ნივთები, რომლებიც თქვენს ბინას მყუდრო და მოდურ სტილს ართმევს

ზოგჯერ ყველაზე მყუდრო ბინაც ნივთებით ისე შეიძლება გადავავსოთ, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდეს. ვფიქრობთ, რომ ყველა ნივთი გვჭირდება. გადაგდება გვენანება, ვის ვაჩუქოთ არ ვიცით. პრობლემა იმაშია, რომ ყველაზე ძვირიანი და დასამახსოვრებელი ხარახურაც ინტერიერის სივრცეს ჭამს. Novate გიამბობთ, რომელ ნივთებს უნდა დაემშვიდობოთ, რომ სახლში მოდური ინტერიერი შექმნათ. დიახ, არ მოგესმათ, ვყრით უსარგებლო ნივთებს და სახლის ნივთების შესაძენად ფულს არ ვაგროვებთ. ვიმედოვნებთ, შთაგონებას იპოვით და სახლში სივრცეს ხარახურისგან განტვირთავთ.

მოდური ინტერიერი – სტატუეტები, ყველა შესაძლო სუვენირი, ინტერიერის ნივთი და ხარახურა ვიზუალურ ხმაურს იწვევს. მის მოსაშორებლად მხოლოდ ყველაზე ძვირფასი და ლაკონური აქსესუარები დატოვეთ. დანარჩენი დახურულ კარადაში ან საკუჭნაოში შეინახეთ.

დერეფანი და შემოსასვლელი – დავიწყოთ შემოსავლელი კარის ზღურბლიდან. როგორც წესი, ბინაში შესვლისთანავე ფეხსაცმლის ხალიჩაა დაგებული. ჭრელი ხალიჩა ერთფერიანი ვარიანტით ჩაანაცვლეთ. ღია ფერის ხალიჩაც არ გამოგადგებათ, რადგან ძალიან მალე საუკეთესო შემთხვევაში ნაცრისფერი გახდება. სასურველია, დახურული კომოდი ან პატარა კარადა გქონდეთ, სადაც ფეხსაცმელს შეინახავთ. ფეხსაცმელი, ბოტასი და ჩექმა სივრცის დამატებით მოცულობას იკავებს. როგორც კი, ფეხსაცმელს კარადაში დამალავთ, დერეფანი ვიზუალურად დიდი გამოჩნდება.

შემოსასვლელი ოთახი ხშირად საჭირო ნივთების ნამდვილი ნაგავსაყრელია. თაროები გავსებულია გასაღებებით, დამცავი ნიღბებით, ქვითრებით და ა.შ. გირჩევთ, ყველა ეს ნივთი ცალკე ლამაზ თავსახურიან ყუთში შეინახოთ. სასურველია, ერთფერიანი ყუთები სხვადასხვა პრინტის გარეშე შეარჩიოთ. ყუთებს ზემოდან შეგიძლიათ პატარა ოთახის მცენარე ან საყვარელი პარფუმის ფლაკონი დაადოთ.თუ დერეფანში ღია კარადა საკიდებით გაქვთ, მასში მხოლოდ სეზონური ტანსაცმელი შეინახეთ. ყველაფერი, რასაც ამ სეზონზე არ იცვამთ, სხვა კარადაში შეინახეთ. ასე ბინაში ზედმეტი რამ ნაკლებად გამოჩნდება და თქვენთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება.

სააბაზანო ოთახი – ადამიანების უმეტესობას სააბაზანო ოთახისთვის ბრჭყვიალა ფარდის და ფერადი ხალიჩის ყიდვა უყვარს. არ დაგავიწყდეთ, რომ ოთახი სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებების ბოთლებით და კრემებით სავსეა. პირველ რიგში, ნახატებიანი ფარდა მოიშორეთ. ისეთი ფერი შეარჩიეთ, რომელიც სააბაზანო ოთახის ინტერიერში ყველაზე მეტად ჭარბობს. თხევადი საპონი, შხაპგელი და შამპუნი ერთფერიან დოზატორიან ბოთლებში გადაიტანეთ. პატარა ნივთები დახურულ კარადაში შეინახეთ.

ერთი ვარიანტი: ჭუჭყიანი თეთრეულისა და სხვა ნივთებისთვის დაწნული კალათები შეიძინეთ. ეკონომიური ვარიანტი: მყარი მუყაოს უბრალო ყუთი, რომელიც სარემონტო განყოფილებებში იყიდება. ფერადი პირსახოცის და ხალიჩის ნაცვლად თეთრი, ნაცრისფერი ან კრემისფერი ვარიანტი შეარჩიეთ.

სამზარეულო – სამზარეულო ხარახურით გადავსებულ ოთახებს შორის საპატიო პირველ ადგილზეა. სხვადასხვა ნაკრების თეფშები და ჭიქები, ფერადი გადასაფარებელი, მილიონი მაგნიტი თითოეული მოგზაურობიდან. ეცადეთ, რომ ყველა სამზარეულოს ნივთი, რომელსაც ხშირად იყენებთ, ერთ ფერში იყოს. სხვა დანარჩენი სამზარეულოს უჯრებსა და კარადაში შეინახეთ. ასევე გირჩევთ, ერთი ფერის პირსახოცი და ქურის ხელთათმანი შეიძინოთ. ჩვეულებრივ, მაცივარი ფოტოებით, მაგნიტებით და სტიკერებით სავსეა.

მისაღები ოთახი – მისაღებ ოთახში აუცილებლად დამალეთ ყველა ნივთი, რომელიც უბრალოდ სივრცეს იკავებს. იგულისხმება  ორასი ფოტო, ათასი საყვარელი სათამაშო და ყოველგვარი სუვენირი. იგივე ყუთი გამოიყენეთ, როგორც დერეფანში, ან იქ გადაიტანეთ, სადაც არ გამოჩნდება. სჯობს ოთახი მსხვილი დეკორატიული სანთლებით და ცოცხალი მცენარეებით გააფორმოთ. ასე ოთახს სილამაზეს და მყუდროებას შემატებთ. იდეალურია, თუ ერთი და იმავე ფერის ქოთნებს გამოიყენებთ.

საძინებელი – ყოველგვარი ლომის და ლეოპარდის ნახატები საძინებელ ოთახს დაუყონებლივ მოაშორეთ. სტილისტები გირჩევენ, რომ თეთრეულის კომპლექტი შეიძინოთ. სასურველია, რამდენიმე კომპლექტი ასარჩევად გქონდეთ. თუ გეშინიათ, რომ საძინებელი მოსაწყენი გახდება, ინტერიერს დეკორატიული ბალიშები და პლედი შემატეთ. რა თქმა უნდა, საყვარელი მცენარე არ დაგავიწყდეთ. ოთახის მცენარე ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს, თუმცა გადაჭარბება არ ღირს.

იპოვეთ შთაგონება, რომ თქვენი საცხოვრებელი მცირედით შეცვალოთ? მაშინ საქმეს შეუდექით.