუნის საქალაქო რაიონს ეკუთვნის და ითარგმნება, როგორც „მარილიანი ნაკადი“, რადგან მდინარე ნანსიჰეს ნაპირზე მლაშობი აღმოაჩინეს. იანჯინს 240 კმ² ფართობი აქვს, ყველაზე ვიწრო წერტილში მისი სიგანე მხოლოდ 30 მ–ია, ხოლო ყველაზე ფართოში – 300 მ–ს არ აჭარბებს.

სპეციფიკური რელიეფი ქალაქის აშენების და დაგეგმარების ნორმებს კარნახობს, რადგან მრავალსართულიანი შენობების პირველი სართულები, პრაქტიკულად, მდინარის ზემოთ კიდია, რომელიც არაპროგნოზირებადია. მთის მდინარის ახლომახლოს მცხოვრებმა იცის, რომ ერთი შეხედვით მოკრძალებული ნაკადული, რომელიც გვალვაში შეგიძლიათ ისე გადაიაროთ, რომ ფეხი არ დაისველოთ, წუთებში შეიძლება ბობოქარ წყლის ნაკადად იქცეს, რომელსაც გზაზე ყველაფერი თან მიაქვს. ამის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ პირველ სანაპიროზე ხაზზე აშენებული ყველა შენობა მაღალ ბოძებზე დგას. აი, ბოლო რიგის სახლები კარგად გამაგრებულია, რომ მეწყერისა და კლდის ჩამონგრევისგან დაცული იყოს. ცენტრში მდებარე შენობები შედარებით უსაფრთხოა, თუმცა ყველაზე ვიწრო ადგილებში მხოლოდ ერთი რიგის სახლებია, რომელიც სანაპიროს მონახაზებს იმეორებს.

გასაგები მიზეზების გამო იანჯინი სიგანეში ვერ იზრდება, ამიტომ ყოველწლიურად მისი სიგრძე უფრო და უფრო იზრდება, ხოლო მრავალსართულიანი სახლები უფრო მაღლდება. ეს იმის მიუხედავად, რომ მდინარის გადალახვა მხოლოდ ორ ადგილას შეიძლება, ხოლო ქალაქიდან ერთადერთი ავტომაგისტრალი გადის. როგორც ჩანს, ადგილობრივებს ეს არ აშინებთ და უცნაური დასახლების დატოვებას არ აპირებენ, რადგან ეს მათი საკუთრებაა და თან აქ მიწის ნაკვეთი ძალიან ძვირი ღირს.

დასაქმების კუთხითაც საქმე რიგზე არაა. მოსახლეობის ნაწილი მომსახურების და ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობს, ნაწილი – განათლებაში, დანარჩენი რკინიგზას და ერთადერთი ავტომაგისტრალის ხიდებს ემსახურება.

მოქალაქეებს წყალდიდობის დროს განსაკუთრებით უჭირთ. მაშინ მთის მწვერვალიდან წამოსული მდინარე მწირ კულტურას ანადგურებს, რადგან ზოგიერთი მაცხოვრებელი ბრინჯის და ბოსტნეულის მოყვანას ახერხებს. თავად მდინარე იმდენად მაღლდება, რომ არა მხოლოდ ქვედა სართული შეიძლება დატბოროს, არამედ ბოძები შეიძლება დაიშალოს.

Novate-ს ინფორმაციით, 1992 წლის ძლიერმა წყალდიდობამ არა მხოლოდ მოსავალი და სახლები წაიღო, არამედ ხალხიც დაიღუპა. როგორც 2020 წელს, როცა მთელმა მსოფლიომ ამ უნიკალური ქალაქის შესახებ გაიგოს. მსოფლიოს ახალი ამბები სავსე იყო დრონით გადაღებული სურათებით და ვიდეოებით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბევრი სახლი, მაღალი ბოძების მიუხედავად, წყლით დაიტბორა.

იმის მიუხედავად, რომ სანაპიროზე მდებარე სახლები მუდმივად იტბორება, მოსახლეობა ქალაქის დატოვებას არ ჩქარობს, მით უმეტეს, რომ წყალდიდობის შემდეგ ახალ უბნებში უფრო უსაფრთხო სახლები და კომფორტული ბინები შენდება.