ძველი უჯრიდან გააკეთეთ ნივთი, რისთვისაც თქვენი კატა მადლიერი დარჩება

რას არ გააკეთებთ ფუმფულა მეგობრის კომფორტისთვის? სასარგებლო კვების ორგანიზება, სათამაშო ადგილის და მუდმივი დასასვენებლი კუთხის მოწყობა – ეს მოსიყვარულე მფლობელის ყველა საზრუნავი არაა. უმეტესობა მათგანი ცდილობს, რომ შინაური ცხოველისთვის სპეციალური დასასვენებელი და საძილე ადგილი შექმნას. როგორც აღმოჩნდა, ამისთვის ზოომაღაზიაში წასვლა და ძვირადღირებული საწოლის, დივნის ან სახლის ყიდვა აუცილებელი არაა, რომელიც ხშირად ხელუხლებელი რჩება, რადგან პრეტენზიულ კატას არ მოსწონს. სხვა საქმეა, როცა საქმეს ხელს მფლობელი კიდებს და მისი „კონტროლის“ და უშუალო მონაწილეობით რაღაც განსაკუთრებულს ქმნის.

ზოომაღაზიაში საწოლის, დივნის და სახლის საოცარი მოდელები გვიზიდავს, მაგრამ ყიდვა არ იჩქაროთ. მით უფრო ფასი არადემოკრატიულია და ფაქტი არაა, რომ ფუმფულა ცხოველი მასში დაიძინებს.ფუმფულა ცხოველისთვის კომფორტული საძინებელი თავად რომ გააკეთოთ, ცოტა დრო გამოყავით და აივანს, საკუჭნაოს და ავტოფარეხს გადახედეთ. ყოველი შემთხვევისთვის გადანახულ ნივთებს შორის აუცილებლად იპოვით საღებავის და ლაქის ნარჩენებს, ძველ გამოსაწევ უჯრას, პოროლონის ნაჭერს და რბილ ქსოვილს (თუ არა, შეიძინეთ), ფითხს, რამდენიმე ფუნჯს ან ლილვაკს. ეს ნაკრები საკმარისია, რომ კომფორტული საწოლი შექმნათ, რომელიც კატას ნამდვილად მოეწონება და ინტერიერს იდეალურად მოერგება.

თავდაპირველად, გამოსაწევი უჯრა სათანადო ფორმაში მოიყვანეთ. თუ ზედაპირი ძალიან გაცვეთილია ან ლაქის სქელი ფენით დაფარულია, კარგად გახეხეთ. უჯრის დეტალებად დაშლა არ ღირს. მთავარია, ხარისხიანად გაწმინდოთ და ყველა ბზარი და ხვრელი ფითხით ამოავსოთ მნიშვნელოვანია! მასალა გასაშრობად გააჩერეთ, რომ ფენა არ დაიშალოს. არ დაგავიწყდეთ, შეფითხნულ ზედაპირს გაპრიალება სჭირდება, რომ საღებავის წასმის შემდეგ ესთეტიკურად მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ამ მიზნით წვრილმარცვლოვანი ზუმფარის ქაღალდი გამოგადგებათ. ამის შემდეგ უჯრის ყველა მხარე სველი, მაგრამ კარგად გაწურული სალფეთქით/ღრუბლით გაწმინდეთ.

ახლა უჯრის შეღებვაზე გადადით. Novate შეგახსენებთ, რომ ამ მიზნით აკრილის საღებავი საუკეთესო არჩევანია, რადგან სწრაფად შრება და ოჯახის წევრებს და ცხოველებს მძაფრი სუნით არ მოწამლავთ. დამატებით, აკრილის საღებავი გამოყენებაში მავნე ნივთიერებას არ გამოყოფს, ანუ უსაფრთხოა.

საღებავის ფერი იმ ოთახის ინტერიერის მიხედვით შეარჩიეთ, სადაც საწოლის დადებას აპირებთ. ასე ჰარმონიას არ დაარღვევთ. უჯრა მიგანიშნებთ, თუ რამდენი ფენა საღებავი უნდა წაუსვათ. ამ საკითხში ყოველი ფენის შემდეგ მიღებული შედეგით იხელმძღვანელეთ. მას შემდეგ, რაც საღებავი გაშრება, უფერო ლაქი გადაუსვით, რომელიც საფარის გამოყენების ვადას გაზრდის.

ყუთი მზადაა, ახლა რბილი და თბილი ლეიბი შეკერეთ. მინიმუმ 5 სმ სისქის პოროლონის ნაჭერი გამოგადგებათ (თუ მხოლოდ თხელი მასალა გაქვთ, რამდენიმე ფენა გამოიყენეთ). ყუთის ძირის ზომის ნაჭერი გამოჭერით.

ახლა გადასაკრავი გააკეთეთ. თუ საჭირო ფერის და ტექსტურის ნაჭერი საშუალებას გაძლევთ ლეიბის საფარის ან ბალიშისპირის პრინციპით შეკერეთ. თუ არა შალითას გაკეთება მოგიწევთ.

ქსოვილის გადაჭრისას პოროლონის სიმაღლე და გადაკეცვის სიგანე (მინიმუმ 10 სმ თითოეული მხრიდან) არ დაგავიწყდეთ. ქინძისთავებით კუთხეები დაამაგრეთ, შემდეგ საკერავი მანქანით ან ხელით გაკერეთ. მასალის ნარჩენები მოაჭერით, რომ არ აიბურძგნოს და შალითა არ გაჭედოს. ამის შემდეგ გადააბრუნეთ და პოროლონს ჩამოაცვით.

მხოლოდ ერთი ლეიბი საკმარისი არაა, რომ კატამ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. რბილი გვერდებიც შეუკერეთ. მისი სიმაღლე ყუთის გვერდითა და უკანა ნაწილების სიმაღლით განსაზღვრეთ, 2–ზე გაამრავლეთ, 2-3 სმ გასაკერად მიუმატეთ და გრძელი ზოლი გამოვა, რომლისგანაც „მილი“ უნდა შეკეროთ. მილის ერთი ბოლო გაკერეთ და გადააბრუნეთ, კუთხეების გასწორება არ დაგავიწყდეთ. ახლა „მილი“ რბილი მასალით გაავსეთ. მაგალითად, პოროლონის ნაჭრით, სინტეპონით, ძველი ქურთუკის/პალტოს ჰოლოფაიბერით ან ნებისმიერი სხვა შემავსებლით, რომელიც სახლში გაქვთ.

თავისუფალი ბოლოც გაკერეთ და ლეიბის გარშემო დადეთ. ესეც ასე, კომფორტული საწოლი შინაური ცხოველისთვის მზადაა.