11 კვადრატული მეტრის სტუდიოს ბინა ან როგორ გადააკეთოთ ოთახი კომუნალურ სახლში

ახალგაზრდები, რომლებიც მეგაპოლისებში სამსახურის საძიებლად ან სასწავლებლად ჩამოდიან, საცხოვრებლის პოვნის პრობლემებს აწყდებიან. ასე მოხდა ნიკოლოზის შემთხვევაში, რომელიც მინსკში (ბელარუსია) საყვარელი საქმის გასაკეთებლად გაემგზავრა. ნაქირავებ ბინებში ცხოვრების შემდეგ შეუხედავ კომუნალურ კორპუსში 11 მ² ოთახის ყიდვა გადაწყვიტა. ოთახი ისე მოაწყო, რომ თანამედროვე და კომფორტული სტუდიოს ტიპის ბინა გამოვიდა.

ძალიან ცოტა ადამიანს უმართლებს, რომ მშობლებისგან წამოსვლის შემდეგ საკუთარი საცხოვრებელი შეიძინოს. უფრო ხშირად, მშობლიური ბუდიდან დიდ ქალაქში გადასვლისას ახალგაზრდები ნაქირავებ ბინებში/ოთახებში ცხოვრობენ, რომლის ქირის ფასიც შემოსავლის დიდ ნაწილს „ჭამს“. მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაწყვიტა ახალგაზრდამ ბედის ცდა, ევროპის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის დედაქალაქში. გამონაკლისი არაა ნიკოლოზი, რომელიც სოფლიდან მინსკში უკეთესი ცხოვრების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის საძიებლად ჩამოვიდა.

თავდაპირველად, ახალგაზრდა მამაკაცი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ავეჯის წარმოებაში მუშაობდა. ცოტა ფულის დაგროვების შემდეგ, დაყოფილ ბინებსა თუ კომუნალურ სახლებში ოთახის შესაძენად ვარიანტებს ძებნა დაუწყო. რა თქმა უნდა, ბინა უფრო კეთილმოწყობილი იყო, მაგრამ არ სურდა ჩასახლება სხვა ოჯახთან, რომელსაც უსიამოვნო გარემოების გამო ქონების გაყოფა მოუწია. სწორედ ამიტომ, მხოლოდ კომუნალური ბინები დარჩა, რომელიც დედაქალაქის გარეუბანში მდებარეობდა და სავალალოდ გამოიყურებოდა.

ასე აღმოჩნდა სეროვის მიკრორაიონში, ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ, რომლის ბინების უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში დანგრევის გეგმაშია. მანამდე კომუნალური ბინები საკმაოდ მოთხოვნადია ჩამოსულებს და იმ ადამიანებს შორის, ვინც თავის დროზე ბინა ვერ მიიღო. ერთ–ერთ ოთხსართულიან სახლში, რომელიც მხოლოდ კომუნალური ბინებისგან შედგება, თითოეულში 6 ოჯახი ცხოვრობდა, ნიკამ პატარა 11 მ² ფართობის ოთახი იყიდა.

შეძენილი უძრავი ქონების შემხედვარე იმის თქმა, რომ საცხოვრებლად აბსოლუტურად უვარგისი იყო, ნიშნავს არაფერი ვთქვათ. უფრო მეტიც, აშენების შემდეგ რემონტი თვალით არ ენახა, ცხელი წყლის კომუნიკაციებთან დაკავშირებული არ იყო. საბედნიეროდ, გათბობა და ცივი წყლით ოთახის მომარაგება შესაძლებელი იყო, რადგან მაცხოვრებლებმა დაგეგმარება განაახლეს და ბოილერები დააყენეს (თითოეული თავის ოთახში).

ამან ნიკოლოზის ამოცანა გაამარტივა, რადგან ოთახის სრულად გადაკეთება გადაწყვიტა. ლინოლეუმის აყრის შემდეგ ნახა, რომ ხე და მორებიც მთლიანად დამპალი იყო. ახალგაზრდას გადახურვის მთლიანად დაშლა მოუწია, საიდანაც სინესტეს და აუტანელი ობის სუნი მოდიოდა. ასეთივე ბედი კედლებს ეწია. კედლებზე ძველი ბათქაში უნდა მოეშორებინა, ჭერი გაეწმინდა, ელექტროსადენები, წყლის და კანალიზაციის მილები თავიდან გაეყვანა, რადგან ოთახში საშხაპე კაბინის და საკუთარი სამზარეულოს ზონის მოწყობა გადაწყვიტა. ასევე გათბობის რადიატორის გამოცვლა მოუწია, რომელიც წვეთავდა. აი, ორმაგი მინა და რკინის კარი წინა მეპატრონისგან მიიღო.

იატაკის დაგების, გათბობის და კედლების გასწორების შემდეგ გასაჭიმი ჭერის გაკეთება გადაწყვიტა, რომელიც პატარა ოთახს უფრო გაანათებდა და დაუდევარი მეზობლის დატბორვისგან დაიცავდა.ახალგამომცხვარ ბინის მფლობელს მაქსიმალური კომფორტის შექმნა სურდა, ამიტომ ვენტილაციის ორგანიზება მოუწია, რადგან საშხაპე კაბინა და სამზარეულო მაღალი ტენიანობით გამოირჩევა. ამისთვის ყუთი დაამონტაჟა, ვენტილატორი დააყენა და ფანჯრის ღიობიდან მილი ქუჩაში გაიტანა.

იმის წყალობით, რომ ახალგაზრდა ავეჯის საწარმოში მუშაობდა, მხოლოდ მასალის შეძენა მოუწია, ხოლო გათვლები და დეტალების დაჭრა საამქროში თავად განახორციელა. ასე ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ რემონტის დრო გაიწელა, რადგან ყველაფერს სამსახურის შემდეგ და დასვენების დღეებში დამოუკიდებლად აკეთებდა. როგორც ნიკოლოზი აღიარებს, ყველაზე მეტი პრობლემა ფართობის დაყოფა და ავეჯის განაწილება იყო. როგორც არ უნდა იტრიალოთ, 11 კვადრატი მცირე მოცულობაა, თუ სრულყოფილ ბინად გადააკეთებთ. ახალგაზრდამ პროექტი არაერთხელ შეცვალა და ავეჯი გადააკეთა, თან ბოლო ეტაპზე. ხან კედელი 10 გრადუსით შიგნით დახრილი იყო, ხან ტექნიკა არ შეეფერებოდა, ხან კუთხე ირიბი იყო და დივნის მჭიდროდ მიდების საშუალებას არ იძლეოდა.

როგორც არ უნდა იყოს, ენთუზიასტმა სრულყოფილი სამზარეულოს ზონა მოაწყო, სადაც მოათავსა: კუთხური ავეჯი ტუმბოებით, დაკიდული კარადა და სამუშაო ზედაპირი, კარადა–პენალი, პორტატული ელექტროქურა, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, სრული ზომის ორკამერიანი მაცივარი, ნიჟარა–ხელსაბანი, რომელიც როგორც ხელის დასაბანად, ასევე ჭურჭლის გასარეცხად არის განკუთვნილი, ასევე გათვალისწინებულია ონკანი სასმელი წყლის ფილტრით. აქვე მდებარეობს საშხაპე კაბინა, ელექტრობოილერი წყლის გასაცხელებლად, და სარეცხი მანქანა.

სამზარეულო საცხოვრებელი ზონისგან გამოყოფილია ავეჯის ნაწილით და დსპ ფიცრის ტიხრით, რომ ძვირფასი სივრცე არ დაეკარგა. ოთახის ამ ნაწილში მდებარეობს გასაშლელი დივანი–საწოლი, ტანსაცმლის კარადა ჭერამდე, მაგიდა–ტრანსფორმერი, რომლის გამოსაწევი ნაწილი სასადილო მაგიდას ქმნის. ავეჯი ნიკოლოზმა თავად გააკეთა, ამიტომ ეს ნაწილი ისე გააძლიერა, რომ 35-40 კგ დატვირთვას მარტივად გაუძლებს.

აი, ვერტიკალური ზედაპირები მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, რაც ბინაში საყვარელი გოგო გაჩნდა, რომელსაც კოსმეტიკის და სხვადასხვა ნივთების შესანახად ადგილი სჭირდებოდა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეყვარებული წყვილი, ნიკოლოზი და ქეთი, ახლა განახლებულ ოთახში ერთად ცხოვრობენ. როგორც ირწმუნებიან, სივიწროვის მიუხედავად ნივთების შესანახად ადგილი ყოფნით. ჯერჯერობით ყველაფერი აკმაყოფილებთ, იპოთეკის ქსელში გაბმას არ აპირებენ, არამედ გასაფართოებლად ფულს აგროვებენ, რადგან მთელი ცხოვრების გატარებას თანამედროვე, მაგრამ პატარა სტუდიოში არ აპირებენ.

საინტერესო ფაქტი Novate-გან: ოთახის სრული რეკონსტრუქცია 1000 დოლარზე მეტი დაჯდა. ამაში არ შედის ავეჯის, ტექნიკის, მოწყობილობის და წლის შრომის ხარჯი. სწორედ ამდენი დახარჯა ახალგაზრდამ  ოთახის რემონტსა და მოწყობაზე. თუ დაუმატებთ იმას, რომ ყველა სამუშაო თავად, სხვების დახმარების გარეშე შეასრულა (მინიმუმ 2,5 ათასი დოლარის ეკონომია), შეიძლება ითქვას, რომ სახლის გარემონტება არც ისე იაფი დაჯდა.