ეტლში მჯდომმა მამაკაცმა მიტოვებული მაღაზია იუთუბის ვიდეოების ყურებით საცხოვრებელ სახლად გადააკეთა

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მიზანდასახული ადამიანისთვის, რომელსაც ოცნება აქვს, შეუძლებელი არაფერია. ერთმა ჩვეულებრივმა მამაკაცმა, რომელიც წლების წინ ფეხების გარეშე დარჩა, ეს ჭეშმარიტება დაამტკიცა. მინსკში მცხოვრებმა ვიაჩესლავმა მიტოვებული მაღაზიის ოცნების სახლად გადაქცევა მოახერხა.

ისე მოხდა, რომ მინსკელმა ბიზნესმენმა ვიაჩესლავ ვრუბლევსკიმ არა მხოლოდ ფეხები, არამედ ბიზნესი დაკარგა, რომლის მოგვარებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. რამდენიმე წელი ოთახის არომატიზატორების წარმოებით იყო დაკავებული, მაგრამ არა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო არომატიზატორებით, რომელსაც მიჩვეული ვართ. მისი კომპანია აღჭურვილობას და განსაკუთრებულ სუნებს აწარმოებდა, რომელსაც მაღაზიებში მყიდველების მოსაზიდად იყენებენ. ვის არ ახსოვს ახალი ფუნთუშების მათრობელა სუნები, თუმცა მათ მაღაზიაში ნამდვილად არ აცხობენ? მის წარმოებაში ოფისის არომატიზატორებიც იყო, რომელიც დიდ შენობაში სიჯანსაღის, ყვავილების, ტყის, ხის არომატების და ბევრი სხვა სურნელის გავრცელებას ხელს უწყობს.

როცა წარმოების გაფართოების დრო მოვიდა, დედაქალაქთან ახლოს, პატარა სოფელში, კოტიაგში, ერთ–ერთ აუქციონზე მიტოვებული მაღაზიის შეძენა მოახერხა. მაშინ ახალი იდეით გატაცებულ ბიზნესმენს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამ მიზნისთვის შენობის გამოყენების საშუალებას არ მისცემდნენ, რადგან მაღაზია დასახლებული პუნქტის ცენტრში მდებარეობდა, სადაც მსგავსი პროდუქციის განთავსება აკრძალული იყო.

იმ დროს ოჯახთან ერთად მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არანაირი აღჭურვილობა არ იყო. სწორედ ამიტომ, უმეტესობა მათგანს საკუთარ ბინაში დარჩენა უწევდა. ვიაჩესლავს გაუმართლა, ზოგჯერ ბიზნეს პარტნიორი გარეთ გასვლაში ეხმარებოდა, მაგრამ უმეტესად სახლში იყო იმის მიუხედავად, რომ პროთეზები ჰქონდა. სწორედ მაშინ, ძველი მაღაზიის გადაკეთების იდეა გაუჩნდა. გადაწყვიტა, საოცნებო საცხოვრებელ სახლად გადააკეთებინა. როგორც ქალაქელ ბიჭს ყოველთვის მიწაზე დამოუკიდებელი ცხოვრება იზიდავდა, ახლა ჯანმრთელობის პრობლემები გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნიდა და თავისუფალ მოძრაობას უზღუდავდა.

ყველაფერი დეტალურად გათვალა, ცოლს რჩევა ჰკითხა და საცხოვრებლად უვარგისი შენობის რეკონსტრუქციას შეუდგა. მეგობრები, ნათესავები და ადგილობრივები იდეას უწუნებდნენ, გიჟად თვლიდნენ, მაგრამ ვრუბლევსკის ოჯახი საქმეს აქტიურად შეუდგა. სპეციალისტებმა საპასუხისმგებლო და რთული საქმეები შეასრულეს, რადგან გასაგები მიზეზით ვიაჩესლავი ზოგიერთ საქმეს ვერ ასრულებდა, თან უცნობი საქმის ხელში აღების ეშინოდა, რადგან არც მას და არც მის მეუღლეს სამშენებლო გამოცდილება არ ჰქონდა. აღიარებს, რომ ბევრი საქმის შესრულება დამოუკიდებლად და სპეციალური უნარების გარეშეც შეიძლებოდა. მაგალითად, ბათქაშის წასმა და კედლების შეღებვა, თბილი იატაკის დაგება, კაფელის დაგება სააბაზანო ოთახსა და სამზარეულოში, წყლის მილების და დენის გაყვანა.

რა თქმა უნდა, პროფესიონალებს კედლები უნდა გაემაგრებინათ და ჭერი თავიდან გაეკეთებინათ, მაგრამ სხვა საქმის შესრულება მათ გარეშეც შეიძლებოდა. ასე დაიბადა იდეა, რომ მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ცოლთან ერთად შეასრულებდა, რომ პროცესი დაეჩქარებინათ, რადგან შვილის 7 წლის იუბილე ახლოვდებოდა, რომელსაც შემოდგომაზე სკოლაში წასვლა უწევდა. მშობლებს სურდათ, რომ შვილს სკოლიდან სკოლაში არ გადასულიყო და თავიდანვე ერთ ადგილს მიჩვეულიყო.

Novate–ს ინფორმაციით, როგორც კი კომუნიკაციები გაიყვანეს, გათბობა ჩართეს და საცხოვრებლად მინიმალური პირობები მოაწყვეს, ოჯახი საბოლოოდ სოფელში გადავიდა. ასე სახლის მოპირკეთება უფრო დაჩქარდა, რადგან მუდმივად ქალაქში წასვლა არ უწევდათ. მამაკაცმა მოსაპირკეთებელი სამუშაოების უმეტესობა ინტერნეტით და იუთუბის ვიდეოებით შეისწავლა, სადაც ხელოსნები და კრეატიული თვითნასწავლები საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებდნენ.

ვიაჩესლავმა გაანალიზა, თუ რა იქნებოდა მისი სახლისთვის უკეთესი ვარიანტი და საინტერესო იდეების განხორციელება დაიწყო. მათ შორის ელექტროენერგიის შესახებ ექსპერიმენტი, მას შემდეგ, რაც ხელოსანმა დახმარებაზე უარი უთხრა. „ხელოსანს ვთხოვე, რომ ელექტროენერგია ისე გაეყვანა, რრომ ჩამრთველები რამდენიმე ოთახში მუშაობდეს, რომ სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოსა და დერეფანში სინათლე გამეკონტროლებინა, ხოლო დერეფნიდან – მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში და ა.შ. ასე ჩემთვის უფრო მოსახერხებელია – ნაკლები მოძრაობა. მიპასუხა, რომ შეუძლებელი იყო. ცოტა წავიკითხე, რამდენიმე საათი დავხარჯე და გავაკეთე. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივია“ – ამბობს საზრიანი მეპატრონე.

სარემონტო სამუშაოებში ცოლი მუდმივად ეხმარებოდა, რომელმაც ისწავლა ბათქაშის წასმა, კუთხეების გასწორება, საღებავის შერჩევა და ა.შ. ერთად უფრო სწრაფად და ხარისხიანად ასრულებდნენ, თუმცა შეცდომებს გვერდი ვერ აუარეს. ამ ნაკლოვანებებს მხოლოდ თავად ამჩნევდნენ, სტუმრები ნამდვილად ვერ მიხვდებიან. მით უფრო, იმის ცოდნით, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღეს მეპატრონეებმა, ხარვეზების ძიებას არავინ დაიწყებს.

ამ დროისთვის, საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა, ფინანსებიც დამთავრდა, სიზარმაცემაც გაიმარჯვა, რადგან მოსაპირკეთებელი სამუშაოების უმეტესობა უკვე დასრულდა და ახლა უბრალოდ დასვენება და მოდუნება სურთ. ასეთი მოსადუნებელი მომენტები იშვიათად ხდება. სახლის მეპატრონე უკანა ეზოში დიდ ტერასაზე ოცნებობს, რომ ზაფხულში საღამოს ოჯახთან ერთად ჩაი დალიოს და სოფლის პეიზაჟით დატკბეს.

საინტერესო ფაქტი: ვიაჩესლავმა მაღაზია მხოლოდ 10 ათასი რუბლად (441 ლარი) შეიძინა, მაგრამ არარენტაბული მაღაზიის აღდგენასა და მყუდრო საცხოვრებელ კორპუსად გადაკეთებაში დიდი თანხა დახარჯა. ოჯახი აღიარებს, რომ ცოდნოდათ, რამდენი ხარჯი მოყვებოდა ტრანსფორმაციას, საქმეს ხელს არ მოკიდებდნენ. რემონტზე 25 ათასი დოლარი ჰქონდათ გათვლილი, მაგრამ 4-ჯერ მეტი დახარჯეს და საქმე ჯერ არ დასრულებულა.