6 ნივთი, რომელსაც მელამინის ღრუბელი უფრო გააფუჭებს, ვიდრე გაწმენდს

მელამინის ღრუბელი სახლის დასალაგებლად ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ნივთია და ამაზე არავინ კამათობს. და მაინც, ყველაფრის პანაცეას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, არასწორი გამოყენების შემთხვევაში ზედაპირს აზიანებს. Novate გიამბობთ, რომელი ნივთების გარეცხვა არ შეიძლება ამ საშუალებით, ასევე რამდენიმე წესსა და რჩევას გიზიარებთ, რომელიც მის გამოყენებას ეხება.

1. ქვის სამუშაო ზედაპირი

მელამინის ღრუბელი აბრაზიული მასალაა, ამიტომ მისი გამოყენება ნატურალური მასალის, კერძოდ ქვის გასაწმენდად არ შეიძლება. ქვის ზედაპირს დამცავ ფენას წამებში აშორებს, რომლის გარეშე მასალა ცვდება, იკაწრება და ფუჭდება.

ქვის სამუშაო ზედაპირის გასაწმენდად მიკროფიბრის სალფეთქი გამოიყენეთ. ის ღრუბელზე უფრო რბილი და დელიკატურია, ამიტომ ზედაპირს ვერ დააზიანებს. და მაინც, სალფეთქს წმენდის თვისებები არ აქვს, ამიტომ რაიმე სპეციალურ სპრეისთან ან გელთან ერთად გამოიყენეთ, რომელიც ქვის სამუშაო ზედაპირზე იზრუნებს და გარე „გამაღიზიანებლისგან“ დაიცავს.

ყურადღება მიაქციეთ: ქვის სამუშაო ზედაპირის გამწმენდი საშუალება შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. ამისთვის ¼ ჭიქა სპირტი, 3 წვეთი ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალება და წყალი აურიეთ. სწრაფი, მარტივი და ეფექტური.

2. ჭურჭელი ანტიმიწვის საფარით

ასეთი ჭურჭელი განსაკუთრებულ მოვლას და ყურადღებას მოითხოვს. ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფასა თუ ქვაბში საჭმლის მოსარევად მხოლოდ სილიკონის ან ხის ნიჩაბი უნდა გამოიყენოთ. აგრესიული აბრაზიული საშუალებით წმენდაზე საუბარიც არ ღირს. საფარი ადვილად იკაწრება, შედეგად, საჭმელი მიეკვრება. საერთოდ, ჭურჭელი საფრთხის შემცველი გახდება.

გირჩევთ, მელამინის ღრუბლის ნაცვლად ტრადიციული რეცხვა გამოიყენოთ თბილი წყლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. რაც შეეხება ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ანტიმიწვის საფარის მქონე ქვაბთან და ტაფასთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. თუ ჭურჭელი ძლიერ ჭუჭყიანია და იმწამსვე ვერ რეცხავთ, ლითონის საფხეკის გამოყენებაზე უარი თქვით. მცირე წყალში და საკვებ სოდაში ცოტა ხნით ჩაალბეთ, შემდეგ უბრალო ღრუბლით და სპეციალური სითხით გარეცხეთ.

3. უჟანგავი ფოლადი

გამძლე უჟანგავ ფოლადსაც სუსტი მხარე აღმოაჩნდა და მელამინის ღრუბელი ამით სარგებლობს. მის ზედაპირზე უშნო ნაკაწრებს ტოვებს, რომლის შენიღბვაც შემდეგ გაგიჭირდებათ. მაცივრის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის უჟანგავი ფოლადის დეტალებთან მეტი სიფრთხილე გმართებთ. რაც უნდა ფრთხილად იმოქმედოთ, ნაკაწრები მაინც დარჩება.

უჟანგავი ფოლადის ნივთების მოსავლელად სჯობს ამ მასალისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ. ის თითის და ცხიმის ზოლებს სრულად აქრობს.

4. ეკრანები

სმარტფონის, ნოუთბუქის, ტელევიზორის, კომპიუტერის, პლანშეტის ეკრანი მელამინის ღრუბელთან კონტაქტისას შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს. მას შეუძლია გაკაწვრა ან დამცავი საფარის დაზიანება, ამიტომ გარისკვა არ ღირს. გირჩევთ, საყოფაცხოვრებო მაღაზიაში ტექნიკის გამწმენდი სალფეთქი შეიძინოთ. ის უფრო ნაზია და ეკრანებს ჭუჭს დელიკატურად აშორებს. პროცედურის შედეგზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.

5. ავტომობილი

ავტომობილის ტანი სპეციალური დამცავი საფარით არის დაფარული, რომელიც მის წმენდას ამარტივებს და საღებავს იცავს. აქ, მელამინის ღრუბელი აშკარად ზედმეტია. გაიხსენეთ, რომ მელამინის ღრუბელი თავისი მოქმედებით ზუმფარას ქაღალდს ჰგავს. ახლა წარმოიდგინეთ, რა დაემართება ავტომობილის ტანს მასთან კონტაქტის შემდეგ. ღრუბელი დამცავ ფენას ადვილად აშორებს, საღებავამდე აღწევს და ამ შემთხვევაში შედეგი ნამდვილად არ გაგახარებთ.

ავტომობილის მოსაწესრიგებლად ყველაზე მარტივი გზაა ხელით რეცხვა სპეციალური ავტოშამპუნის და დიდი ღრუბლის გამოყენებით. თუ ძველ ლაქას ვერანაირი საშუალებით ვერ აშორებთ, მელამინის ღრუბელი პატარა ნაკვეთზე სცადეთ. არ გაგიტაცოთ და ზედმეტად არ გახეხოთ. ზედმეტი ძალისხმევა გვერდით შედეგებს გამოიწვევს.

6. მინა–კერამიკის ქურა

ბოლო დროს ჩაშენებული მინა–კერამიკის ქურა მოთხოვნადია, რადგან სწრაფად ხურდება, ნაკლებ ადგილს იკავებს და პატარა სამზარეულოსთვის იდეალურია. ასეთ ქურას ერთი დიდი მინუსი აქვს – მოსავლელად რთულია. მისი გარეცხვა არ შეიძლება, სანამ ზედაპირი სრულად არ გაგრილდება, მაგრამ ამ დროში ცხიმის ლაქა გამაგრებას ასწრებს. დიასახლისები მის მოსაშორებლად მელამინის ღრუბელს იყენებენ, მაგრამ შემდეგ წარმოქმნილ ნაკაწრებს შეშფოთებული უყურებენ. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: მინა–კერამიკის ქურა ლითონის ნეჭას, ბასრ დანას, ასევე აბრაზიულ საწმენდ საშუალებებს ვერ იტანს. მასზე მაქსიმალურად დელიკატურად უნდა იზრუნოთ.

ყველაზე მარტივია საყოფაცხოვრებო მაღაზიაში სპეციალური საწმენდი საშუალება და საფხეკი (კონსტრუნქციით საპარსს ჰგავს) შეიძინოთ. აღსანიშნავია, რომ საშუალება ძალიან ეკონომიურია, ამიტომ დიდხანს გეყოფათ. ეს მთელი უპირატესობა არაა. ის კირის ნადებს, ცხიმის ლაქებს, საკვების ნარჩენებს აშორებს, ასევე თხელ დამცავ სილიკონის ფენას ქმნის, რომელიც რეცხვის პროცესს ამარტივებს, საჭმლის დაგროვებას თავიდან გაცილებთ და ქურას შაქრის მაღალი შემცველობის სითხეებისგან იცავს.

რჩევები მელამინის ღრუბლის უსაფრთხოდ გამოსაყენებლად

  • მშრალი მელამინის ღრუბლის გამოყენება არ შეიძლება. გამოყენების წინ აუცილებლად დაასველეთ, რომ დაარბილოთ და ნაკაწრების წარმოქმნის ალბათობა შეამციროთ.
  • მოშორებულ ან შეუმჩნეველ ადგილებში დატესტეთ. ეს განსაკუთრებით ეხება შეღებილ კედელს და შპალერს, რომელმაც მელამინის ღრუბელთან კონტაქტის შემდეგ შეიძლება ფერი შეიცვალოს.
  • ხელთათმანები გაიკეთეთ, როცა ზედაპირს ღრუბლით წმენდთ. ის თხელი აბრაზიული მასალისგან არის დამზადებული, ამიტომ თითების ბალიშების კანს ხეხავს. მგრძნობიარე კანის მფლობელმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ხელებს დაზიანებისგან მხოლოდ ხელთათმანებით დაიცავთ.
  • მელამინის ღრუბლით გაწმენდისას ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინოთ. ნაზად გახეხეთ. ძლიერი ზეწოლა ზედაპირს კაწრავს, დამცავ ფენას აზიანებს და საღებავს შლის.