შემოდგომის დეკორის 6 მარტივი ვარიანტი, რომელიც ინტერიერს სითბოს და მყუდროებას მატებს

შემოდგომაზე ყველაზე მეტად სითბო და მყუდროება გვსურს: არომატული კაკაოს დალევა ზეფირთან ერთად, ნაქსოვ პლედში გახვევა და სახლში ჯადოსნური ატმოსფეროთი ტკბობა. ოღონდ ამ უკანასკნელს ბინის გაფორმების გარეშე ვერ მიიღებთ. Novate გთავაზობთ სევდა მოიშოროთ, ხელსაქმით დაკავდეთ და შემოდგომის დეკორების მარტივი იდეები განახორციელოთ.

1. შემოდგომის თაიგული

ფოთლების თაიგული შემოდგომის ფერების შესანარჩუნებლად ყველაზე მარტივი გზაა. გაითვალისწინეთ, რომ კომპოზიციის შექმნამდე ფოთლები უნდა დააკონსერვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭკნება და ლამაზ გარეგნობას დაკარგავს. მიმზიდველობის და ელასტიურობის შესანარჩუნებლად რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

  • ცვილი. დაგჭირდებათ ღია ცვილი (პარაფინი), ძველი ქვაბი, რომელიც არ გენანებათ, ტანსაცმლის სამაგრები ან გასანთლული ქაღალდი. ცვილი რამდენიმე ნაწილად დაყავით, ჭურჭელში მოათავსეთ და გაზქურაზე დადგით. როცა მასალა გადნება, მასში თითო–თითო წინასწარ გამხმარი ფოთლები ამოავლეთ. სქელი ფენის მისაღებად პროცედურა 2–ჯერ გაიმეორეთ. ბოლო ეტაპზე ფოთლები ქაღალდზე დადეთ ან სამაგრით დაკიდეთ.
  • გლიცერინი. დაგჭირდებათ 2 ლ წყალი, 500 მლ გლიცერინი, უფერო და უსუნო ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ცარიელი კონტეინერი. ქვაბში წყალი ჩაასხით, მასში გლიცერინი გააზავეთ და 5 წვეთი სარეცხი საშუალება დაუმატეთ. ამის შემდეგ მიღებულ ნარევში ფოთლები ჩადეთ და 3-4 დღე გააჩერეთ. როცა ბუნებრივ მასალას ამოიღებთ, მისი ფერი უფრო კაშკაშა და გაჯერებული გახდება.

2. ბუხრის გაფორმება

თუ ბუხრის ბედნიერი მფლობელი ხართ, დროა გააფორმოთ. ფოთლების და ტოტების გირლანდი იდეალური ვარიანტია. მისი გაკეთება მარტივია: დამუშავებული ფოთლები ძაფზე, წვრილ მავთულზე ან სათევზაო ძაფზე დაკიდეთ. გირლანდის შექმნისას სხვადასხვა ფერის ფოთლები მონაცვლეობით გამოიყენეთ, რომ სასურველი ბალანსი მიიღოთ. ფოთლები რომ არ დააზიანოთ, ძაფს პატარა სამაგრით დაამაგრეთ. ჩვეულებრივ, ასეთი სამაგრები პოლაროიდის სურათების დასამაგრებლად გამოიყენება. სხვათა შორის, თუ უფრო მოცულობითი ან არომატული გირლანდების მომზადება გსურთ, ფოთლებთან ერთად ციტრუსის ხმელი ნაჭრები დაკიდეთ. მაგალითად, ფორთოხალი ან ლიმონი, ასევე რამდენიმე დარიჩინი გამოგადგებათ.მომზადების შემდეგ ბუხრის ქვეშ დაკიდეთ, როგორც ნაძვის ხის დეკორი. თავად ბუხრის თარო მწიფე ვაშლის, პატარა გოგრის და სანთლების კომპოზიციისთვის იდეალური ადგილია.

3. ფოთლების პანო

თუ მუზა გეწვიათ, არ გაუშვათ, სანამ შემოდგომის პანო ან ნახატი მზად არ იქნება. ეს ხელოვნების ნიმუში სითბოს, სიმშვიდის და მყუდროების ატმოსფეროს დახვეწილად გადმოსცემს. პანოს შესაქმნელად, რომელიც იდეალურად მოუხდება ოთახის ინტერიერს, სადაც გამჭვირვალე დეკორი არაა, დაგჭირდებათ წინასწარ გამხმარი ფოთლები, მუყაოს ან ფანერის ფურცელი, მაკრატელი, ბეწვა ხერხი, PVA წებო, ფუნჯი ან ღრუბელი, ფანქარი, აკრილის საღებავები.პირველ რიგში, ფანერის ფურცელი მოამზადეთ (სიგრძე და სიგანე თქვენი სურვილით შეარჩიეთ), შავი აკრილის საღებავით შეღებეთ. ამის შემდეგ წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობის ნეკერჩხლის ფოთლები შეარჩიეთ და კალმები მოაშორეთ. ფოთლები ფანერს მიამაგრეთ, ზედა ნაწილით დაიწყეთ. ბოლოებით ქვემოთ მოათავსეთ, რომ თავისუფალი ვარდნის ილუზია შექმნათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ რაც უფრო ახლოსაა პანოს ქვედა ნაწილი, მით უფრო ნაკლები ფოთოლი უნდა იყოს. მზა ნაწარმი მინით დაფარეთ, რომ ნამდვილი სურათი მიიღოთ. ხელოვნების ნიმუში სტუმრების მისაღებ ოთახში კედელს, ჟურნალის მაგიდას ან კონსოლს აუცილებლად დაამშვენებსშენიშვნა: თუ ფოთლების ნატურალური ფერი მომაბეზრებელი, მოსაწყენი ან შეუფერებელი გეჩვენებათ, შეღებეთ. ამ მიზნით აკრილის საღებავი, უბრალო ან დეკუპაჟის მარკერები გამოგადგებათ.

4. გოგრის დეკორი

თუ ფიქრობთ, რომ გოგრა დეკორად მხოლოდ ჰელოუინზე გამოგადგებათ, უნდა გითხრათ, რომ მას ინტერიერის დამშვენება მთელი შემოდგომა შეუძლია. მისი პოზიტიური ნარინჯისფერი მზეს ჰგავს, ნაცრისფერ გარემოს აფერადებს და სახლს დადებითი ემოციებით ავსებს. გოგრიდან შეგიძლიათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი გააკეთოთ. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

  • კაშპო. შესანიშნავი ლარნაკია საშემოდგომო ყვავილებისთვის ან ეგზოტიკური სუკულენტებისთვის. ინტერნეტში ნაპოვნი ფოტოები ამაში დაგარწმუნებთ. კაშპოს გაკეთება მარტივია. გოგრის თავი გადაჭერით, გული ამოიღეთ, ხავსით გაავსეთ და მცენარე შიგნით ჩადეთ.
  • ლარნაკი. გოგრა შეგიძლიათ როგორც ლარნაკი საშემოდგომო ყვავილებისთვის გამოიყენოთ.  იგივე მოქმედების პრინციპია, როგორც წინა პუნქტში, მაგრამ ხავსის ნაცვლად წყლით გაავსეთ. გამძლეობისა და კვებისთვის გოგრის შიგნით ცოტა რბილობი დატოვეთ, რომელშიც ღეროები და ტოტები ჩამაგრდება.
  • სასანთლე. ეს იდეა პირდაპირ ჰელოუინს უკავშირდება, თუმცა უფრო კეთილ და რომანტიკულ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც საოჯახო სუფრას შემოდგომის ხიბლს მატებს. ნაყოფის ყუნწი გადაჭერით და შიგნით ჩაღრმავება გააკეთეთ, რომ მინის ჭიქა სანთლით მოათავსოთ. თუ ხვრელში ცოტა ადგილი დარჩა, ხავსი და სუროს ტოტები სილამაზისთვის დაუმატეთ.

5. ხმელი ყვავილების თაიგული

გამხმარი ყვავილები თბილი და მყუდრო შემოდგომის ნამდვილი ანარეკლია და ამიტომ ხელნაკეთობის შესაქმნელად იდეალურია. სწორად გამხმარი მცენარე (კარგად განიავებული სხვენი, მტევნებით ქვემოთ) წლები ფორმას და ფერს არ დაკარგავს. შეგიძლიათ სხვა ფერში შეღებოთ, ერთ თაიგულად შეკრათ ფოთლებთან, დეკორატიულ მარცვლეულთან, სურნელოვან ბალახებთან ერთად და ა.შ. კომპოზიციის შესაქმნელად მინდვრის ან ბაღის ყვავილები გამოგადგებათ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლელქაშის, ბუჩქების, დეკორატიული ხახვის, გვიმრის, ისლის, ლერწმის ტოტები. მათთან კომბინაციაში კუნელის, კოწახურის, წინწკალას, ფიზალისის და ნეგოს ტოტები ძალიან ლამაზად გამოიყურება.

6. ვერტიკალური დაკიდება

ტრადიციული ჰორიზონტალური გირლანდები შეიძლება მომაბეზრებელი იყოს. აი, ვერტიკალურად დაკიდული ფოთლები და კვირტები მთელი წელი ინტერიერში ჰარმონიულად გამოიყურება. ასევე შეგიძლიათ ფოთლების ღრუბელი ან ცა გააკეთოთ. პირველ შემთხვევაში, ხმელი ფოთლები სხვადასხვა სიმაღლეზე დაკიდეთ, რომ მსუბუქი, რომანტიკული და ოდნავ გულის ამაჩუყებელი სურათი შექმნათ. კომპოზიცია ფანჯრის ზონას იდეალურად უხდება – განსაკუთრებით მაშინ, როცა „ფრიალებს“ ან ნიავი უბერავს.რაც შეეხება ფოთლების ცას, ასეთი დეკორი სასადილო ზონას მაგიდის ზემოთ მოუხდება. კიდევ ერთი ვარიანტი: საბავშვო საწოლის ზემოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ყველა ფოთოლი საიმედოდ დამაგრებულია.