10 მყუდრო წვრილმანი, რომელიც მოსაწყენ ხრუშჩოვის ბინასაც თანამედროვე ბინად აქცევს

თქვენ შეიძლება ლამაზ და თანამედროვე ინტერიერზე წლები იოცნებოთ, მაგრამ შიშის გამო, რომ რემონტი ძვირი დაგიჯდებათ, არაფერი გააკეთოთ. ამ შემთხვევაში წვრილმანებით დაიწყეთ. ბინას ახალი სიცოცხლე რომ შთაბეროთ და უფრო აქტუალური გარემო შექმნათ, Novate რამდენიმე იდეას გთავაზობთ, რომლებიც ჩვეულებრივ ხრუშჩოვის ბინასაც მოდურ საცხოვრებლად აქცევს.

1. ღრუბლის დამჭერი – ჭურჭლის საწმენდი ღრუბელი ყოველთვის ბევრ პრობლემას იწვევს. მთავარი პრობლემა მისი შესანახი ადგილია. თუ ნიჟარაში ჩადებთ, სამზარეულოს გარეგნულ იერს გააფუჭებს, თუ ყუთში ჩადებთ, სველი გარემო ბაქტერიების გასამრავლებლად იდეალურ პირობებს შექმნის. ყველა პრობლემას სადგამი ან ღრუბლის დამჭერი მოაგვარებს. აირჩიეთ მოდელი, რომელიც ნიჟარის შიდა მხარეს ემაგრება – ამ შემთხვევაში ზედმეტი სითხე პირდაპირ მილში ჩაიწვეთება, არ დაგროვდება და მავნე მიკრობების გამრავლებას არ გამოიწვევს.

2. კედელზე დასაკიდი საპარსის დამჭერი – პირადი ჰიგიენის ნივთები ნიჟარაზე არ უნდა იდოს, რადგან ასე აბსოლუტური სისუფთავის დაცვა გაგიჭირდებათ. ეს განსაკუთრებით საპარსს ეხება, რომლისთვისაც ადგილი არასდროსაა. ხან ონკანის გვერდით, ხან კბილების ჯაგრისების ჭიქაში, ხან თაროზე ხვდება. კედელზე დასაკიდი დამჭერი პრობლემას მოაგვარებს: მარტივი, ხელმისაწვდომი და ფუნქციური. ასე მის შენახვას ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას შეძლებთ, საპარსს დაჟანგვისგან დაიცავთ, სააბაზანო ოთახს მოაწესრიგებთ და ვიზუალურ ხმაურს მოაშორებთ.

3. მრავალფუნქციური შემრევი – ახლა მოდაშია ნივთები, რომლებიც რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ. მაგალითად, თუ ჩაიდანში წყლის ადუღებას დიდხანს ელოდებით და პროცესის დაჩქარება გსურთ, შეიძინეთ შემრევი, რომელიც სადუღარს და წყლის ფილტრს მოიცავს. ასეთი მოდელი ცხელ წყალს მყისიერად მოგაწვდით და მტანჯველი ლოდინის გარეშე საყვარელი სასმელის გემოთი ისიამოვნებთ. მრავალფუნქციური შემრევი ლაკონურად, ელეგანტურად გამოიყურება და ნებისმიერ სამზარეულოს ერგება. კიდევ ერთი უპირატესობა: შემრევი ადგილს ზოგავს. მისი ქონის შემთხვევაში ჩაიდანი აღარ გჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ კარადაში საუკეთესო დრომდე შეინახოთ და საჭირო ტექნიკისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

4. “მცურავი“ თაროები – თაროები ყოველთვის უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი და უწონოა, ვიდრე კარადა და სტელაჟი, ამიტომ პატარა ბინებში ხშირად იყენებენ. დიზაინერები უფრო შორს წავიდნენ და გთავაზობენ ინტერიერს „მცურავი“ ან „უხილავი“ წიგნის თაროები შემატოთ. უფრო ლაკონურია, პრაქტიკულ და ესთეტიკურ ხასიათს ატარებს. სურვილის შემთხვევაში მთელი ბიბლიოთეკის გაკეთებას თავადაც შეძლებთ. „მცურავი“ თაროები დეკორის ელემენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

5. ლამაზი ჭურჭელი – ქარხნული შეფუთვები გამოყენების მხრივ კომფორტული არაა. გარდა ამისა, მოდური ინტერიერის გაფორმებაში ჩადებულ ძალისხმევას ანულებს, რადგან ინტერიერს აუფასურებს. გირჩევთ, შამმპუნი, ბალზამი, შხაპგელი გამოყენების შემდეგ კარადაში შეინახოთ ან დოზატორების და სხვა აქსესუარების ნაკრები შეიძინოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი ჭურჭელი სააბაზანო ოთახის სტილს უნდა იმეორებდეს ან ფერების სქემას ემთხვეოდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე მაღაზიებში დიზაინის, ფერების და მასალის ფართო არჩევანი გვაქვს, ამიტომ შესაფერის ვარიანტს მარტივად იპოვით.

6. თვითწებვადი ფირი – ბევრი ამ ნივთს სკეპტიკურად უყურებს, არადა მოსაწყენი ინტერიერის განახლება წამებში შეუძლია. მისი დახმარებით შეძლებთ განაახლოთ ტუმბოს, ტუალეტის მაგიდის, ნიჟარის მაგიდის, სამზარეულოს გარნიტურის ზედაპირები და ა.შ. ისეთი ფერი აირჩიეთ, რომელიც ინტერიერს იდეალურად შეავსებს, ძვირადღირებული და მდიდრული გამოჩნდება. ნატურალური მასალა იდეალური ვარიანტია. მაგალითად, მარმარილოს ან ხის ელფერი ბინას სასურველ ხიბლს შემატებს.

ყურადღება მიაქციეთ: თვითწებვადი ფირი სამზარეულოს წინსაფრის გასაფორმებლად გამოგადგებათ. თუ ძვირიან ფილებს ვერ ყიდულობთ, ფირით მისი მიბაძვა შეგიძლიათ. მთავარია, წარმატებული ორნამენტი იპოვოთ, რომელიც მოგეწონებათ.

7. მაგიდის ბუხარი – ალბათ, თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც ბუხარზე ოცნებობდა, რომელიც ინტერიერს სითბოს, მყუდროებას და ნამდვილი ჯადოსნობის შეგრძნებას შემატებდა. სამწუხაროდ, იაფი არ ღირს, ამიტომ ალტერნატივების პოვნა გვიწევს. სამწუხაროდ, სანთლები ცეცხლის ლამაზ ცეკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელსაც საათობით უყურებდით. გამოსავალი: მაგიდის ბიობუხარი. დიდ ადგილს არ იკავებს, გარემოსთვის უსაფრთხოა, როგორც ოთახს, ასევე ტერასას უხდება.

8. სადენების ორგანაიზერი – კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ინტერიერს აუფასურებს და ქაოსის შეგრძნებას ქმნის, თუნდაც სახლის დალაგება ახლა დაასრულეთ – სადენები. დამაგრძელებლის უსასრულო სადენები, რომლებიც ვიღაცას ყოველთვის ფეხებში ედება, უშნოა. დამატებით, სივრცეს ზღუდავს, რაც პატარა ბინაში მიუღებელია. მარტივი და სწრაფი ვარიანტი: შეიძინეთ სპეციალური ყუთი, რომელშიც შეინახავთ კაბელს, სადენს და ა.შ. ასე სადენებს ცნობისმოყვარე თვალებისგან დამალავთ და ვიზუალურ ხმაურს გააქრობთ, დამატებით სადენებს ტენიანობისა და მტვრისგან დაიცავთ, კარგ ვენტილაციას უზრუნველყოფთ. სახურავი შეგიძლიათ სხვადასხვა გაჯეტის დასადებად გამოიყენოთ.

9. არატრადიციული ფორმის სარკე – სააბაზანო ოთახსა და საძინებელში მხოლოდ ერთი სარკის გამოყენება კარგი იდეა არაა, რადგან მათი დახმარებით სივრცესთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება. სარკე ოთახს ვიზუალურად ზრდის, უფრო ნათელს, ჰაეროვანს და ფართოს ხდის. თუ სარკის ფორმას და ზომას არასწორად შეარჩევთ, სავალალო შედეგს მიიღებთ და სივრცე გადაიტვირთება. ტრადიციული სარკის ნაცვლად ყურადღება მიაქციეთ ბოლო წლებში პოპულარულ მოდელებს, რომლებიც რამდენიმე ელემენტისგან შედგება. ის სუფთად, აქტუალურად გამოიყურება და ინტერიერი ახალ დონეზე აყავს.

10. დასაკიდი ყვავილების ქოთნები – ბინა ოთახის მცენარეების გარეშე ცარიელი და უფერული ჩანს. სწორედ ამიტომ, მათზე უარი არ თქვათ და რამდენიმე მაინც შეიძინეთ, რომლებიც ჰაერს წმენდს და ოთახს მყუდროებას შემატებს. ტრადიციის თანახმად, ფანჯრის რაფაზე, თაროზე ან მაგიდაზე შეგიძლიათ დადოთ, მაგრამ გირჩევთ არასტანდარტული გზა აირჩიოთ: დასაკიდი ქოთნებით ვერტიკალური ბაღი შექმენით. ასე სხვა ნივთებისთვის ადგილს გაათავისუფლებთ (მაგალითად, ფანჯრის რაფა შეგიძლიათ სამუშაო მაგიდად გამოიყენოთ) და წარმოუდგენლად ლამაზ და ორიგინალურ ყვავილების კომპოზიციას შექმნით, რომელიც ინტერიერს დაამშვენებს.