გიზიარებთ პირად გამოცდილებას, რამდენს და რისთვის ვუხდით სამშენებლო კომპანიებს ზედმეტს

თუ სამშენებლო და სარემონტო საქმესთან შეხება არასდროს გქონიათ, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა: ხელოსანი განცხადებებით მოვძებნოთ თუ რემონტი კომპანიას შევუკვეთოთ? ჩვეულებრივ, არჩევანის გაკეთებისას არგუმენტები ასეთია:

  • კომპანია სანდოა, ხელშეკრულებას აფორმებს და გარანტიას იძლევა. მათთან განათლებული ინჟინრები და გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ. ყველაფერს ტექნოლოგიის შესაბამისად აკეთებენ და მათი სამუშაოს შემდეგ არაფრის გადაკეთება საჭირო არაა.
  • განცხადებებით ნაპოვნი ხელოსანი ხელშეკრულებას არ აფორმებს და მხოლოდ ზეპირ, არაფრით გამყარებულ გარანტიას იძლევა. ის შეიძლება თვითნასწავლი ან გაუნათლებელი გასტარბაიტერი იყოს და ყველაფერი უხარისხოდ და ტექნოლოგიის საპირისპიროდ გააკეთოს.

როგორც არ უნდა იყოს, ყველას საკუთარი მოსაზრება და არჩევანის უფლება აქვს. Novate გიზიარებთ ალექსანდრეს პირად გამოცდილებას, რომელმაც რემონტის შესასრულებლად კომპანია დაიქირავა. ნახეთ, რამდენი დახარჯა საბოლოოდ.

რატომ სამშენებლო კომპანია

„სულ რაღაც 4 მ² ფართობის ლოჯიას გარემონტება მჭირდებოდა. საქმე მოიცავდა:

  • იატაკის ამაღლება 8 სმ–ით (ბეტონის საფუძველი);
  • 4მ² ფართობზე კერამოგრანიტის დაგება (60*60სმ);
  • კედლის ორ ფერში შეღებვა (საერთო ფართობი 15 მ²);
  • გასაჭიმი ჭერის მონტაჟი 4მ² ფართობზე;

ხელოსნების ძებნა დავიწყე. ნაცნობები არ მყავდა, ამიტომ განცხადებებით ვეძებდი და ვრეკავდი. ვფიქრობდი, რომ ასობით განცხადებაა და რემონტთან დაკავშირებით პრობლემები არ შემექმნებოდა. ტელეფონზე მთელი დღის გატარების შემდეგ მივხვდი, რომ რემონტი 3-4 თვე გაიწელებოდა. ხელოსნები ან დაკავებულნი იყვნენ და 1 თვეში თავისუფლდებოდნენ, ან ასეთი პატარა მოცულობის რემონტი არ აინტერესებდათ. გამოდის, პატარა ლოჯია დიდ პრობლემად იქცა. ხელოსნებთან დარეკვა და დარწმუნება მომბეზრდა, ამიტომ მეზობლად სამშენებლო კომპანიაში წასვლა გადავწყვიტე.

გახურებული სეზონის მიუხედავად განცხადება მიიღეს და იმავე დღეს ასაზომად ხელოსანი გამოგზავნეს. ზომები აიღო და უკვე 1 საათში ხარჯთაღრიცხვა წარმომიდგინა. ფასი მაწყობდა და 2 კვირიან ვადაზე შევთანხმდით. მეორე დღეს საქმე დაიწყეს. წინასწარ გეტყვით, რომ მითითებულ ვადაში დაასრულეს და საქმე მყარ ოთხიანზე შეასრულეს. პრეტენზიები არ მაქვს.

რა ფასებია და რამდენად მეტს იღებენ კომპანიები

თუ ფასებს შევადარებთ, მაშინ გიამბობთ, თუ რამდენს ითხოვდნენ ყველა პოზიციის ხელოსანი განცხადებებიდან და რამდენი გადავუხადე კომპანიას. მხოლოდ სამუშაოს ფასს დავწერ, სამშენებლო მასალები არ შედის (მხოლოდ გასაჭიმი ჭერი):

  • იატაკის აწევა (8 სმ) და კერამოგრანიტის დაგება (4 მ²): ხელოსნები თავის საქმეში 350 ლარს ითხოვდნენ, კომპანიას 700 ლარი გადავუხადე.
  • გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება (4 მ²): ხელოსნები ითხოვდნენ 250 ლარს (2 სინათლის წერტილის დამონტაჟებაც შედიოდა). კომპანიას 400 ლარი გადავუხადე.
  • კედლის შეღებვა ორ ფენად (საერთო ფართობი 15 მ²): ხელოსნები ითხოვდნენ 150 ლარს, კომპანიას 270 ლარი გადავუხადე.

გამოდის, რომ ჩემს პატარა ლოჯიაში კომპანიას 620 ლარით მეტი გადავუხადე. პრაქტიკულად 2–ჯერ მეტი! თუ სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდებით, იცოდეთ, რომ განცხადებებით ნაპოვნ ხელოსანზე ორჯერ მეტის გადახდა მოგიწევთ. ეს რემონტს და მშენებლობას ეხება. ფასი უფრო მაღალია, მაგრამ „კომპანიის“ თანამშრომლებმა საქმე ოპერატიულად შეასრულეს და გასასაჩივრებელი დიდად არაფერი მქონდა. რაც მთავარია, შემსრულებლის პოვნაზე თავის ტკივილებს გადამარჩინეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. კომპანიას რაღაც პროფესიონალური ეთიკა მაინც აქვს. პატარა მოცულობის რემონტს არ გაურბიას. არ აცხადებენ, რომ თქვენი თეთრები არ აინტერესებთ, როგორც ეს ერთმა „ოქროს“ ხელოსანმა ტელეფონით საუბრისას მითხრა. წარმოიდგინეთ, ექიმს მიმართეთ, ის კი გეუბნებათ, რომ არ აინტერესებთ. როგორ იგრძნობთ თავს? კომპანიაში ძვირს გადაიხდით, მაგრამ პრობლემას მოაგვარებთ.