საბჭოთა ხალხის ჩვევები, რომელთა გაგება თანამედროვე თაობას გაუჭირდება

თითოეულ ერს, ქვეყანას თუ ეპოქას საკუთარი ტრადიციები, კანონები და ჩვევები ახასიათებს. ადამიანები, რომლებიც საბჭოთა პერიოდის დროს ცხოვრობდნენ, ამ მხრივ არ განსხვავდებიან. ჩვენ დროში მათ ჩვევას ბევრი ვერ გაიგებს და შეიძლება საკმაოდ უცნაურად და აბსოლუტურად უაზროდ ჩათვალოს, თუმცა ზოგიერთი ჩვევა შეიძლება გონივრული იყოს. Novate გიამბობთ, თუ რომელი ჩვევების გაგება გაუჭირდება თანამედროვე თაობას.

1. ჭურჭელი სერვანტში განსაკუთრებული შემთხვევებისთვის

როგორც წესი, ამ კატეგორიას ბროლის ჭურჭელი მიეკუთვნებოდა. სასალათე, ფუჟერი, ბოკალი, სირჩა და ბევრი სხვა ჭურჭელი ფაიფურის სტატუეტებთან ერთად სერვანტის თაროებზე, მინის უკან დალაგებული იყო. მათ იშვიათად იყენებდნენ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ძირითადად, სილამაზისთვის ან სტუმრებთან თავის მოსაწონებლად ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ იმ დროს ბროლის პოვნა ადვილი არ იყო, თან ძვირი ღირდა. სწორედ ამიტომ, ყოველდღე არ იყენებდნენ. წელიწადში ზუსტად 2–ჯერ ჭურჭელი სერვანტიდან გამოჰქონდათ, რეცხავდნენ, აშრობდნენ და კვლავ კანონიერ ადგილას აბრუნებდნენ.

2. საკუჭნაო ან მაინც აივანი

ვერ ვიტყვით, რომ საბჭოთა ხალხი უწესრიგო იყო, მაგრამ ფაქტია, რომ აივანზე ბევრი ძველი და ხშირად უსარგებლო ნივთი ინახებოდა. აქ, ყველაფერს იპოვიდით, მაგალითად, ძველ ჩუსტებს, რომელსაც უკვე 5 წელია არავინ იცვამს. საქმე იმაშია, რომ ხალხი ცდილობდა არაფერი გადაეყარა. ბევრი ნივთის შეძენა რთული იყო, ამიტომ „ყოველი შემთხვევისთვის“ ინახავდნენ. იმ დროს მამაკაცებს თითქმის ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება შეეძლოთ. ყველას ჰქონდა ინსტრუმენტების ნაკრები როზეტის გამოსაცვლელად, ონკანის შესაკეთებლად, ავეჯის ასაწყობად. სწორედ ამიტომ, ძველ, თუნუქის ქილებში ხრახნებს, ჭანჭიკებს, ლურსმნებს აგროვებდნენ და აივანზე ინახავდნენ. ეს ახლაა, რომ ყველაფერზე ხელოსანს იძახებენ, ადრე თავად აკეთებდნენ.

3. ყველაფრის შეკეთებას ცდილობდნენ და არ ყრიდნენ

ჩვენ დროშიც ყველაფერს სანაგვეზე არ ვუშვებთ. თუ მაცივარი, სარეცხი მანქანა, კომპიუტერი და ა.შ. დაზიანდა, ხელოსანს ვიძახებთ. ალბათ, ეს ყველაფერია, რაც ახლა რემონტდება. სწორედ ამიტომ, ყველაფრის შეკეთების ჩვევა, დაწყებული წინდებით და დამთავრებული ფეხსაცმლით, უცნაური გვეჩვენება. ფიქრობთ, რა მოხდა, თუ წინდა გაირღვა, რამდენიმე ახალ წყვილს ვიყიდი. საბჭოთა პერიოდში ნივთებს უფრთხილდებოდნენ და მნიშვნელობა არ ჰქონდა ტანსაცმელი იყო თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამის სწავლა ღირს.

4. საკვების მიღება

იმ დროს ჭამის კულტი არ არსებობდა, მაგრამ დეფიციტი იყო და შიმშილის შესახებ მოგონებები დღემდე შემორჩა. სწორედ ამიტომ, ადამიანები კარგად ნაყრდებოდნენ. სადილი, რომელიც 3 კერძისგან შედგებოდა, აუცილებლად პურთან ერთად, ნორმა იყო. თეფშზე ერთი ნამცეციც არ უნდა დარჩენილიყო. ხალხს სიმსუქნე არ აწუხებდა. საქმე არა მიღებული საკვების რაოდენობაში, არამედ ნატურალურ პროდუქტში იყო. ახლა პროდუქტებში ქიმიური ელემენტების სრული ნაკრები და მინიმალური სასარგებლო ნივთიერებები გვხდება.

5. პარკების გარეცხვა

სსრკ–ს დროს პარკების გარეცხვა, გაშრობა და ხელმეორედ გამოყენება ნორმალური იყო. გულწრფელი რომ ვიყოთ, ზოგიერთი დღემდე ასე იქცევა, თუმცა ამის აუცილებლობა აღარაა.

6. ნივთების მომარაგება

იმ დროს ხალხი ნივთებს იმარაგებდა. ფქვილი, შაქარი, მარილი, მარცვლეული, სანთელი ყოველი შემთხვევისთვის ბევრი რაოდენობით იყიდებოდა. ახლა ამის აუცილებლობა არაა, რადგან ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მაღაზიაში წახვიდეთ და იყიდოთ ის, რაც გჭირდებათ.

7. ძველი ნივთები

თანამედროვე ქალი დაუყონებლივ ყრის ნივთს, რომელიც გაიხა ან გაუფერულდა. აი, საბჭოთა პრიოდში მის აღდგენას ცდილობდნენ. მაშინაც კი, თუ შესაკეთებელი არაფერი იყო, ტანსაცმელს ჩვრად იყენებდნენ. ყველაფერი სწორია, რაღაცით ხომ მტვერი უნდა გაეწმინდათ, იატაკი მოეწმინდათ, მაგიდიდან ნამცეცები აეღოთ და ა.შ.

კოლგოტი საერთოდ ცალკე თემაა. ნეილონი სწრაფად რომ არ გახეულიყო, თავდაპირველად ყინავდნენ. თუ ისარი წავიდოდა, ფრჩხილის ლაქს იყენებდნენ. არაერთხელ დაკემსილ კოლგოტს მაინც არ აგდებდნენ, შარვლის ქვეშ იცვამდნენ.

საბჭოთა ქალების კიდევ ერთი სასარგებლო ჩვევა: ტანსაცმელს და საწოლის თეთრეულს საკუთარი თავისა და სხვებისთვის თავად კერავდნენ.