პრაქტიკული და ლამაზი: რა უნდა იცოდეთ პრიალა, თეთრი სამზარეულოს შესახებ

პრიალა, თეთრი სამზარეულო ყოველთვის დავას იწვევდა როგორც დიზაინერებს, ასევე აქტიურ მომხმარებლებს შორის. ყველა ერთ რამეზე შეთანხმდა: ძალიან ლამაზია, მაგრამ აბსოლუტურად არაპრაქტიკულია. Novate ეცდება ამ საკითხში გაერკვიოს, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გამოავლინოს. გთავაზობთ მაგალითებს, თუ რომელ ინტერიერშია ყველაზე ჰარმონიული პრიალა ზედაპირები.

1. უპირატესობები

ასეთ გარნიტურას ბევრი უპირატესობა აქვს. მათ შორისაა:

  • უნივერსალურობა. ავეჯი ნებისმიერ ინტერიერს ერგება იმის მიუხედავად, თუ რა ფერისაა კედელი, იატაკი, ჭერი, წინსაფარი და სხვა. დიზაინერს შეგიძლიათ არც მიმართოთ. თეთრი ფერი ყველა სხვა ფერს უხდება, მხოლოდ აქცენტების სწორად დასმა უნდა იცოდეთ, რომ ძალიან მოსაწყენი არ გამოჩნდეს.
  • ჩრდილების მრავალფეროვნება. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თეთრ ფერს ბევრი ელფერი აქვს. სხვათა შორის, პოპულარულ სკანდინავიურ ინტერიერში სტოკჰოლმის თეთრი გამოიყენება, რომელიც თეთრ საღებავში ნაცრისფერი და ყვითელი ფერების შერევით მიიღება.
  • დადებითი ზემოქმედება. თეთრი სისუფთავის და წესრიგის შეგრძნებას გვანიჭებს, განწყობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს, დიდხანს არ გვბეზრდება კაშკაშა ფერებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე ერთ წელში ანტიპათიას იწვევენ.
  • სივრცის გაფართოება. პრიალა ღია ზედაპირები სინათლეს ირეკლავს, ამით ოთახს ფართოს, მსუბუქს და ჰაეროვანს ხდის. დიდი სამზარეულოსთვის სასიამოვნო ბონუსია, ხოლო პატარასთვის, მაგალითად, ხრუშჩოვის ბინაში – ნამდვილი მხსნელი.

2. ნაკლოვანებები

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, გამოიყოფა შემდეგი:

  • მთლიანად თეთრი სამზარეულო საავადმყოფოს პალატას ჰგავს. ინტერიერი მოსაწყენი, ფერმკრთალი და ცოტა დამთრგუნველია. ამ საკითხის მოგვარება მარტივია – ატმოსფერო ფერადი აქცენტებით გააზავეთ. მაგალითად, მწვანე ფარდა დაკიდეთ, მის ფერში შესანახი კონტეინერები შეარჩიეთ და ღია თაროებზე დააწყვეთ, სკამებისთვის შესაფერისი ფერის ბალიშები შეიძინეთ და ა.შ.
  • თუ სამზარეულოში ფანჯარა სამხრეთ მხარეს გადის, დროთა განმავლობაში გარნიტურა გაყვითლდება. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი მასალა და სქელი ფარდა უნდა შეარჩიოთ.
  • პრიალა ზედაპირი ძლიერი ამრეკლავია, მასში განათება და ოთახის სხვა ობიექტები შეიძლება აირეკლოს. ხშირად, ეს გამაღიზიანებელია და ინტერიერს აფუჭებს.
  • უხარისხო საფარი სწრაფად იკაწრება, მასზე თითის ანაბეჭდები ჩანს. პრიალა გარნიტურა მტვერს უფრო იზიდავს, ვიდრე გლუვი.

3. რომელი მასალისგან შეიძლება პრიალა სამზარეულოს დამზადება

პრიალა თეთრი სამზარეულოს მფლობელები ამბობენ, რომ არასრულყოფილ მდგომარეობაშიც უფრო ლამაზად და უკეთ გამოიყურება, ვიდრე მუქი ან ფერადი ვარიანტები. მთავარია, სწორი მასალის ავეჯი შეარჩიოთ, ტექსტურა და სამომხმარებლო თვისებები გაითვალისწინოთ.

  • მდფ. საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი დაფა. მისი დამუშავება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით: შეღებვა, PVC ფირის ან აკრილის წასმა. მასალა მოთხოვნადია გამძლეობის, ლამაზი გარეგნობის, ასევე არა მხოლოდ სწორი, არამედ მომრგვალებული გარნიტურის შექმნის შესაძლებლობის გამო.
  • დსპ. დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული დაფა. პრიალა სამზარეულოში გამოყენებისას პლასტმასის ფენით ფარავენ და მინანქრით ღებავენ. გაითვალისწინეთ, რომ პლასტმასის კარი ტემპერატურის ცვლილების მიმართ მდგრადია, მაგრამ ბასრი ნივთების მიმართ მგრძნობიარეა ნაკაწრები სწრაფად აჩნდება, რაც კარადის სილამაზეს აუშნოებს. დაბალი ფასიდან გამომდინარე კარი შეგიძლიათ ისე შეცვალოთ, რომ ჯიბეს დიდი ზიანი არ მიაყენოთ.
  • ხე. ნატურალური მასალა ყოველთვის მდიდრულად გამოიყურება. თან საკმაოდ გამძლე და საიმედოა. მზად იყავით, რომ ხე იაფი სიამოვნება არაა. მას სპეციალური საშუალებებით განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

4. რომელ ინტერიერში გამოიყურება პრიალა სამზარეულო ჰარმონიულად? – ტრადიციულად ითვლება, რომ თეთრის მიმართ სამხრეთ ქვეყნების მაცხოვრებლები გულგრილნი არ არიან, ამიტომ პრიალა სამზარეულო ბერძნული და ესპანური სტილის ნაწილი ხშირად ხდება. ყველასთვის საყვარელი სკანდინავიური სტილიც, რომელიც ჩვენთან ჩრდილოეთ ქვეყნიდან შემოვიდა, თეთრი ფერის ბაზას იყენებს. როგორც ხედავთ, ასეთი სამზარეულო ბევრ სტილს უხდება. მთავარია, შესაფერისი მოდელი შეარჩიოთ და ლამაზი აქსესუარები შემატოთ.

ჰაი–ტეკი

ამ სტილის დახასიათება შეიძლება ერთი სიტყვით „ფუნქციური“. მკაფიო ხაზები, მკაცრი გეომეტრიული ფორმები, სიმარტივე და ლაკონურობა, თანამედროვე მასალები, მათ შორის მინა, პლასტმასი, ლითონი. ჰაი–ტეკი განათებას დიდ ყურადღებას უთმობს, ამიტომ ყველა შესაძლო პროჟექტორი, ლედ ზოლები, წერტილოვანი განათება გამოგადგებათ. გარნიტურაში სახელურები იშვიათად გამოიყენება – კარადა ტიპ–ონ მექანიზმის წყალობით მსუბუქი დაჭერით იღება. სამზარეულოში თეთრის და ლითონის კომბინაცია იდეალურია.

პროვანსი

ეს სტილი დახვეწილობასთან, ოჯახურ სითბოსთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება. სამზარეულოს გაფორმებისას თეთრი ფერი ჩვეულ „პროვანსულ“ ფერებში გააზავეთ. მაგალითად, ცისფერი, ღია მწვანე ან ლავანდისფერი. ტექსტილი არ დაგავიწყდეთ. ასეთ სამზარეულოში ფარდა, მაგიდის გადასაფარებელ, სკამის ბალიში აუცილებლად უნდა იყოს. წინსაფრის და კედლის გასაფორმებლად თემატური დიზაინი შეარჩიეთ: მინდვრის მცენარეები და ა.შ.

ლოფტი

ბაზად ეს ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ დიდი სამზარეულოს იღბლიანი მფლობელი ხართ. პატარა სივრცეში ლოფტი არ მუშაობს. სტილს ახასიათებს აგურის კედლები (დეკორატიული ფილები ან შპალერი შეგიძლიათ გამოიყენოთ), ღია ხის ან ლითონის თაროები, ორიგინალური სანათები, რეილინგები.სტილი გამოირჩევა მკაფიო ხაზებით, ფოლადის ფურნიტურით, რომაული ფარდებით, ჩაშენებული ტექნიკით და თანაბარი განათებით.  ასეთ ინტერიერში კომპრომისზე უნდა წახვიდეთ და თეთრი მხოლოდ სამზარეულოს ნაწილი, მაგალითად, ზედა კარადა გააკეთოთ. აი, ქვემოთ სჯობს მუქი ფერის გარნიტურა გამოიყენოთ, რომ გარემო უფრო ღრმა და საინტერესო გახდეს.

სკანდინავიური სტილი

ღია ფერის კედლები, იატაკი და ავეჯი, ვინტაჟური ნივთები, ფარდების არ ქონა, სიმარტივე და ბევრი მყუდრო დეტალი: ნაქსოვი პლედი, დაწნული კალათა და სასალფეთქე, ფუმფულა ხალიჩა. ასე შეგიძლიათ ყველასთვის საყვარელი სტილი დაახასიათოთ. ინტერიერი ბუნებრივი განათების გამო ღია, მსუბუქი, ჰაეროვანია. დეტალების სითეთრე გაზავებულია ხის მაგიდით, შინ ნაქსოვი ხალიჩით და ა.შ.

5. როგორ მოვუაროთ გარნიტურას

ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველას აწუხებს. სინამდვილეში, პრიალა თეთრი სამზარეულოს მოვლა სხვა ფერის სამზარეულოს მოვლისგან არ განსხვავდება. ერთადერთი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ: ლაქა გაჩენისთანავე მოაშორეთ, მის გახმობას არ დაელოდოთ. პრიალა ზედაპირი მელამინის ღრუბელს, ლითონის საფხეკს, აბრაზიულ საწმენდ საშუალებებს „ვერ ემეგობრება“, რადგან მათი გავლენით ზედაპირზე ნაკაწრები ჩნდება. გამაპრიალებელი პასტა და ცვილი გარნიტურას დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.