ღირს თუ არა ტროტუარის ფილების წარმოება სახლში. პირადი გამოცდილება შელამაზების გარეშე

დღეს შეგიძლიათ ბევრი მომგებიანი ბიზნეს იდეა იპოვოთ ავტოფარეხისთვის, სახლისთვის ან ეზოსთვის. ალბათ, ტროტუარის ფილების და ბეტონის სხვა ნაწარმის წარმოება ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა. ეს მარტივი საქმეა და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ისწავლოს, თუნდაც სამშენებლო განათლება არ ჰქონდეს. საქმე ისეთი მომგებიანია თუ არა, როგორც ამბობენ? Novate იგორის გამოცდილებას გიზიარებთ.

როგორ გაჩნდა იდეა

ბიძასთან მუშაობა და 1200 ხელფასი ყოველთვის შემოსავლის გაზრდაზე ფიქრს მაიძულებდა. ერთხელ ავივსე და შესაფერისი ბიზნეს იდეის ძებნა დავიწყე. ინვესტიციისთვის ბევრი ფული არ მქონდა, მხოლოდ 12 000 ლარი, ამიტომ ამ თანხით „ვიცეკვე“.

სადღაც ტროტუარის ფილების წარმოების ბიზნეს გეგმას გადავაწყდი. გათვლებით ყველაფერი ძალიან მომგებიანი იყო. ამისთვის 50 მ² ფართობი და ინსტრუმენტების მინიმალური რაოდენობა იყო საჭირო, რაშიც შედიოდა: ბეტონის შემრევი, ვიბრო მაგიდა, ჩამოსასხმელი მაგიდა და ფორმები.

ასეთი სიძლიერით 100 მ² ფილების წარმოება და თვეში 10 000 ლარს მიღება შესაძლებელი იყო. გამოთვლებით დადასტურებული იდეა მაცდური აღმოჩნდა და მისი განხორციელება გადავწყვიტე. მხოლოდ ტრენინგის გავლა და საქმის დაწყება მჭირდებოდა.

სწავლება და აღჭურვილობა

ინტერნეტში საინტერესო წინადადება ვიპოვე. პლასტმასის ფორმების ერთ–ერთი მწარმოებელი ბეტონისგან „მარმარილოს“ წარმოების ტექნოლოგიის სწავლების, აღჭურვილობის და ფორმების დაყენების პირობას იძლეოდა. ეს ყველაფერი 8 000 ლარი დაჯდა. ეზო, ავტოფარეხი და ფარდული მაქვს, სადაც წარმოების დაწყება შემეძლო, ამიტომ დრო არ გავწელე, მოწყობილობა შევუკვეთე და სასწავლებლად გავეშურე.

სწავლა მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა. ჯამში, 7 სახის ბუნებრივი ქვის მსგავსი ფილების დაგება ვისწავლე და ტექნოლოგია მთელი საიდუმლობებით მივიღე. ახლა მხოლოდ მოწყობილობას, საღებავებს, პლასტიფიკატორს უნდა დავლოდებოდი და ბედნიერების „გამოჭედვა“ დამეწყო.

დასაწყისი

2 კვირაში ინსტრუმენტები და ფორმები მოვიდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კარგად მომატყუეს. აღჭურვილობა ის თანხა არ ღირდა, რამდენიც გადავიხადე. ყველაფერი თხელი ლითონისგან იყო დამზადებული და ნაკლებად საიმედო იყო. უკვე ვერაფერს გავხდებოდი, იმით მუშაობა მომიწია, რაც მქონდა.

თანაშემწე ავიყვანე და შევუთანხმდი, რომ პირველ თვეს 850 ლარს გადავუხდიდი, შემდეგ გამომუშავებაზე. მუშაობა დავიწყეთ. პირველ დღეებში 20-30 მ² ფილების წარმოება დავიწყეთ, ერთ კვირაში – 50 მ²–ის. ჩემი ავტოფარეხისთვის ეს მაქსიმალური მოცულობის წარმოება იყო. როცა ეზოში დაახლოებით 350 მ² მზა ფილები დამიგროვდა, გაყიდვა გადავწყვიტე. ჩემი გათვლებით, ამ მოცულობით 2300 ლარი უნდა გამეკეთებინა. პირველი ორი კვირისთვის კარგი შემოსავალი იყო. ამ თანხით მასალის შეძენას და თანაშემწისთვის ხელფასის გაცემას ვგეგმავდი.

გაყიდვები ცუდად დაიწყო. კლიენტები გამოჩნდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობდნენ. ზოგს შორეულ უბანში მოსვლა არ სურდა, ზოგს მანიპულატორის დატვირთვა სჭირდებოდა, რომელიც, ბუნებრივია, არ მქონდა. ბევრი ადგილზე მიწოდებას და შეფუთვას ითხოვდა.

მოკლედ, ორ კვირაში მხოლოდ 3 ადამიანი მოვიდა და 27 მ² ფილა შეიძინეს. მიღებული თანხმა თანაშემწის ხელფასსაც არ ყოფნიდა. კვადრატულ მეტრ ფილებზე ფასი 8-10 ლარით დავაკელი და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდვები მცირედით გაიზარდა. პროცესი ნელა მიდიოდა და ეს წარმოების განვითარებას ხელს არ უწყობდა. ვფიქრობდი, ნორმალურ შენობაში უნდა გადავსულიყავი და საქმე წინ წავიდოდა!

სწრაფი დასასრული

100 მ² ფართობი ვიქირავე თვეში 600 ლარად, აღჭურვილობა გადავიტანე და საქმე განვაახლე. ახალ ადგილზეც გაყიდვები არ გაზრდილა. ხალხი მირეკავდა, მაგრამ რატომღაც არ მოდიოდნენ. მიზეზი იგივე: არაა დატვირთვა, მიწოდება, შეფუთვა. ამ ყველაფერს ფული სჭირდებოდა, რაც არ მქონდა.

ფილების არჩევანიც დიდი არ იყო. ლამაზია, მაგრამ არა ფუნქციური. აღმოჩნდა, რომ პრიალა ფილები დასველებისას სრიალებს, ხოლო აქტიური გამოყენებისას სწრაფად ირეცხება. ფერიც სწრაფად ქრება. ზუსტად ერთ თვეში ცვდება და გამჭვირვალე ხდება. ამის გამო პრეტენზიები წამოვიდა. კლიენტებს ბეტონის ფასში მარმარილოს შევპირდი, სანაცვლოდ კი ცუდად შეღებილი ბეტონი მიიღეს.

საბოლოოდ, აცივებამდე ვიმუშავე და დავხურე. ამ დროში შენობის ქირის და თანაშემწის ხელფასის ვალი დამიგროვდა. აღჭურვილობა, რომელიც ძლივს მუშაობდა, დამქირავებელს ვალში დავუტოვე. დარჩენილი ფილები იაფად გავყიდე და თანამშემწეს გავუსწორდი.

დასკვნა

ტროტუარის ფილების და ბეტონის სხვა ნაწარმის წარმოება წაგებული საქმეა. პატარა სახელოსნო ვერ აჯობებს ათეულობით მსხვილ საწარმოს, სადაც ფილების წარმოებაზე პროფესიონალები მუშაობენ. მათ აქვთ ყველაფერი: საბითუმო ფასად მასალები, მიწოდების და შეფუთვის სერვისები. დიდი სარეკლამო კამპანიები, რომელსაც პატარა ბიზნესი ერთი ბეტონის შემრევით ვერასდროს გაწვდება.

მითი, რომ ავტოფარეხში ფილების წარმოება მომგებიანი საქმეა, ფორმების, ინსტრუმენტების და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამყიდველებმა მოიგონეს. მათი ამოცანაა, ადამიანს იმედი მისცენ, რომელსაც მცირე კაპიტალით ბიზნესის დაწყება სურს, სანაცვლოდ ფული მიიღონ და ფორმების და აღჭურვილობის სახით ხარახურა გაყიდონ.

ბეტონის მარმარილოს ტექნოლოგია პრიმიტიულია და არ ღირს ის თანხა, რომელსაც ითხოვენ. თქვენ გქონიათ მსგავს ბიზნეს იდეა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!